სიახლეები

სეზონური გრიპი და მისი პრევენცია

გრიპი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას. გრიპის სიმპტომები იწყება უეცრად და გრძელდება რამოდენიმე დღიდან კვირამდე.

ძირითადი სიმპტომებია: ცხელება და შემცივნება, ხველა, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა.

გრიპით გამოწვეული სერიოზული გართულებების რისკი იზრდება ისეთი ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას, როგორიცაა:

უკიდურესი სიმსუქნე, ასთმა, ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ასპირინით ხანგრძლივი თერაპია ბავშვებში, თირკმლის ქრონიკული დაავადება, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, გულის პრობლემები, დიაბეტი, ნევროლოგიური პრობლემები და ნეირო-ფსიქიკური განვითარების დარღვევები.

გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნოთ, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ახლა და ყოველ წელს გრიპის სეზონის დაწყებამდე, ეს არის საუკეთესო გზა:

  • შეამციროთ გრიპით დაავადების ალბათობა
  • შეამციროთ მძიმე ავადობის, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკი.

თუ თქვენ ხართ ჯანდაცვის მუშაკი ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა ან გადასცილდით 65 წელს ან ხართ ორსული ქალბატონი, ვაქცინაციის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

2017–2018 წლის სეზონისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი იქნა 27 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მძიმე გართულებების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პირებისა და  სოციალურად მნიშვნელოვანი სამედიცინო პერსონალისთვის.

2017-2018 წლის გრიპის სეზონისთვის, საქართველოში ვაქცინაციისთვის  რისკის პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა:

•    18 წლამდე ასაკის დიაბეტის მქონე პირები;

•    დიალიზზე მყოფი პირები;

•     C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);

•     აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;

•      ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;

• სამედიცინო დაწესებულებაში  მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების/სამსახურების თანამშრომლები;

•     ორსულები.

აღნიშნული კონტინგენტის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  განხორციელდება ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.

ვაქცინაცია უსაფრთხოა. ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები იშვიათი და  მსუბუქია; ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ტკივილი და სიწითლე ვაქცინაციის ადგილას; ძალზე იშვიათად – თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, დაღლის შეგრძნება, გულისრევა. ვაქცინაციის  გვერდითი ეფექტები,  გრიპისგან განსხვავებით, არის მსუბუქი და ქრება სწრაფად.

გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ! გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია!  ვაქცინაცია უსაფრთხოა!

დღეისთვის გრიპის ვირუსი საქართველოში არ ცირკულირებს, თუმცა 200-მდე სხვა ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს გრიპისმაგვარი დაავადება!

  • გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! ექიმს შეუძლია განსაზღვროს რა ტიპის მკურნალობა გესაჭიროებათ!
  • იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
  • გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები გამომწვევის იდენტიფიკაციისთვის არ ესაჭიროებათ.

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  (www.ncdc.ge)