ექიმის რჩევები, სიახლეები

რას წარმოადგენს მენსტრუაციული ციკლი

menstruatsiuli-cikli

იმისათვის რომ გავერკვეთ მენსტრუაციული ციკლის ამა თუ იმ დარღვევაში, ჯერ ვისაუბროთ იმაზე თუ რას წარმოადგენს მენტრუაციული ციკლი, ფიზიოლოგიურად რამდენდღიანი შეიძლება იყოს ის და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მენსტრუაციული გამონადენი?

მენსტრუაციული ციკლი არ გულისხმობს იმ პერიოდს როდესაც ქალს აქვს საშოდან სისხლიანი გამონადენი, არამედ ეს არის პერიოდი მენსტრუაციის პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღემდე. მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში ქალს აღენიშნება ხანმოკლე სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან, რომელიც გამოწვეულია სქესობრივად მომწიფებული ქალის ორგანიზმში რიტმულად მიმდინარე ნერვულ-ენდოკრინული, ჰისტოვასკულარული ცვლილებებით და საშვილოსნოს შეკუმშვით. ეს პროცესი ესე გრძელდება სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე, რაც რეგულირდება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-საკვერცხის და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებით.

მენარქე, ანუ პირველი მენსტრუაცია, როგორც წესი 10-14 წლის ასაკში იწყება და მთავრდება დაახლოებით 45-55 წლის ასაკში. თავდაპირველად მენსტრუაციული ციკლი შესაძლოა იყოს არარეგულარული(ანუ მენარქედან 1-1,5 წლის განმავლობაში), თუმცა შემდგომ როგორც ციკლის, ასევე თავად მენსტრუაციის ხანგრძლივობამ და გამონადენის რაოდენობამ უნდა მიიღოს რიტმული, რეგულარული ხასიათი. მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ნორმაში 21-დან 35 დღემდე მერყეობს, უმეტესად კი 28 დღეში 1ჯერ აღენიშნებათ.

მენზესი (მენსტრუაციული სისხლიანი გამონადენი) ჩვეულებრივ 3-7 დღე გრძელდება, ხოლო სისხლის საერთო დანაკარგი ამ პერიოდში არ აღემატება 50-150მლ-ს. თუ ქალი უჩივის მოჭარბებულ სისხლდენას, ან ციკლის გახანგრძლივებას, აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია და მიზეზის დადგენა, რათა მოხდეს დროული რეაგირება, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, მათგან ყველაზე ხშირია:

  1. საკვერცხის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ( ჰორმონალური დისფუნქცია, სხვადასხვა წარმოშობის ცისტის, იგივე კისტის არსებობით საკვერცხეში).
  2. საშვილოსნოს ღრუში რაიმე პათოლოგიის არსებობით (ენდომეტრიუმის პოლიპი, ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს მიომური კვანძების არსებობა, განსაკუთრებით კი სუბმუკოზური კვანძის ანუ საშვილოსნოს ღრუში მზარდი კვანძის არსებობით).
  3. მცირე მენჯის ღრუს ანთებითი პროცესით.

ხოლო მენსტრუაციული სისხლდენის გაძლიერების მიზეზი შესაძლოა იყოს გარემო ფაქტორებიც: ცხელი შხაპი, ორგანიზმის გადახურება, ცხარე საკვების, ალკოჰოლის მიღება, ემოციური და ფიზიკური გადაძაბვა, ამიტომ რეკომენდირებულია ქალი მოერიდოს აღნიშნულ ფაქტორებს განსაკუთრებით მენსტრუაციის განმავლობაში.

მენსტრუაციის დასაწყისად მიიჩნევა მენსტრუაციული ციკლის პირველი დღე, ამ დროს ხდება საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული შრის ჩამოფრცქვნა, არტერიოლების დაზიანება, რაც გამოიხატება მენსტრუალური სისხლიანი გამონადენით.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიაა. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აღენიშნება, ყველა ასაკში გვხვდება და მოითხოვს დროულ ჩარევას, განსაკუთრებით კი რეპროდუქციულ ასაკში. ვინაიდან ახალგაზრდა ქალები უყურადღებობამ შესაძლოა უშვილობამდეც მიიყვანოს.

რსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპები:

  • პირველადი ამენორეა (როდესაც ქალს მენსტრუაცია არასოდეს არ ჰქონია), ამის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, კერძოდ:
  1. ქრომოსომული ანომალია – გონადების ( სასქესო ჯირკვლების ) დისგენეზია,
  2. ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის როგორც ფუნქციური,ასევე ორგანული წარმოშობის დისფუნქცია,
  3. ანატომიური ანომალია – არაპერფორირებული საქალწულე აპკი.

მშობლის მხრიდან საყურადღებოა შემდგომი მდგომარეობები და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას:

  • თუ გოგონას 16 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ მოსვლია მენარქე;
  • 14 წლის ასაკში არ გამოვლენილა სქესობრივი მომწიფების ნიშნები – სარძევე ჯირკვლების ზრდა, სქესობრივი გათმიანება;
  • მეორადი სასქესო ნიშნების გამოვლენიდან 3 წლის განმავლობაში არ აღენიშნა მენარქე;
  • ასაკთან შეუსაბამოა სიმაღლის და წონის მაჩვენებელი;
  • პეორადი ამენორეა – მენსტრუაციის არარსებობა 6 ან მეტი თვის განმავლობაში ნორმალური ან დარღვეული მენსტრუალური ციკლის ფონზე.
    ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს: ორსულობით, სხეულის მასის მკვეთრი კლებით,ძლიერი ფიზიკური გადატვირთვით, საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომით, ნაადრევი მენოპაუზით, ჰიპერპროლაქტინემიით და ა.შ.
  • ოლიგომენორეა ანუ შემცირებული მენსტრუაცია, ამ დროს მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა 35 დღეზე მეტია;
  • პოლიმენორეა ანუ ხშირი მენსტრუაციები, როდესაც შუალედი მენსტრუაციათა შორის 21 დღეზე ნაკლებია;
  • ჰიპომენორეა – მწირი მენსტრუაცია;
  • მენორაგია- ჭარბი მენსტრუაცია (ფაქტობრივად სისხლდენა);
  • ალგოდისმენორეა – მტკივნეული მენსტრუაცია.

მინდა აღვნიშნო ასევე ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ პრეპარატებზეც, ვინაიდან საკმაოდ ხშირად და არამართებულად ხდება მისი გამოყენება. მათი არასწორი მიღება იწვევს მენსტრუაციათაშორის სისხლიან გამონადენს, ეს დარღვევა დროებითია და როგორც წესი თავისთავად გვარდება, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება დოზის კორექცია, უფრო მაღალ დოზირებულ კონტრაცეპტივზე გადაყვანა მდგომარეობის გამოსასწორებლად, ამიტომაც კონტრაცეპტივების არასწორი მიღება ან თვითნებურად მის შეწყვეტას შესაძლოა მოყვეს სისხლდენაც, რაც იწვევს ანემიის განვითარებას,ორგანიზმის დასუსტებას, საშვილოსნოს და მისი დანამატების ინფექციურ დაავადებებს,რთულ შემთხვევაში შესაძლოა ჰემორაგიული შოკიც განვითარდეს.

თვითმკურნალობა:
  • მეგობრის თუ ნათესავის რჩევით ჰორმონული პრეპარატების მიღება დაუშვებელია!

ამან შესაძლოა მდგომარეობა მეტად დაამძიმოს, არადიაგნოსტირებული დარჩეს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა: საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიუმის პოლიპი, ჰიპერპლაზია, ენდომეტრიოზი, სასქესო ორგანოების სიმსივნური პროცესი, რომელიც რეალურად მხოლოდ ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს.

რაც შეეხება მკურნალობას, ის მენსტრუაციული ციკლის დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული. თავდაპირველად უნდა მოხდეს მიზეზის დადგენა,რომელიც ხშირად არაერთია, განისაზღვროს ჰორმონალური სტატუსი, ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, საჭიროებისამებრ თირკმელზედა ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის ). ზოგჯერ საჭიროების მიხედვით ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის ჩარევა, თავის ტვინის რენტგენოგრაფია თურქული კეხის აღწერით და კომპიუტერულ-რეზონანსული ტომოგრაფია, მხოლოდ და მხოლოდ ასეთი დეტალური გამოკვლევების შემდეგ უნდა დაინიშნოს კომპლექსური კონსერვატიული მკურნალობა, ზოგიერთ პათოლოგია კი ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს.

ამიტომაც რეკომენდაციის სახით მინდა ვურჩიო გოგონებს რომ ნებისმიერი სახით, თუნდაც მსუბუქად გამოვლენილი დარღვევის დროული რეაგირება, ეფექტური მკურნალობის საწინდარია, რაც თავიდან აგვაცილებს შემდგომ გართულებებს და შედეგიც უფრო მალე მიიღწევა!

ექიმი, მეან-გინეკოლოგი ნათია ჭიტაძე