ჯანმრთელი კვება

სასარგებლო პროდუქტის ფარული საფრთხე

სასარგებლო პროდუქტის ფარული საფრთხეჯანსაღ კვებას, მართალია, ჯანმრთელობისა და სილამაზის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიიჩნევენ, მაგრამ ზომიერების გარეშე მას დიდი ზიანის მოტანაც შეუძლია.

უჯრედისი – უშვილობის მიზეზი?
ამერიკელმა მეცნიერებმა ეჭვქვეშ დააყენეს დიეტოლოგების მიერ ესოდენ ნაქები უჯრედისის სარგებლიანობა, რა თქმა უნდა, მისი ჭარბი მოხმარების შემთხვევაში. ის საკვები პროდუქტების, ბოსტნეულის, პარკოსნების, მარცვლოვნების ყველაზე უხეში ნაწილია, რომელსაც კუჭ-ნაწლავი არ გადაამუშავებს, თუმცა ის უმნიშვნელოვანესია ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის.
უჯრედისი აუმჯობესებს ნაწლავთა სასარგებლო მიკროფლორას და ისრუტავს ორგანიზმში არსებულ მავნე ნივთიერებებს. მიუხედავად ამისა, დიდი რაოდენობით უჯრედისის მიღება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის. როგორც აღმოჩნდა, მდედრის ორგანიზმში უჯრედისის მაღალი დონე საგრძნობლად აქვეითებს ჩასახვისთვის აუცილებელი ჰორმონების გამომუშავების პროცესს.

მარადიული ახალგაზრდობისკენ სწრაფვა ინფარქტით სრულდება
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანტიოქსიდანტები, რომლებიც, სპეციალისტთა აზრით, ახალგაზრდობას ახანგრძლივებს და ორგანიზმს ასაკობრივი პრობლემებისგან იცავს, ჭარბი რაოდენობით მავნებელია. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ორგანიზმს ესაჭიროება არა მარტო ”ანტი”, არამედ პროოქსიდანტებიც. ეს უკანასკნელი ისე სასარგებლო არ არის, როგორც პირველი, თუ ანტიოქსიდანტები ჟანგვის, ანუ ორგანიზმის ნგრევის პროცესს ანელებს, პროოქსიდანტები – აჩქარებს.

მიუხედავად ამისა, მათ შორის ბალანსის დაცვა აუცილებელია და ოდნავი გადახრაც კი, თუნდაც ”სასარგებლო” მხარეს, ორგანიზმისთვის არაბუნებრივი და სახიფათოა. ხანგრძლივმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ დისბალანსის, ანუ ანტიოქსიდანტების სიჭარბის დროს ორგანიზმი ”იბნევა”, ირღვევა ჟანგბადის მიწოდების პროცესი, ვითარდება კუნთების საერთო სისუსტე და სუნთქვის პრობლემები.

ანტიოქსიდანტები უხვად მოიპოვება ხილსა და ბოსტნეულში, წითელ ღვინოსა და მწვანე ჩაიში. ასე რომ, მიირთვით ზომიერად და იყავით ჯანმრთელი.