დაავადებები, შარდსასქესო სისტემა

პროსტატიტი

https://lh3.googleusercontent.com/-ZhDm0SxORf4/T0zR8nSAffI/AAAAAAAACKk/7yKIj7Hf_Oc/s300/prostatit_1.jpgპროსტატიტი არის წინამდებარე ჯირკვლის ანთება, რომელიც მკურნალობის გარეშე იმპოტენციის ან უნაყოფობის მიზეზად იქცევა ხოლმე.
დაავადება იწყება 16-17 წლის ასაკიდან, ანუ სპერმატოგენეზის ჩამოყალიბების შემდეგ 50 წლამდე ასაკის მამაკაცებში.

არსებობს პროსტატიტის გამომწვევი უამრავი რისკ-ფაქტორები:

  • ალკოჰოლის ან ნიკოტინის ჭარბი მოხმარება;
  • მიკროცირკულაციის მოშლა – რაც უმეტესად მენჯის ვენებში სისხლის სტაზის (შეგუბების) შედეგია;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები;
  • ალერგიული ფონი;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი და სხვა – მათი არასწორი მკურნალობისას ვითარდება პროსტატიტი;
  • ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ქვედა კიდურების გაციება წყალში დგომის ან გადაძაბვის შედეგად.

პროსტატიტის დროს ხშირად ვითარდება ახლომდებარე ორგანოების ანთებაც, რის გამოც ადგილი აქვს კომბინირებულ ანთებით პროცესებს:

  • პროსტატოვეზიკულიტი ანუ პრისტატიტი და სათესლე ბუშტუკების ანთება;
  • პროსტატოურეთრიტი ანუ პროსტატიტი და შარდსადენი მილის ანთება;
  • პროსტატოეპიდიდიმიტი ანუ პროსტატიტი და სათესლე ჯირკვლის დანამატების ანთება;
  • პროსტატოცისტიტი.

აქედან გამომდინარე, პროსტატიტის კლინიკური ნიშნები ძალიან ფართო დიაპაზონს მოიცავს. არსებობს სიმპტომები, რომლის გამოც პაციენტები ყველაზე ხშირად აკითხავენ ექიმს, ისინი იყოფა რამოდენიმე ჯგუფად:
ტკივილი წინამდებარე ჯირკვლის ან მენჯის არეში;

მოშარდვის აქტთან დაკავშირებული სიმპტომები:

  • გახშირებული შარდვა;
  • გაძნელებული შარდვა;
  • მტკივნეული შარდვა;
  • წვა მოშარდვისას;
  • ქავილის შეგრძნება შარდსადენ მილში;
  • მოშარდვის ცრუ სურვილი;
  • დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ;
  • ტკივილი ურეთრაში;
  • გამონადენი ურეთრიდან – კუჭში გასვლის ან გაჭინთვისას ურეთრიდან ლორწოს სახით გამოდის პროსტატის წვენი.

სქესობრივ დისკომფორტთან დაკავშირებული სიმპტომები:

  • იმპოტენცია ანუ ნებისმიერი სახის სქესობრივი უძლურება;
  • ლიბიდოს ანუ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;
  • უნაყოფობა;
  •  ნაადრევი ან გახანგრძლივებული ეაკულაციის ნიშნები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაავადება ხშირად იმდენად ფარულად და თანდათანობით მიმდინარეობს, რომ ავადმყოფი ვერაფერს ამჩნევს და ჩვეულ მდგომარეობად მიაჩნია.

პროსტატიტი იყოფა ფორმებად:

  • მწვავე;
  • ქვემწვავე;
  • ქრონიკული – ის შემთხვევათა 90%-ში გვხვდება.

პროსტატიტის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:

  • ანამნეზი;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

პროსტატიტი ხშირად რთულდება იმპოტენციით ან უნაყოფობით, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
პროსტატიტზე ეჭვის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.