ჯანმრთელი კვება

რომელი სეზონური ხილით შეგიძლიათ გაიძლიეროთ იმუნიტეტი

სეზონური ხილი - იმუნიტეტიდღეს ბევრი ადამიანი უჩივის საერთო სისუსტეს, მალე დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი იმუნიტეტი დაქვეითებულია და ის სასწრაფო აღდგენას საჭიროებს.

იმუნიტეტის დონე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ცხოვრების წესი აქვს ადამიანს:

იღებს თუ არა ის საჭირო ვიტამინებს, ნახშირწყლებს, ცილებსა და ამინომჟავებს საკვებიდან. ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა შემოვიდა ახალი ხილი და ბოსტნეული და, თუ თქვენ იმუნიტეტის ამაღლებასთან ერთად სასურველი წონის შენარჩუნება ან ზედმეტი კილოგრამების დაკლება გსურთ, მაშინ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ექიმი-დიეტოლოგის, ქალბატონ ასმათ კევლიშვილის რჩევა-დარიგებები.

ადამიანმა რომ თავი მხნედ, ჯანმრთელად და ძლიერად იგრძნოს, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება სწორ და სრულფასოვან კვებას. გეტყვით იმასაც, რომ სწორი კვება ადამიანის განვითარებისთვისაც აუცილებელია. არასწორად შერჩეული კვების რაციონი კი ათასგვარი დაავადების გამწვავების საწყისია. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ მოხმარებული საკვები ძირითადად ქიმიური, სინთეტიკური, რაფინირებული და გენმოდიფიცირებულია, ასევე, ის შეიცავს მასტიმულირებელ ნივთიერებებსაც. ანუ, მათში საერთოდ არ არის ის საზრდო, რამაც უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ ორგანოების მუშაობა, მთელი ორგანიზმის ფუნქციონირება და, ზოგადად, იმუნიტეტის საჭირო დონე,

– ამბობენ, მოხმარებული საკვები და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშიაო. ამაზე რას იტყვით?

– მე, როგორც ექიმი-დიეტოლოგი, ამ მოსაზრებას ვეთანხმები. ორგანიზმი არის თვითმარეგულირებელი სისტემა, რომლისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ბუნებრივი საწვავი, მაგალითად, ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები და არა ხელოვნური საწვავი. რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობასა და საკვებს შორის კავშირს, ეს კვლევებმაც დაადასტურა. როგორც აღვნიშნეთ, ბევრი დაავადების მიზეზი არასწორი კვება და ცხოვრების წესია, აქედან გამომდინარე კი, ეჭვი არ არის, კვებაზეა დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობა. ზოგი ცდილობს, რომ წლის გარკვეულ პერიოდში ორგანიზმი თავისივე მეთოდებით მოამარაგოს, კერძოდ, დატვირთული კვება უნდა ჰქონდეს და, ამიტომ, იღებს ისეთ საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, სახამებელს და ასე შემდეგ. ზოგი კი, პირიქით, ფიქრობს, რომ წლის გარკვეულ პერიოდში ფორმაში უნდა იყოს, ნაკლებ საკვებს იღებს და ცდილობს, ასე არეგულიროს წონა და დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები. ასეთი მიდგომა საკუთარი ჯანმრთელობისა და ორგანიზმის მიმართ არასწორია.

– იქნებ, დააკონკრეტოთ და განგვიმარტოთ, როცა ადამიანს თავისი ცხოვრების წესში ცვლილებები შეაქვს, ანუ რაციონს თავისი შეხედულებისამებრ ცვლის, რა უნდა გაითვალისწინოს მან, რომ არ ავნოს საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს?

– გეტყვით, რომ ამ დროს ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო. ხშირად კი ადამიანები ამას გაუთვითცნობიერებლად აკეთებენ, მხოლოდ ახლობლების რჩევების გათვალისწინებით: იწყებენ თავისი კვების რაციონის შეცვლას. ყოველთვის ვამბობ, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ისე გამოიკვებოს, როგორც მას სურს, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, თუ ორგანიზმს საჭირო ელემენტებითა და, ვიტამინებით არ მოვამარაგებთ, ის დიდხანს ვეღარ გვემსახურება და, შესაძლოა, ძალიან მალე სავალალო შედეგამდეც კი მივიდეთ. ორგანიზმი სწორად უნდა მართოთ და არა სურვილისამებრ. მეტი ყურადღება სრულფასოვან, ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტს უნდა მიანიჭოთ, რომ ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაიხანგრძლივოთ. ახლა ის პერიოდია, როცა ადამიანის ორგანიზმი ითრგუნება, დეპრესიულია, შენელებულია ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ამიტომ, საჭიროა, დროულად ვიზრუნოთ იმ სასიცოცხლო ძალების აღდგენაზე, რომელიც მას ფუნქციონირებისთვის სჭირდება. არ უნდა იშიმშილოთ იმის გამო, რომ გახდეთ და ტანი უმოკლეს დროში დაიყენოთ, პირიქით, ისე უნდა შეარჩიოთ კვების რაციონი, რომ დანაყრდეთ მსუბუქად.

გამორიცხეთ ის ცილოვანი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმოვან ტოქსიკურ მჟავებს. ასევე, უნდა გამორიცხოთ სახამებლები. მე იმას არ ვამბობ, რომ ცილები, ცხიმები და სახამებელი საერთოდ გამორიცხოთ, მაგრამ, საჭიროა, ისინი მცირე ოდენობით მიაწოდოთ ორგანიზმს. ასევე, უნდა ჭამოთ ბუნებრივი საკვები, დიდი რაოდენობით ახალი ხილი და ბოსტნეული.

წელიწადის ნებისმიერ დროს უნდა იკვებოთ სწორად, სპეციალისტის, კერძოდ ექიმი-დიეტოლოგის რეკომენდაციის შესაბამისად, იმ საკვებით, რომელიც სამკურნალო კვებაში მოიაზრება და გამოჯანმრთელების პროცესს უწყობს ხელს. აუცილებელია, იზრუნოთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე, რომ გაციებებს, ვირუსებსა და ათასგვარ ინფექციურ დაავადებას აარიდოთ თავი. ამისთვის კი მიირთვით მარწყვი, ბალი, ალუჩა, სხვადასხვა ბოსტნეული, როგორც მოხარშული, ისე ცოცხალი, სალათის სახით. ასევე, აუცილებელია ორგანიზმის მომარაგება C ვიტამინით, ამიტომ მიირთვით კივი, ვაშლი, ციტრუსები, გოგრა. ეს პროდუქტი არაჩვეულებრივად აძლიერებს და ამყარებს ადამიანის იმუნურ სისტემას. კიდევ ვამბობ, ჩვენი ჯანმრთელობის მთავარი პრინციპი სწორი კვებაა.

– ამ სეზონზე, წვნიანი ხილის ჭამის შემდეგ ბევრი უჩივის წნევის მატებას. დაბალწნევიანი ადამიანებისთვის კი ეს სეზონი მეტად შემაწუხებელია. ამაზე რას იტყვით?

– ხშირად, ჭარბი წონის მიზეზი მომატებული წნევაა. ამ დროს კი ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება კვებას უნდა მიაქციოს. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანებს წონაც აწუხებთ და ხშირად იტანჯებიან წნევისგან გამოწვეული არასასიამოვნო შედეგებით. მართალია, ამ დროს მიმართავენ მედიკამენტურ მკურნალობას, მაგრამ მისი ეფექტი დროებითია. ასეთ დროს საჭიროა, სწორად განსაზღვროთ საკვები რაციონი. როგორც მაღალი, ასევე დაბალი წნევის მქონე ადამიანებისთვის, კონკრეტული სამკურნალო დიეტის დაცვა, უბრალოდ, აუცილებელია და მაქსიმალურად დადებითი ეფექტი მოაქვს. როგორც დაბალი, ასევე მაღალი წნევის დროს, შიმშილი ან რომელიმე განსაკუთრებით საჭირო პროდუქტის თვითნებურად აკრძალვა ნამდვილად არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადება კიდევ უფრო გამწვავდეს. ყველა ადამიანი ინდივიდია და თავისი მოთხოვნილება აქვს კვებაზე, ამიტომ, არ უნდა აიძულოთ თავი, რამეზე უარი თქვათ.

ჭამეთ სუფთა, ტექნოლოგიურად სწორად მომზადებული სეზონური საკვები. ბევრი დღეში მხოლოდ ერთ კიტრსა და ცოტაოდენ მოხარშულ ხორცს ჭამს, რომ გახდეს. მაგრამ, ამით კიდევ უფრო დააკლებს ორგანიზმს ფერმენტებს და, შესაძლოა, არა მარტო წნევის ცვალებადობა, არამედ იმუნიტეტის ისეთი მკვეთრი დაცემაც გამოიწვიოს, რომ დიდხანს იგრძნოს თავი სუსტად და მკურნალობისთვის ხანგრძლივი დროც კი დასჭირდეს. ვერ ვხვდები, რატომ ატარებენ ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ექსპერიმენტებს, მაგრამ, ალბათ, ეს უცოდინრობით ხდება. მერწმუნეთ, არ არსებობს დაავადება, რომელსაც თან ახლავს ჭარბი წონა, რომ არ შეიძლებოდეს სპეციალისტის მიერ შერჩეული დიეტით გახდომა. მაგრამ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ დიეტა უნდა იყოს ინდივიდუალური დაავადების ადეკვატური და ექიმის მიერ შერჩეულ-დანიშნული. როცა ნივთიერებათა ცვლა, სისხლის მიმოქცევა, კუჭ-ნაწლავის პრობლემა და სხვა ორგანოთა მუშაობა მოწესრიგებულია, ადამიანს სიმსუქნე არ აწუხებს.

სიმსუქნე, როგორც დაავადება, ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დარღვევებზე მიუთითებს. თუ მის გამომწვევ მიზეზს სწორად გაარკვევთ, შესაბამის მკურნალობას ჩაიტარებთ და სამკურნალო დიეტასაც დაიცავთ, მერწმუნეთ, პრობლემა მალევე მოგვარდება და შედეგით თავად გაოცდებით. როგორც ზემოთ ვთქვით, ახლა ის სეზონია, როცა უნდა იკვებოთ ხილ-ბოსტნეულით და, ამავდროულად, თეთრი პური ხორბლის ფაფით ჩაანაცვლოთ.

უნდა დალიოთ დღეში ორი ლიტრი სითხე, შესაძლოა, ეს იყოს, ახალი ხილისგან ახლად გამოწურული წვენი ან მინერალური წყალი, რათა ორგანიზმის გაუწყლოება აიცილოთ თავიდან. სხვათა შორის, ხორბლის ფაფა ძალიან კარგი გასახდომი ბუნებრივი საშუალებაა. თანაც, შეგიძლიათ, ის ცხიმთან ერთად მიირთვათ და ზედმეტი კალორიების მომატების არ შეგეშინდეთ, პირიქით, ის ორგანიზმში ზედმეტი და „ცუდი“ ცხიმების დაწვას უწყობს ხელს და შრომის უნარსაც ამაღლებს.