როგორი უნდა იყოს საუზმე
კარგა ხანს მიიჩნეოდა, ადამიანს მთელი დღის სამყოფი ენერგიის მისაღებად ნოყიერად უნდა ესაუზმა. მაგრამ თანამედროვე გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ნოყიერი საუზმე არათუ სასარგებლო, არამედ მავნებელიც კია.
მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევები, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ მკვლევრები ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ კვების დროს და სწავლობდნენ რაციონს. აღმოჩნდა, რომ მსუყე საუზმე ხელს უწყობს წონისა და სისხლის წნევის მომატებას. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ მაღალკალორიული საუზმე ცხიმად ლაგდება კანქვეშ, რადგან დილით ორგანიზმში გლუკოზის შემადგენლობა საკმაოდ მცირეა. აქედან გამომდინარე, მედიკოსები გვირჩევენ, მსუბუქად ვისაუზმოთ.
ამერიკელ მეცნიერთა აზრით, ყველაზე სასარგებლო საუზმეზე ჩვეულებრივი ერბოკვერცხია. კვერცხი დიეტური პროდუქტია და დიდი რაოდენობით პროტეინს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს, რაც, უპირველეს ყოვლისა, გონებრივ შესაძლებლობებზე მოქმედებს დადებითად. ბრიტანელი ექსპერტები კი საუკეთესო საუზმედ წვნიანს მიიჩნევენ, რადგან თხევადი კერძები ორგანიზმს სწრაფად აწვდის საჭირო მიკროელემენტებს. ასეთი კერძი დაგანაყრებთ კიდეც და ნაკლებკალორიულიც არის.
დილით ასევე შეგიძლიათ მიირთვათ დაბალკალორიული იოგურტი, მოხარშული კარტოფილი.
ვისაც დილით წვნიანის ჭამა არ სურს, მედიკოსები სხვა კერძებს სთავაზობენ: შვრიის ფაფას, რომელშიც, თუ გნებავთ, შეგიძლიათ ერთი ჩაის კოვზი თაფლი ან ბლენდერში ათქვეფილი ხილი (ვაშლი, ალუბალი, გარგარი) გაურიოთ. საუზმეზე კარგია ლიმონის წვენით ან იოგურტით შეზავებული ხილის სალათაც. სასურველია ისეთი ხილის გამოყენება, როგორიც არის ვაშლი, ბანანი, მსხალი.
კიდევ ერთი მსუბუქი საუზმე ხაჭოსა და ხილისგან (ციტრუსებისგან, ვაშლისგან) ან კენკრისგან შედგება.
წიწიბურას რძიანი ფაფა მცენარეულ ცილებსა და სასარგებლო მიკროელემენტებს შეიცავს.
ძალზე სასარგებლოა ასეთი სალათაც: გახეხეთ ნახევარი ბანანი და ნახევარი ვაშლი, დაუმატეთ ერთი კოვზი შვრიის ფანტელი და, სურვილისამებრ, მოასხით 200-250 გრამი კეფირი.