ორსულობა და მშობიარობა

კვება ორსულობის დროს

კვება ორსულობის დროსორსულობის ნორმალური მიმდინარეობის, ნაყოფის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისა და მშობიარობის ნორმალური წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს რაციონალური კვება წარმოადგენს.

სწორი კვება უდიდეს როლს თამაშობს ანემიის, ორსულთა ტოქსიკოზის, ნაყოფის ჰიპოქსიის, სამშობიარო ქმედებების ანომალიებისა და სხვა გართულებების პროფილაქტიკაში.
ქალი ორსულობის განმავლობაში წონაში დაახლოებით 8-11 კგ-ით იმატებს. ორსულობის პირველი და ბოლო სამი თვის განმავლობაში წონის დიდმა მატებამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს ნაყოფის მდგომაროებაზე. ორსულობის მეორე ნახევარში ქალი კვირაში საშუალოდ 300-350 გ უნდა იმატებდეს.

გასათვალისწინებელია, რომ ორსულის წონის მატება ნაყოფის (დაახლოებთ 3,5 კგ), საშვილოსნოს და სანაყოფე წყლების (650-900 გ), სარძევე ჯირკვლებს გადიდების (400 გ), მოცირკულირე სისხლის და უჯრედშორისი სითხის მოცულობის ზრდის (1,2-1,8 კგ) და მხოლოდ 1,6 კგ დედის ცხიმოვანი ქსოვილის ზრდის ხარჯზე უნდა ხდებოდეს.

რაციონალური კვებისთვის უმნიშვნელოვანეს პირობას განსაზღვრული კვების რეჟიმის დაცვა წარმოადგენს, რომლის დარღვევა ზიანს აყენებს დედას და არაკეთილსაიმედოდ მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე.

ორსულობის პირველ ნახევარში ქალის კვება მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს:

ორსულობამდე კვებისგან, მაგრამ საგულისხმოა, რომ ორსულობის I ტრიმესტრში ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი). ამიტომ ამ პერიოდში ორსულის ორგანიზმისთვის სრულფასოვანი ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ორსულობის ადრეული ვადიდან დაწყებული, ორსულობის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში, დაბალი სიმაღლისა (150 სმ) და წონის (50 კგ) ქალისთვის დღიური რაციონის კალორიულობა უნდა შეადგენდეს 2100-2300 კკალ. ამასთან, ცილები უნდა იყოს 90-100 გ, ცხიმები – 55-65 გ, ნახშირწყლები – 290-320 გ.
საშუალო სიმაღლის (155-165 სმ) და წონის (55-60 კგ) ქალისთვის დღიური კალორიულობა – 2400-2700 კკალ, ცილები – 110 გ, ცხიმები – 75 გ, ნახშირწყლები – 3350 გ.
მაღალი (170-175 სმ) ორსულებისთვის კი კალორიულობა – 2700-2900 კკალ, ცილები – 120-125 გ, ცხიმები – 75-85 გ, ნახშირწყლები – 360-400 გ.

ორსულობის პირველ ნახევარში მისაღებია ოთხჯერადი კვება შემდეგ საათებში:
საუზმე – 8.00-9.00 სთ;
სამხარი- 11.00-12.00 სთ;
სადილი- 14.00-15.99 სთ;
ვახშამი- 18.00-19.00 სთ და 21.00 – ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი. საუზმე უნდა შეადგენდეს დღიური რაციონის 30%-ს,
სამხარი – 20%-ს; სადილი – 40%-ს; ვახშამი კი – 19%-ს.

საკვების მიღების შემდეგ აუცილებელია აქტიური დასვენება. ორსულმა ვახშამი უნდა მიიღოს დაძინებამდე 2-3 საათის ადრე მაინც.

ორსულობის II ნახევარში ცილაზე მოთხოვნილება კიდევ უფრო იმატებს. ამიტომ დაბალი სიმაღლის ორსულის დღიური რაციონის კალორიულობა უნდა შეადგენდეს 2400-2600 კკალ, ცილები უნდა იყოს 100-110 გ, ცხიმები – 70-74 გ, ნახშირწყლები – 330-360 გ.

საშუალო სიმაღლის ორსულის შემთხვევაში კალურიულობა – 2800-3000 კკალ. ცილები – 120 გ, ცხიმები – 85გ, ნახშირწყლები – 400 გ.

მაღალ ორსულებში კი კალორიულობა – 3000-3300 კკალ, ცილები – 120-140 გ, ცხიმები – 85-100 გ, ნახშირწყლები – 410-440 გ.

ორსულობის მეორე ნახევარში მიზანშეწონილია 5-6-ჯერადი კვება. თანაც, ორსულმა დღის განმავლობაში მისაღები საკვების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ჭამოს დღის პირველ ნახევარში. საუზმე უნდა შეადგენდეს – 30%-ს, სამხარი – 15%-ს; სადილი – 40%-ს, ლანჩი – 5%-ს, ვახშამი – 10%-ს.
ორსულმა უნდა დაიცვას “პირამიდას” პრინციპი. ყველაზე მეტად ორსული ქალის ორგანიზმს ესაჭიროება პური, მარცვლეული კულტურები, ფაფეული და მაკარონის ნაწარმი. ეს არის პირამიდის საფუძველი. პირამიდაში შედარებით მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი რძის პროდუქტები, აგრეთვე ხორცი და პარკოსნები, კვერცხი და კაკალი. პირამიდის მწვერვალშია ცხიმები, ზეთი, ტკბილეული. მათი მიღება რეკომენდებულია მცირე რაოდენობით.

ორსულთათვის სასარგებლო პროდუქტებია:
მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
ყველანაირი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა;
ხორცი, თევზი, კვერცხი;
ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებად მარილიანი ყველი, ხაჭო.

ორსული უნდა მოერიდოს:
კოფეინის შემცველ სასმელს: ყავა, მაგარი ჩაი, “პეპსი”, “კოლა” და “კოკა-კოლა”; თუ ორსულს ძალიან სურს ამ სასმელების მიღება, მაშინ დღის განმავლობაში მაქსიმუმ 2 ჭიქა შეუძლია დალიოს.
ალკოჰოლს – დედის მიერ მიღებული მცირე რაოდენობით (1 ჭიქა) ალკოჰოლიც კი დიდი დოზაა ნაყოფისათვის. ის შეუფერხებლად გადის პლაცენტარულ ბარიერს და შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მას;
თამბაქოს მოწევას და მწეველებთან ერთ ოთახში ყოფნას;
ჭარბი რაოდენობით შაქარს და ტკბილ საკვებ პროდუქტებს: კანფეტი, შოკოლადი, ნამცხვრები;
საკვებში ჭარბი რაოდენობით მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს: მარინადები, მწნილები, საწებლები;
ცხოველური ცხიმის დიდი რაოდენობით მიღებას: კარაქი, არაჟანი, ხორცის ნახარში;
კონსერვირებულ (მათ შორის სახლის პირობებშიც) პროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით კონსერვანტებს შეიცავენ და შესაძლოა, ისეთი საშიში ინფექციის წყარო გახდნენ, როგორიცაა ბოტულიზმი.
არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძისაგან დამზადებულ პროდუქტებს.
ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს ან თევზს;
თოხლო და უმ კვერცხს.
ღვიძლისა და შიგნეულობისგან დამზადებულ საკვებს;

სითხეები ორსულობის დროს:
ორსულმა დღეში უნდა დალიოს სულ მცირე, 8 ჭიქა სითხე. თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის სითხის შეზღუდვა არ შეიძლება შეშუპებების დროსაც კი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ორსულმა დღეში არ მიიღოს სამ ჭიქაზე მეტი კოფეინის შემცველი სითხე: ჩაი, ყავა, გაზირებული წყალი (არამინერალური).
მეორე მხრივ, ორსულობის ბოლო თვეებში, როდესაც შარდის ბუშტი ქალს აიძულებს ტუალეტში არანაკლებ 45 წუთში ერთხელ იაროს, ზოგიერთი მეცნიერი შედარებით ნაკლები სითხის მიღებას ურჩევს.

ვიტამინები ორსულობის დროს:
ორსულ ქალს დიდი რაოდენობით რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა ესაჭიროება.
რკინით მდიდარია პარკოსნები, ფოთლოვანი ბოსტნეული, რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი, შინაური ფრინველი;
ფოლიუმის მჟავით მდიდარია საფუვრიანი პური, პარკოსნები, კვერცხი, ჭარხალი, კომბოსტო, ბარდა და პომიდორი.
კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე და რძის პროდუქტები, ლობიო, კომბოსტო, მწვანილი (ოხრახუში, კამა) და კვერცხის გული.

თუ ორსული ამ ნივთიერებებს საკვებთან ერთად საკმარისი რაოდენობით არ იღებს, მაშინ ექიმმა უნდა გამოუწეროს ორსულებისთვის განკუთვნილი, ვიტამინური პრეპარატები.