დაავადებები, გულ–სისხლძარღვთა სისტემა

რევმატიზმი

https://lh3.googleusercontent.com/-jp88JXvqOIE/TzqUOhUqwRI/AAAAAAAABzY/2r7TMkkheck/s500/1307011371_1290253634_1.jpgრევმატიზმი არის შემაერთებელი ქსოვილის სისტემური ანთებითი დაავადება, პროცესის უპირატესი ლოკალიზაციით გულ-სისწხლძარღვთა სისტემაში. დამახასიათებელია აგრეთვე სახსრების, ნერვული სისტემის, კანის და სხვა სისტემების დაზიანება.

რევმატიზმის განვითარება დაკავშირებულია A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეულ ზედა სასუნთქი გზების ინფექციასთან (რინიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი და სხვა), დაავადება ამ ინფექციაზე განვითარებული პათოლოგიური იმუნური პასუხის შედეგია, რომელიც შესაბამისი გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ინდივიდებში აღინიშნება. ასეთ ადამიანებში იმუნური პასუხი უტევს არა მხოლოდ სტრეპტოკოკს, არამედ, საკუთარი ორგანიზმის ზოგიერთ ქსოვილსაც.

სტრეპტოკოკური ინფექცია ორი-სამი კვირით ადრე წინ უძღვის რევმატიზმის კლინიკურ გამოვლინებებს.
ყველაზე ხშირად დაავადება აღინიშნება 5-15 წლის ასაკში, პიკი 8 წლის ასაკშია.
ხახის სტრეპტოკოკური ინფექცია ხშირია საერთო პოპულაციაში, თუმცა რევმატიზმი ამ ადამიანების მხოლოდ უმცირეს ნაწილს უვითარდება, კერძოდ მათ, ვისაც აქვთ დაავადების ჩამოყალიბების რისკ-ფაქტორები: დაავადების დაწყებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში ჰქონდათ განმეორებითი შეტევა და ამავე დროს აქვთ გენეტიკური წინასწარგანწყობა.

რევმატიზმის კლინიკური სურათი ძალიან მრავალფეროვანია:

  1. ავადმყოფი უჩივის ძლიერ სისუსტეს, ყრუ ხასიათის, ზოგჯერ ჩხვლეტით ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებას გულის მიდამოში, გულის ფრიალს, ცხელებას, დაღლილობას, მადის დაკარგვას, სიფერმკრთალეს, მუცლის ტკივილს და სისხლდენას ცხვირიდან.
  2. გულის დაზიანება დაავადების ძირითადი და ხშირად ერთადერთი გამოვლინებაა:  “მიოკარდიტი” (გულის კუნთოვანი გარსის ანთება), რომლის დროსაც ანთებით ზიანდება და სუსტდება გულის კუმშვადი ნაწილი. მიოკარდიტის გამოცნობა შეიძლება ხველებით, ტკივილით მკერდის არეში, გულისცემის აჩქარებითა და ქოშინით. “ენდოკარდიტი – გულის შიგნითა გარსის და სარქვლების ანთებაა; პერიკარდიტი – გულის გარეთა გარსის, გულის პერანგის ანთება, ამ დროს გულის ირგვლივ შეიძლება სითხე დაგროვდეს. ჩვეულებრივ, რაიმე სიმპტომატიკა არ აღინიშნება და სითხე თავისთავად გაიწოვება. ის ყველაზე მძიმე შემთხვევებში ვითარდება და საკმაოდ იშვიათად.
  3. “ართრიტი”, რომელიც მეტწილად “მფრინავია”, შეიძლება, ბევრი სახსარი დააზიანოს (მუხლები, იდაყვები, კოჭები, ან მხრები). აღინიშნება მათი სიწითლე, შესივება, ფუნქციის დარღვევა. ანთება გადადის ერთი სახსრიდან მეორეზე; ნაკლებად ხშირია მტევნებისა და ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანება. დაავადების მწვავე პერიოდის ჩათავების შემდეგ ცვლილებები სახსრების მხრივ უკვალოდ ქრება.
  4. “ქორეა” – ეს სახელწოდება წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან, რომელიც ცეკვას ნიშნავს. ეს არის დარღვევა, რომელსაც იწვევს თავის ტვინის მოძრაობების მაკოორდინირებელი ნაწილების დაზიანება. ეს პათოლოგია პაციენტთა დაახლოებით, 10-30%-ს აღენიშნება. ართრიტისა და კარდიტისაგან განსხვავებით ქორეა რევმატიზმის მოგვიანებითი გამოვლინებაა, ძირითადად ყელის ინფექციიდან 1-6 თვის შემდეგ. ადრეული ნიშნებია წერის გაძნელება, ჩაცმასა და თვითმომსახურებასთან, ასევე სიარულთან და ჭამასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებიც იქმნება უმიზნო უნებლიე მოძრაობების გამო. მცირე დროის განმავლობაში პაციენტს შეუძლია ამ მოძრაობების ნებით დათრგუნვა, ისინი ქრება ძილის დროს და აქტიურდება სტრესის, ან დაღლილობის დროს. თუ სიმპტომები მკვეთრად არ არის გამოხატული, ეს შეიძლება შეცდომით ქცევით დარღვევად ჩაითვალოს. 2-6 თვეში ქორეა თავისთავად იწყებს უკუგანვითარებას და მოითხოვს დამხმარე მკურნალობასა და დაკვირვებას.
  5. რევმატიზმის ნაკლებად ხშირი გამოვლინებებია კანის სიმპტომები – ბეჭდის ფორმის ერითემა “Erythema marginatum” არის გარდამავალი გამონაყარი ტანზე ფართო ლაქების სახით, რომელთა ცენტრი თეთრია, ირგვლივ კი წითელი რგოლი აქვს შემოვლებული, რაც გველის ტყავის შესახედაობას მოგვაგონებს. ის უმტკივნეულოა, არ ახასიათებს ქავილი და თითის დაჭერით ქრება.
  6. “კანქვეშა კვანძები”  — უმტკივნეულო მოძრავი მარცვლისმაგვარი კვანძებია, რომლებიც სახსრების მიდამოშია ლოკალიზებული და ზემოდან ნორმალური ფერის კანითაა დაფარული. ეს სიმპტომები 5%-ზე ნაკლებ შემთხვევაში გვხვდება და შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს მათი გარდამავალი ხასიათის გამო.

რევმატიზიმის სპეციფიური სადიაგნოსტიკო ნიშანი, ან კვლევის მეთოდი არ არსებობს. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  არსებული კლინიკური ნიშნებისა და გამოკვლევების შედეგების დაწვრილებით ანალიზს. არსებობს სისხლის გამოკვლევის მეთოდები ანტისტრეპტოკოკური ანტისხეულების აღმოსაჩენად, რომლებიც მაშინაც კი არის ეფექტური, როდესაც მშობლებს და/ან პაციენტს არ ახსოვთ, როდის იყო ინფექციის ეპიზოდი. ანტისხეულების გაზრდილი ტიტრის აღმოჩენა სისხლში 2-4 კვირის ინტერვალით გაკეთებულ ანალიზებში მწვავე ინფექციაზე მიუთითებს. ანტისტრეპტოლიზინის ტიტრის პათოლოგიური მაჩვენებელი იმას ნიშნავს, რომ ბაქტერიასთან ადრინდელი კონტაქტის საფუძველზე მოხდა იმუნური სისტემის სტიმულაცია და ანტისხეულების წარმოქმნა, რაც თავისთავად არ ნიშნავს რევმატიზმს. გამწვავების დროს გაკეთებული სისხლის ანალიზები გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში.

ეს დაავადება ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა მისი თავიდან აცილება შესაძლებელია. სტრეპტოკოკური ფარინგიტის მკურნალობა მისი დიაგნოსტირებისთანავე თავიდან აგვაცილებს რევმატიზმს.

რევმატიზმის დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეკომენდირებულია ანტიბიოტიკოთერაპიის სრული კურსი. აუცილებელია ყელის ინფექციების მკურნალობა, რადგან შესაძლოა, სტრეპტოკოკი კვლავ არსებობდეს ტონზილებში და ასტიმულირებდეს იმუნურ სისტემას. დაავადების ძირითადი სიმპრომები თავისთავად უკუგანვითარდება, თუმცა, რჩება ახალი შეტევების განვითარების რისკი, რომელიც უფრო მაღალია დაავადების დაწყებიდან პირველის 5 წლის განმავლობაში. პროფილაქტიკური მკურნალობის გაგრძელება სავალდებულოა, რათა შემცირდეს ახალი შეტევების განვითარების შანსი.

ექიმების უმრავლესობის აზრით პროფილაქტიკა ანტიბიოტიკებით უნდა გაგრძელდეს სულ ცოტა, 5 წლის მანძილზე, ან, თუ გულის დაზიანება გამოხატული არ არის, მანამ, სანამ პაციენტი 18 წლის არ გახდება; თუ სახეზეა გულის დაზიანება, პროფილაქტიკა რეკომენდირებულია 40 წლის ასაკამდე.

გულის სარქვლების დაზიანების მქონე პაციენტებისთვის, სტომატოლოგიური ან ქირურგიული მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში რეკომენდებულია ბაქტერიული ენდოკარდიტის პრევენცია ანტიბიოტიკებით. ეს აუცილებელია, რადგან სხეულის სხვა ნაწილებში, განსაკუთრებით კი, პირის ღრუში, არსებულმა ბაქტერიებმა, შეიძლება, გულის სარქვლების ინფექცია გამოიწვიოს.