დაავადებები, შარდსასქესო სისტემა

ცისტიტი

https://lh5.googleusercontent.com/-Ctd8lTL61XQ/T0zP9fwTJNI/AAAAAAAACKM/67ZYKfcx_fU/s376/cystitis-article.jpgცისტიტი არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი დაავადება. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური პათოლოგიაა.

ცისტიტი უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში, რაც განპირობებულია შარდსასქესო აპარატის განლაგების თავისებურებით, კერძოდ, ქალებს მამაკაცებთან შედარებით მოკლე და განიერი შარდსადენი აქვთ, ამავე დროს ის ახლოსაა სწორ ნაწლავთან, ამიტომ ინფექცია გაცილებით იოლად აღწევს შარდის ბუშტამდე.

ცისტიტი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.მის განვითარებაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფექციას, განსაკუთრებით, ნაწლავის ჩხირს (80%), ასევე სტაფილოკოკს, ენტეროკოკს, პროტეუსს, სტრეპტოკოკს და სხვ.

არსებობს ინფექციის შეჭრის რამოდენიმე გზა:

  • აღმავალი გზა – როდესაც ინფექციური აგენტი (ბაქტერია) შარდსადენი მილიდან ხვდება შარდის ბუშტში. ქალებში გამომწვევი მიკროორგანიზმები, როგორც წესი, შარდსადენში საშოდან გადადის, ხოლო მამაკაცებში – ცისტიტი ვითარდება ურეთრის (შარდსადენი მილის) და წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი პათოლოგიების დროს. დაავადება ხშირად მოსდევს საშარდე ბუშტის კათეტერიზაციას, როდესაც გამოკვლევის მიზნით იღებენ შარდს ან აწარმოებენ ინსტრუმენტულ კვლევას. განსაკუთრებით საფრთხილოა კათეტერიზაცია ქალებში ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში, ხოლო მამაკაცებში —  წინამდებარე ჯირკვლის ადენომის არსებობისას, ვინაიდან ამ დროს დაინფიცირება გაცილებით იოლია;
  • დაღმავალი გზა – როდესაც ინფექციური აგენტი ანთების მქონე თირკმელებიდან (პიელონეფრიტი) ქვემოთ ჩამოდის და შარდის ბუშტში ხვდება;
  • ჰემატოგენური გზა – როდესაც ინფექციური აგენტი ორგანიზმში არსებული ინფექციური კერიდან გადააქვს შარდის ბუშტში;
  • ლიმფოგენური გზა – როდესაც ინფექციური აგენტი ლიმფის მეშვეობით გადადის შარდის ბუშტში. ამ გზით განსაკუთრებით ხშირად ქალები ინფიცირდებიან, რადგანაც შარდის ბუშტსა და ქალის სასქესო ორგანოებს შორის არსებობს ლიმფოგენური ხიდები. ლიმფოგენური გზით ცისტიტის განვითარება შესაძლებელია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: სალპინგოოოფორიტი (საკვერცხეებისა და კვერცხსავალი მილების ანთება) და ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება).

შარდის ბუშტში ინფექციური აგენტის მოხვედრის დროს ყოველთვის ცისტიტი არ ვითარდება, რადგანაც მისი ლორწოვანი გარსი ინფექციური აგენტის მიმართ ძალზე მდგრადია.

ცისტიტი ვითარდება თუ:

  • ადამიანს აქვს დაქვეითებული იმუნიტეტი და ინფექციის მიმართ მდგრადობა ჰიპოვიტამინოზის, გაციების, ზედმეტი დაძაბულობის ან გადაღლის გამო;
  • შარდის ბუშტსა და მცირე მენჯის ღრუში სისხლის მომიქცევა დაირღვა;
  • მოიშალა შარდის ბუშტის შარდისაგან დაცლის მექანზმი.
  • შარდის ბუშტზე მოქმედებს მავნე ქიმიური ნივთიერებები და რადიაცია.

არსებობს მწვავე და ქრონიკული ცისტიტი. შარდის ბუშტის ანთება შესაძლოა განვითარდეს მოულოდნელად, მაგრამ ხშირად იგი თანდათანობით ვითარდება.მწვავე ცისტიტის მთავარი სიმპტომებია ხშირი და მტკივნეული შარდვა, ასევე აღინიშნება დისკომფორტი და წვის შეგრძნება, რომელიც რჩება მოშარდვის შემდეგაც. შარდვის სურვილი თანდათან ხშირდება, მძიმე ფორმის დროს ავადმყოფი შარდავს ყოველ 20-30 წუთში, მცირე ულუფებით. შარდვის პროცესი ძალზე მტკივნეულია და სრულდება სისხლის რამდენიმე წვეთის გამოყოფით. ამ დროს შარდი მღვრიეა.
ტკივილი აღინიშნება ბოქვენზედა არეში, წელის ქვედა ნაწილში, იშვიათად – შორისის, ანუსის ან მამაკაცებში სასქესო ასოს თავის მოდამოებში. სხეულის ტემპერატურე უმეტესად ნორმალურია, იშვიათად იმატებს 37-37,5 გრადუსამდე.

როგორც წესი, მწვავე ცისტიტი იოლად იკურნება, დაახლოებით ერთ კვირაში მდგომარეობა უმჯობესდება.

რაც შეეხება ქრონიკულ ცისტიტს – ის უმეტესწილად მეორადია და ვითარდება შარდის ბუშტის, თირკმელებისა და სასქესო ორგანოების სხვა დაავადებების, კერძოდ, კენჭოვანი დაავადების, შარდის ბუშტისა და წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეების, ქრონიკული პიელონეფრიტის ფონზე.

ცისტიტის დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება:

  • ჩივილები;
  • შარდის ლაბორატორიული ანალიზი;
  • ცისტოსკოპია;
  • რენტგენოლოგიური კვლევა (ზოგჯერ).

მწვავე ცისტიტის დროს აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, რომელიც ინფექციური აგენტის მგრძნობელობის გათვალისწინებით დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს და სხვა საჭირო მედიკამენტებს. ცისტიტის დროს საჭიროა წოლითი რეჟიმი, რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცხარე საკვები.

სასურველია სითხის (ბორჯომი, წვენები) დიდი რაოდენობით მიღება, თბილი აბაზანები. კარგ შედეგს იძლევა ჩაი, რომელსაც შარდმდენი ეფექტი აქვს.