რა იწვევს ყელის ტკივილს?
ყელის მწვავე ტკივილს აპროვოცირებს:
ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვი აირებითა და ქიმიური ნივთიერებებით;
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (გრიპი, პარაგრიპი, რინოვირუსული და ადენოვირუსული ინფექცია, ქუნთრუშა, ყივანახველა, დიფტერია, წითელა, ინფექციური მონონუკლეოზი) და მათთან დაკავშირებული პათოლოგიები (ფარინგიტი, ადენოიდები, ტონზილიტი და ლარინგიტი);
წელიწადის ცივი პერიოდისთვის დამახასიათებელი დაბალი ტემპერატურა, რაც იმუნურ სისტემას აქვეითებს და ინფექციათა სწრაფი გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის;
ცხვირის სავალებში ადენოიდური წანაზარდების გაჩენა, სურდო, ძგიდის გამრუდებით გამოწვეული ცხვირის ნორმალური ფუნქციის დაქვეითება;
ყელის ზედმეტი გადაძაბვა – ბევრი ლაპარაკი, ყვირილი, ხმამაღალი სიმღერა. ყელის ტკივილსა და ხმის ჩახლეჩას განსაკუთრებით ხშირად უჩივიან პედაგოგები, ლექტორები და მსახიობები – ადამიანები, ვისთვისაც ხმას პროფესიული მნიშვნელობა აქვს. ამის გამო ისინი იძულებულნი არიან, ყელს განსაკუთრებით მოუარონ;
მეტისმეტად ცხარე, ძმრიანი, მდოგვიანი, ცხელი და ცივი სასმელ-საჭმლის სწრაფი მონაცვლეობა;
სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრა.