რა გზით გადადის ტუბერკულოზი ადამიანიდან ადამიანზე
ტუბერკულოზი ქრონიკულად მიმდინარე ბაქტერიულ-ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკრობაქტერია იწვევს.
დაავადება უმეტესად ფილტვებში ლოკალიზდება, თუმცა პროცესში, შესაძლოა, სხვა ორგანოებიც ჩაერთოს. დაავადება თანდათან პროგრესირებს და უყურადღებობის შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება.
სამწუხაროდ, ეს დაავადება დღესაც მნიშვნელოვან და გადაულახავ პრობლემად რჩება, რადგან ტუბერკულოზის მიკრობაქტერიით დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი პროცენტია ინფიცირებული.
ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია ადამიანიდან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ამიტომ, პათოლოგიური პროცესი, როგორც უკვე ვთქვით, ძირითადად ფილტვებში ლოკალიზდება. ნერწყვით, ნახველით ან მტვრის ნაწილაკებით ფილტვებში შეღწეული მიკრობაქტერია შემდეგ ახლომდებარე ლიმფურ ჯირკვლებში აღწევს. ის, შესაძლოა, სისხლშიც მოხვდეს და მისი საშუალებით მთელ ორგანიზმში გავრცელდეს.
ინფიცირება ადამიანების დიდ ნაწილს აღენიშნება, თუმცა მათ დაავადება მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უვითარდებათ. დაავადებულთა ან ინფიცირებულთა დაახლოებით ათ პროცენტში ტუბერკულოზი სხვადასხვა ფორმით ვლინდება.
ინფიცირებულ ადამიანებში დაავადების განვითარების საფრთხეს იმუნური სისტემის სისუსტე ქმნის. ეს შეიძლება, უკავშირდებოდეს არასრულფასოვან კვებას, შიმშილს, გენეტიკურ ფაქტორს, იმუნიტეტის დამაქვეითებელი პრეპარატების გამოყენებას, საცხოვრებელ პირობებს, შაქრიან დიაბეტს, ავთვისებიან დაავადებას, თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას, ასაკს და ასე შემდეგ.
დაავადების პროცესში სხვადასხვა ზომის გრანულები ვითარდება. ეს ანთებითი კერებია. პროგრესირებისას ისინი რბილდება და ლღვება, რის შედეგადაც იშლება ფილტვის ქსოვილი და ფორმირდება ღრუ, რომელიც მიკრობაქტერიების რეზერვუარს წარმოადგენს. მიკრობაქტერიები შეიძლება ბრონქების საშუალებითაც გავრცელდეს და ფილტვების სხვადასხვა ნაწილში ახალი პათოლოგიური ცვლილებები გამოიწვიოს. შემდეგ კი, შესაძლოა, ლიმფური სადინარისა და სისხლძარღვების საშუალებით, მთელ ორგანიზმში განითესონ.
ზოგჯერ ტუბერკულოზურ კერებში ცვლილებები ნაკლებად არის გამოხატული. ასეთი კერები გაიწოვება და ქსოვილის სტრუქტურა სრულად აღდგება.
ტუბერკულოზი ვლინდება რამდენიმე კლინიკური ფორმით და მას თავისებურებები, მისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება. ეს კლინიკური ფორმები ერთმანეთისგან მიმდინარეობით, დაავადების გამოვლენითა და პროგნოზით განსხვავდება.
ტუბერკულოზს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ძლიერი სისუსტე, ღამით ოფლიანობა, ხველა სისხლის მინარევით, 37,2 გრადუსი ტემპერატურა, წონაში კლება. სხვათა შორის, ზოგჯერ პათოლოგია ხველისა და ტემპერატურის ცვლილებების გარეშეც მიმდინარეობს.
ამ დაავადებას სხვადასხვა მეთოდით მკურნალობენ, მაგრამ პრიორიტეტი ქიმიური პრეპარატებით მკურნალობას ენიჭება, რადგან ეს უკანასკნელი გაცილებით მეტ ეფექტს იძლევა. აქტიური ტუბერკულოზის დროს მკურნალობა სამი ან ოთხი პრეპარატის კომბინაციით ხდება. კურსი კი ექვს-რვა თვეს მოიცავს.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, დაავადების განმეორების, განვითარებისა და სიხშირის მიხედვით, აუცილებელია ხშირი კონსულტაციები ექიმთან.