დაავადებები, ენდოკრინოლოგია

უშაქრო დიაბეტი

უშაქრო დიაბეტი იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძლიერი წყურვილით და დიდი რაოდენობით დაბალი ხვედრითი წონის მქონე შადრის გამოყოფით.

დაავადებას საფუძვლად უდევს ანტიდიურეზული ჰორმონის – ვაზოპრესინის უკმარისობა, ან მის მიმართ რეზისტენტობა. უფრო ხშირად ავადდებიან 18-15 წლის ასაკში.

ეტიოლოგიური და  პათოგენეზური მექანიზმების მიხედვით გამოყოფენ უშაქრო დიაბეტის ორ ფორმას:

  1. პირველადი უშაქრო დიაბეტი – იგი შესაძლოა იყოს შთამომავლობითი ან აღმოცენდეს სპონტანურად (თავისთავად). დაავადების ამ ფორმის დროს ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზში ორგანული ცვლილებები არ ღინიშნება.
  2. მეორადი უშაქრო დიაბეტი – იგი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის დაზიანებასთან: ანოქსიური ენცეფალოპათია, ქირურგიული ჩარევა, ინფექციური დაავადებები (ვირუსული ბუნების ენცეფალიტი, ტუბერკულოზი, ათაშანგი), თავის ქალას ტრავმა, ტვინის შერყევა, თავის ტვინის სიმსივნეები (კრანიოფარინგიომა, მენინგიომა, ჰიპოფიზის ადენომა), სარძევე ჯირკვლის მეტასტაზები ჰიპოთალამურ უბანში.

უშაქრო დიაბეტი შესაძლოა განვითარდეს ორსულობის მესამე ტრიმესტრში და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ის ხშირად ასოცირებულია პრეეკლამფსიასთან და ღვიძლის დისფუნქციასთან.

არსებობს უშაქრო დიაბეტის ორი სახე:

  • ე.წ. ცენტრალური უშაქრო დიაბეტი – ამ დროს აღინიშნება ვაზოპრესინის უკმარისობა, რის გამოც ირღვევა თირკმლის მილაკებიდან ოსმოსურად თავისუფალი წყლის შეწოვა, ძლიერდება სითხის ჭარბი გამოყოფა ორგანიზმიდან და  მატულობს სისხლის პლაზმის ოსმოსური წნევა, ყოველივე კი იწვევს ჰიპოთალამუსში წყურვილის ცენტრის გაღიზიანებას.
  • ნეფროგენური, ვაზოპრესინრეზისტენტული უშაქრო დიაბეტი – ამ დროს ქვეითდება თირკმლების დისტალური მილაკების მგრძნობელობა ვაზოპრესინის მიმართ, რომელიც გამოიყოფა ჩვეულებრივი რაოდენობით. უშაქრო დიაბეტის ეს ფორმა ხშირად გენეტიკურია, თუმცა შესაძლოა შეძენილიც იყოს. ის როგორც წესი მამაკაცებში აღინიშნება.

უშაქრო დიაბეტის კლინიკური ნიშნებია:

  • პოლიურია ანუ დიდი რაოდენობით შარდვა – დიურეზი დღეში 5-6 ლიტრი და მეტია, ზოგჯერ ის აღწევს 20 ლიტრსაც.
  • გაძლიერებული წყურვილი;
  • პოლიდიფსია ანუ წყურვილის პათოლოგიური გაძლიერება;
  • საერთო სისუსტე;
  • ხშირი შარდვა;
  • წონაში დაკლება;
  • კანის სიმშრალე;
  • კუჭის გაფართოება და დაწევა;
  • შარდის ბუშტის ზომის გადიდება;
  • მოზარდებში – ზრდაში ჩამორჩენა და მეორადი სასქესო ნიშნების გვიანი ჩამოყალიბება;
  • ბავშვებში ხშირია შარდის შეუკავებლობა;

სითხის შეზღუდვა – რომელიც მდგომარეობას ამძიმებს და იწვევს:

  • ლორწოვანი გარსების სიმშრალეს;
  • ტაქიკარდიას;
  • ჰიპოტონიას.

უშაქრო დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება:

  • ავადმყოფის გამოკითხვა კლინიკური ნიშნების დასადგენად;
  • ვაზოპრესინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში – რომელიც ყოველთვის მაღალია;
  • შარდის საერთო ანალიზი, რომლის დროსაც ხვედრითი წონა დაბალია.
  • სითხის შეზღუდვის სინჯი;
  • ვაზოპრესინის სტიმულაციის ტესტი.

უშაქრო დიაბეტის მკურნალობას ატარებს მხოლოდ პროფესიონალი ექიმი.