ორსულობა და მშობიარობა

ბიჭის მამაკაცად ჩამოყალიბებას მუცლადყოფნიდანვე ემუქრება საფრთხე

ბიჭის მამაკაცად ჩამოყალიბებას მუცლადყოფნიდანვე ემუქრება საფრთხე
თუ ბიჭი მანქანების ნაცვლად თოჯინებით თამაშობს და ომობანას გოგონებთან სახლობანას თამაში ურჩევნია, ეს მშობლისთვის საყურადღებო უნდა იყოს. და პირიქით, გოგონას ზედმეტად ბიჭური ქცევა საკმარისი მიზეზია, მივმართოთ ენდოკრინოლოგს.ცოტა ხნის წინ ამერიკელი მკვლევრები საგანგაშო დასკვნამდე მივიდნენ. როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქიმიური ნივთიერებები – ფტალატები, რომლებსაც რამდენიმე სახის პლასტმასი, ლინოლეუმი და აბაზანის ფარდა შეიცავს, ბიჭების ფემინიზაციას იწვევს. ფტალატების ზემოქმედების შედეგად ირღვევა ჰორმონალური ბალანსი და მისი გამოყენება სათამაშოებში უკვე წლებია, აკრძალულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
მარინა გორდელაძე (ნუტრიციოლოგიის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი): – ქიმიური ნივთიერება ფტალატი, რომელიც შედის რამდენიმე სახეობის პლასტმასის შემადგენლობაში, სტრუქტურით ჰგავს ქალის ჰორმონ ესტროგენს. ფემინიზაცია არის ბიჭის ორგანიზმში მეორადი ქალური სასქესო ნიშნების გაჩენა. თავისთავად, ამ ქიმიური ნივთიერებების გავლენის გარეშე, ფემინიზაცია ვითარდება იმ ჰორმონის ჭარბი სეკრეციის დროს, რასაც ჩვენ ქალის სასქესო ჰორმონს, ესტროგენს ვეძახით. მამაკაცის ორგანიზმში ესტროგენის გამომუშავება ერთადერთ ორგანოში – თირკმელზედა ჯირკვალში ხდება. ამიტომ თუ ბიჭს, მამაკაცს აღენიშნება თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, მას აუცილებლად განუვითარდება სარძევე ჯირკვლები. შესაძლოა ბიჭის ორგანიზმის ფემინიზაცია მოხდეს, თუ მუცლადყოფნისას, სქესობრივი დიფერენცირების დროს, განსაზღვრულ მუტაციურ დარღვევებთან გვაქვს საქმე. ადამიანის სქესი განაყოფიერების მომენტში განისაზღვრება. უნდა ჩამოყალიბდეს სასქესო ქრომოსომების განსაზღვრული ნაკრები. მაგალითად, თუ ის არის XX, ნაყოფი იქნება გოგონა, თუ არის XY, იქნება ბიჭი. გოგონას ფენოტიპის ჩამოყალიბებას დიდი ჰორმონალური დანახარჯი არ სჭირდება. თუმცა იმისთვის, რომ ბიჭი ჩამოყალიბდეს, Y-მა ბევრი უნდა იმუშაოს. მუცლადყოფნის პერიოდშიც კი ტესტოსტერონის, ანუ მამაკაცის ჰორმონის დონე ისეთივეა, როგორიც ზრდასრული მამაკაცის შემთხვევაში. მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ ტესტოსტერონი "იძინებს". მცირედით "შეიღვიძებს" 7 წლის ასაკში, მაგრამ მხოლოდ სქესობრივი მომწიფების დროს, 12-13 წლის ასაკიდან ამოქმედდება.

  • მუცლადყოფნისას, ნაყოფის განვითარების რა ეტაპზე შეიძლება მოხდეს ჰორმონალური დარღვევა?
  • შესაძლოა დარღვევა იყოს ქრომოსომული და XY კი არ მივიღოთ, არამედ XXY. იმ შემთხვევაში, თუ ქრომოსომული დარღვევა არ მოხდა და ნაყოფმა წარმატებით გაიარა განვითარების პირველი ეტაპი, ამის შემდეგ ბიჭის შემთხვევაში უნდა წარმოიქმნას სათესლე, გოგონას შემთხვევაში კი საკვერცხე. თუ ნაყოფმა ჩამოყალიბების ეს ეტაპიც წარმატებით გაიარა, იწყება ჰორმონული სქესის ჩამოყალიბება. მომდევნო ეტაპია სომატური სქესის, ანუ შინაგანი და გარეგანი მამაკაცური აგებულების ჩამოყალიბება. ამის შემდეგ, აუცილებლად ხდება ფსიქიკური სქესის ჩამოყალიბება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. შესაძლოა გყავდეთ ბიჭუნა XY ქრომოსომული ნაკრებით, განვითარებული ჰქონდეს სათესლე ჯირკვლები, აბსოლუტურად ნორმალური იყოს შინაგანი აგებულებით, მაგრამ ფსიქიკურად სჯეროდეს, რომ ქალია. ყველაზე რთულად სამკურნალო სწორედ ეს არის. მაგრამ ეს არ არის ჰომოსექსუალიზმი, ეს ინტერსექსუალიზმია.

ადამიანს შესაძლოა გავლილი ჰქონდეს სქესის შესაბამისი განვითარების ყველა ეტაპი, მაგრამ მაინც ვერ ცხოვრობდეს თავის სქესში. ამას უკვე სოციალური სქესი ჰქვია, რისი მაგალითებიც ქართულ სინამდვილესა და ისტორიულ წყაროებშიც მოგვეპოვება. მაგალითად, მაია წყნეთელის ფენომენი. ის ყველა პარამეტრით ქალი იყო, მაგრამ ვითარებამ აიძულა, სხვა სქესში ეცხოვრა. არსებობს კიდევ სხვა დარღვევები, მაგალითად, ჰერმაფროდიტიზმი. ამ შემთხვევაში გარეგანი დათვალიერებითაც და გამოკვლევითაც რთულია, სასქესო ორგანოების აგებულების მიხედვით ბავშვს რომელიმე სქესი მიანიჭოთ. არადა, თუ ეს დარღვევა დროულად არ გამოვლინდა, შესაძლოა სუიციდსაც ექნეს ადგილი. საზოგადოებაც მზად არ არის, მიიღოს ადამიანი რომელიმე სქესის გარეშე. ენდოკრინოლოგიაში ღრმად თუ ჩავიხედავთ, არსებობს სხვადასხვა დაავადება, რომელსაც შესაძლოა უსქესო ვუწოდოთ. როცა ასეთი ბავშვი იბადება, არავის ეპარება ეჭვი, რომ ის გოგონაა, მაგრამ შემდეგ ის სქესობრივად არ მწიფდება და მხოლოდ მაშინღა იწყება მიზეზების კვლევა და დიაგნოზის დადგენა.
მამაკაცის ფემინიზაცია შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის, თირკმლის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში. ფემინიზაციის მიზეზი შესაძლოა გახდეს განსაზღვრული პრეპარატების ხანგრძლივად მიღება და რა თქმა უნდა, კასტრაცია. ფემინიზაცია ნებისმიერ ასაკში შესაძლოა განვითარდეს.

  • რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ ბავშვის არასწორი სქესობრივი განვითარება არ გამოეპაროს?
  • დედამ ორსულობის პირველივე დღეებიდან უნდა იზრუნოს ნაყოფის სწორ განვითარებაზე, რადგან გენეტიკურ დეფექტებს მუცლადყოფნის დროს ეყრება საფუძველი. ამიტომ ქალი, რომელიც დედობას აპირებს, ჯანმრთელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი გენური მუტაცია, რომლისგანაც თავს ვერ დაიცავთ, განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში, როცა ყალიბდება ნაყოფის ყველა ორგანო. ამ დროს დედა განსაკუთრებით ფრთხილი უნდა იყოს.

შემდგომ კი არ არის მართებული ბიჭუნას კულულებით ტარება, კაბის ჩაცმა. დედამ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ ბავშვმა გაუმართლებელი სექსუალური ცნობისმოყვარეობა გამოავლინა მისივე სქესის ბავშვთან. არ ვამბობ, რომ ბიჭები მაინცდამაინც ტანკზე შემოვსვათ და ხმლებით ვათამაშოთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ, არ ვათამაშოთ თოჯინებით. ყოველთვის ყურადღებით გაეცანით იმ პრეპარატებს, რომლებსაც ბავშვს აძლევთ. არის პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა ფემინიზაციას ხელი შეუწყონ. შესაძლოა, მარტოხელა დედები განაწყენდნენ, მაგრამ მამაკაცის როლი ბიჭის აღზრდაში მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აგრესიულ მამაკაცებს, მათ შორის კრიმინალებს, ქრომოსომული წყობა აქვთ XYY. შესაბამისად, ბევრი Y მამაკაცურობისკენ, აგრესიულობისკენ განაწყობს ინდივიდს. მაგრამ როცა ღვთის წყალობით ჩნდება ჯანმრთელი ბავშვი, სქესობრივად სწორად ჩამოყალიბებული, მისი სწორი განვითარება უნდა შევინარჩუნოთ. ამიტომ ნუ მივცემთ უხარისხო სათამაშოებს. მესმის, რომ ასეთი რჩევის მიცემა საქართველოს პირობებში რთულია. ყველაზე ძვირად ხის სათამაშოები ფასობს, რადგან ისინი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უვნებელია.
ერთ საინტერესო ისტორიულ ფაქტს გიამბობთ. IX საუკუნეში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც რომის პაპის სავარძელი ქალბატონმა დაიკავა. მეტიც, გაირკვა, რომ ის ქალბატონი ფეხმძიმედ იყო. მშობიარობა ერთ-ერთი რელიგიური პროცესიის მსვლელობისას დაეწყო და სიცოცხლე ტრაგიკულად დაამთავრა. ამის შემდეგ, პაპიზმის ისტორიაში იყო ტრადიცია – არჩეულ პაპს სავალდებულო პროცედურა უნდა გაევლო. ის ჯდებოდა საგანგებო სავარძელში, სადაც მისი სათესლე ჯირკვლები ხელშესახები იქნებოდა. პაპი, რა თქმა უნდა, ვერ ხედავდა, ვინ ახებდა ხელს უხერხულ ადგილას, მაგრამ ამგვარი დადასტურება პაპის არჩევისას აუცილებელი იყო. ამ წესმა დაახლოებით შვიდი საუკუნის განმავლობაში იმოქმედა. კონკლავის ყველა წევრი პაპის არჩევისას ხელს აწერდა ფრაზას: Mas nobis nominus est! ეს ნიშნავდა: "ჩვენი რჩეული მამაკაცია!" ვატიკანიდან ამ ფრაზამ მეანობაში გადმოინაცვლა. თუ ბიჭუნას შეამოწმებენ დაბადებისას, შემდეგ პერიოდულად შეამოწმებს პედიატრი და ყოველთვის მიექცევა ყურადღება სქესობრივი განვითარების ყველა ეტაპს, პრობლემა გაცილებით ნაკლები გვექნება.