რა არის ჭიპლარის სისხლი
ჭიპლარის სისხლი არის, სიხლი, რომელიც რჩება ჭიპლარის ვენაში და პლაცენტაში (მომყოლში) ბავშვის დაბადების და ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ. ჭიპლარის სისხლი მდიდარია ორგანიზმის მუდმივი განახლებისათვის საჭირო ღეროვანი უჯრედებით.
რა არის ღეროვანი უჯრედი და რა გამოყენება აქვს მას?
როგოც ცნობილია ადამიანის ორგანიზმის 200-მდე ტიპის ტრილიონობით უჯრედი ვითარდება მხოლოდ ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან. ეს უჯრედი შეიცავს ყველა იმ “ინსტრუქციას”, რომელიც მისი მოზრდილ ორგანიზმად გადაქცევისთვისაა საჭირო.
ეს”ინსტრუქციები” დნმ-ში არის კოდირებული, ჩანასახის ზრდასთან ერთად უჯრედების სხეულის სხვადასხვა ნაწილში გარკვეულ სპეციალიზაციას იძენენ ამავე დროს ორგანიზმში რჩება უჯრედები, რომელთაც გააჩნია ერთადერთი ფუნქცია – გადასცენ გენეტიკური მასალა შემდგომ უჯრედულ თაობებს, ე.ი. მომავალში მათგან პოტენციურად შეიძლება ნებისმიერი სახის უჯრედი წარმოეშვას. სწორედ ეს უჯრედებია ღეროვანი უჯრედები.
ჭიპლარის სისხლი მდიდარია ღეროვანი უჯრედებით, რომელთა გამოყენება უკვე თითქმის 20 წელია წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სისხლის სიმსივნური დაავადებების (ლეიკემიები, ლიმფომები), ავტოიმუნური დაავადებების, თანდაყოლილი ანემიებისა(სისხლნაკლებობა) და იმუნოდეფიცეტური დაავადებების დროს. დღემდე ჩატარებულია 10 000-ზე მეტი წარმატებული ტრანსპლანტაცია. ჭიპლარის სისხლის გადანერგვა წარმოადგენს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულფასოვან ალტერნატივას.
როგორ ხდება ჭიპლარის სისხლის შეგროვება, შენახვა და რამდეხანს არის იგი გამოყენებისთვის ვარგისი?
ჭიპლარის სისხლი გროვდება მშობიარობის პროცესში. ბავშვის დაბადებისა და ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ ხორციელდება ჭიპლარის პლაცენტარული ნაწილის პუნქცია. ეს გვაძლევს საშუალებას სპეციალურ კონტეინერში შევაგროვოთ პლაცენტაში და ჭიპლარში დარჩენილი სისხლი.
ჩვეულებრივ შეგროვებული სისხლის რაოდენობა 40 -140 მლ შორის მერყეობს. აღნიშნული პროცედურა სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა როგორც დედის ასევე ახალშობილისთვის.
შეგროვებული სისხლი 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს ლაბორატორიაში შემდგომი დამუშავებისა და ხანგრძლივი დროით შენახვისათვის. ჭიპლარის სისხლი ღეროვანი უჯრედები ინახება – 196 C ტემპერატურაზე, რადგანაც ამ დროს უჯრედში ყველა სასიცოცხლო პროცესი ჩერდება და ასეთ პირობებში უჯრედების შენახვა შესაძლებელია განუსაზღვრელი ვადით. ამ მეთოდს კრიოპრეზერვაცია ანუ კრიოკონსარვაცია ეწოდება. საჭიროების შემთხვევაში გაყინული უჯრედები გადნობისთანავე მზად არის გამოყენებისათვის.
ჩემი მომავალი შვილის გარდა კიდევ ვისთვისაა შესაძლებელი შენახული ჭიპლარის სისხლის გამოყენება?
ღეროვანი უჯრედების წარმატებული ტრანსპლანტაციისთვის აუცილებელია დონორისა და რეციპიენტის HLA სისტემის თანხვედრა ანუ მათი ბიოლოგიური თავსებადობა. არამონათესავე პირების ბიოლოგიური თავსებადობის შანსი ძალიან დაბალია და შეადგენს 1:70000. დედმამიშვილებში ეს შეფარდება მაღალია 1:4, ანუ შენახული ჭიპლარი სისხლი 25% -ში გამოდგება დედმამიშვილების სამკურნალოდაც.
რა გამოყენება შეძლება ჰქონდეს ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს მომავალში?
ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამრავლებისა და მათგან სხვადასხვა ქსოვილის მისაღებათ მათ შორის ღვიძლის უჯრედების(ჰეპატოციდების), ნერვული უჯრედების, სისხლძარღვთა უჯრედების( ენდოთელიოციტების), ხრტილი ქსოვილის უჯრედების, კანის ქსოვილის უჯრედების და სხვა. არც თუ ისე შორეულ მომავალში რეალურად იქნება შესაძლებელი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებიდან პაციენტისთვის სასურველი უჯრედებისა და ქსოვილების გაზრდა.
მსოფლიოს წამყვან დაწესებულებებში მიმდინარეიბს კლინიკური კვლევები ჭიპლარის სისხლის გამოსაყენებლად ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორებიცაა: მიოკარდიუმის ინფარქტი,ინსულტი, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული ჰეპატიტის და სხვა.
რა გამოკვლევები უტარდება ჭიპლარის სისხლის ნიმუშებს?
შეგროვებული ნიმუშის ტესტირება ხორციელდება სხვადასხვა ბაქტერიულ და ვირუსულ გამომწვევებზე( ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე(შიდსი), C ჰეპატიტის ვირუსზე, B ჰეპატიტის ვირუსზე, ადამიანის T ლიმფოტროპულ ვირუსზე, ციტომეგალო ვირუსზე). ასევე ნიმუში მოწმდება სიცოცხლისუნარიანობაზე, ბირთვიანი და ღეროვანი უჯრედების შემცველობაზე.
ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენების პერსპექტივები:
- ზურგის ტვინის დაზიანებები
- შაქრიანი დიაბეტი(მოსახლეობის 6,5%-ს აქვს შაქრიანი დიაბეტი და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს)
- პარკინსონის დაავადება:(ყოველი მილიონიდან 1200 ადამიანი დაავადებულია პარკინსონის დავადებით)
- გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი:(დეგენერაციული დაავადება,რომლის დროსაც თავისა და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედები ზიანდება. დაავადება ფატალურია და სიხშირე სეადგენს 50 პაციენტს 1 მილიონ მოსახლეზე)
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
- ინსულტი: (ყოველწლიურად საქართველოს 11000 მოსახლეს ემართება ინსულტი)
- ალცჰეიმერის დაავადება:(ყოველი მეათე 65 წლის ზევით და ყოველი მეორე 85 წლის ზევით ალცჰეიმერის დაავადებითაა შეპყრობილი)
- ღვიძლის პათოლოგიები:(თითქმის ყოველი მეათე ადამიანი დაავადებული ღვიძლით ცხოვრობს)
- მრავლობითი სკლეროზი:(ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებაა)