დაავადებები, სასუნთქი სისტემა

ქრონიკული ბრონქიტი

ქრონიკული ბრონქიტიქრონიკული ბრონქიტი წარმოადგენს ბრონქული ხის ლორწოვანი გარსისა და ბრონქის კედლის უფრო ღრმა შრეების დიფუზურ ათებას, რომელსაც ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებებით.

ქრონიკული ბრონქიტი იყოფა შემდეგ ფორმებად:

  1. მარტივი გაურთულებელი კატარული ქრონიკული ბრონქიტი – რომელიც მიმდინარეობს ლორწოვანი ნახველის გამოყოფით ან მის გარეშე, არ ახასიათებს სუნთქვის გამოხატული დარღვევები;
  2. ჩირქოვანი ქრონიკული ბრონქიტი – რომელსაც ახასიათებს ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა, მაგრამ მიმდინარეობს სუნთქვის დარღვევების გარეშე;
  3. ობსტრუქციული ქრონიკული ბრონქიტი – ხასიათდება ვენტილაციის გამოხატული ობსტრუქციული დარღვევებით;
  4. ჩირქოვან-ობსტრუქციული ქრონიკული ბრონქიტი – რომელიც მიმდინარეობს ჩირქოვანი ნახველის გამოყოფითა და ვენტილაციის მყარი ობსტრუქციული დარღვევებით.

ქრონიკული ბრონქიტიქრონიკული ბრონქიტით ძირითადად ავადდებიან 50 წელს გადაცილებული ასაკის პირები, მათ შორის მამაკაცთა რაოდენობა 2-3-ჯერ აღემატება ქალების რიცხვს.

ქრონიკული ბრონქიტის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ბაქტერიულ ინფექციას, გარემოს გამღიზიანებლების ზემოქმედებას: ჰაერის დაბინძურებას და თამბაქოს ბოლს (15 წლამდე ბავშვებში ბრონქიტის სიხშირე კორელირებს პასიურ მოწევასთან), გულისა და ფილტვების დაავადებები, გარკვეული კლიმატური პირობები — მაღალი ტენიანობა.

თუ მწვავე ბრონქიტის გამომწვევი ფაქტორები ხანგრძლივად და განმეორებით მოქმედებენ, ამ შემთხვევაშიც ვითარდება ქრონიკული ბრონქიტი.

ქრონიკული ბრონქიტის კლინიკური ნიშნებია:

  • ხველა – ძირითადი ნიშანია, რომელიც ხან შეტევითი და მშრალია, ხან კი – წებოვანი, ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით.
  •  ციანოზი – რომელიც თან სდევს ხველის შეტევებს;
  • ტემპერატურა მცირედით არის მომატებული, მისი მაღალი ციფრები მიუთითებს გამწვავებისა და გართულებების არსებობაზე;
  • ქოშინი – რომელიც ვითარდება ემფიზემის თანდართვისას ან ფილტვის ან გულის ძირითადი დაავადებების დროს აღინიშნება.

დაავადება ტალღისებურად მიმდინარეობს. იგი შესაძლოა გართულდეს ემფიზემის, ბრონქოექტაზების და ფილტვისმიერი გულის განვითარებით. ზოგჯერ ამ დაავადების ფონზე ვითარდება ბრონქული ასთმა.

ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ აუცილებლად  მიმართეთ ექიმს, რათა დროულად მოხდეს გამომწვევის დადგენა და მკურნალობა.