გინეკოლოგია, ექიმის რჩევები, სიახლეები

პრემენსტრუალური ანუ მენსტრუაციისწინა სინდრომი

პრემენსტრუალური სინდრომი არის ქალის ემოციური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ნიშნების ერთობლიობა, რომელიც თავს იჩენს მენსტრუაციის დაწყებამდე 2-14 დღით ადრე და ქრება მენსტრუაციის შემდეგ. მათგან აღსანიშნავია: გუნება-განწყობილების შეცვლა, დისკომფორტი, შესაძლოა ტკივილიც და შეშუპება სარძევე ჯირკვლებში, მადის გაძლიერება, დაღლილობის განცდა, გაღიზიანებადობა, დეპრესია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 4 მენსტრუალური ციკლიდან 3 შემთხვევაში, ქალბატონების უმრავლოსობას მაინც აქვს სხვადასხვა ინტენსივობით გამოხატული პრემენსტრუალური სინდრომისთვის დამახასიათებელი ესა თუ ის ნიშანი ან სიმპტომი.

ფიზიკური თუ ემოციური ცვლილებები პმს-ს დროს შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობით გამოვლინდეს სხვადასხვა პაციენტებში, შესაძლოა იყოს უმნიშვნელოც კი. მიუხედავად ამისა, თქვენ არ უნდა დაუშვათ ეს მსუბუქი ჩივილებიც თქვენს ცხოვრებაში, არამედ პირიქით მკურნალობა და ცხოვრების წესის ცვლილება თქვენ დაგეხმარებათ პრემენსტრუალური სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნების და სიმპტომების შემსუბუქებასა და მართვაში.

სიმპტომები

პმს-თვის დამახასიათებელი სიმტომთა ჩამონათვალი უამრავია, თუმცა ქალების უმეტესობას მათგან მხოლოდ რამდენიმე შეიძლება გამოუვლინდეს.

ემოციური და ქცევითი ნიშნები და სიმპტომები :

  1. დაძაბულობა ან შფოთვა
  2. დეპრესიული განწყობა
  3. ემოციური ლაბილობა (უმიზეზო ტირილი)
  4. გაღიზიანებადობა
  5. მადის ცვლილება და საკვების გაძლიერებული მოთხოვნილება
  6. უძილობა
  7. ცუდი კონცენტაციის უნარი
  8. ლიბიდოს ცვლილება

ფიზიკური ნიშნები და სიმპტომები:

  1. სახრების ან კუნთების ტკივილი
  2. თავის ტკივილი
  3. დაღლილობა
  4. სითხის შეკავებასთან დაკავშირებული წონის მატება
  5. მუცლის შებერილობა
  6. სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის გაძლიერება
  7. აკნეს გამწვავება
  8. ყაბზობა ან დიარეა

თუნდაც მსუბუქად გამოვლენელმა, რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილმა ფიზიკურმა თუ ემოციურმა სიმპტომმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვეულებრივ პმს-თვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები ქალთა უმრავლესობაში ქრება მენსტრუალური პერიოდის დადგომიდან 4 დღის განმავლობაში.

პრემენსტრუალური სინდრომის მქონე ქალთა მცირე ნაწილში გვხვდება პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (Premenstrual Dysphoric Disorder). ის პრემენსტრუალური სინდრომის რთული ფორმაა. ასეთი ქალბატონების 10-15 %-ს ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა. მისი მკურნალობა ხშირად არაეფექტურია, რაც ქალებს რადიკალური ქმედებისკენ ( ჰისტერექტომია-საშვილოსნოს ამოკვეთა) უბიძგებს . ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალებს პრემენსტრუალურ პერიოდში ეწყებათ პანიკური შეტევები, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილებები. მდგომარეობა ზოგჯერ ისეთი გაუსაძლისია, რომ ქალებს ხშირად ამ მდგომარეობის უცებ დასრულების დაუოკებელი სურვილი ეუფლებათ, რაც რადიკალური ქმედებისკენ უბიძგებს.

როდის უნდა მიმართო ექიმს?

თუ თქვენ ვერ შეძელით პრემენსტრუალური სინდრომის მართვა ცხოვრების წესის შეცვლით და პმს-ის სიმპტომები გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

დაავადების გამომწვევი მიზეზი

ზუსტად რა იწვევს პრემენსტრუალურ სინდრომს უცნობია, რადგან მისი პათოგენეზური მექანიზმი რთულია და ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა შესაძლოა ხელი შეუწყოს მდგომარეობის განვითარებას:

ჰორმონების ციკლური ცვლილებები – მის კავშირს ადასტურებს ის , რომ პმს-თვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები გვხვდება ჰორმონალური ცვლილებების დროს და ქრება ორსულობის, ოვარექტომიის (ანუ საკვერცხეების ამოკვეთა) და მენოპაუზის დროს.

თავის ტვინში ქიმიური ცვლილებები – განსაკუთრებით კი სეროტონინის დონის ცვლილებამ. სეროტონინი გავლენას ახდენს გუნება-განწყობილების ქცევაში, მან შესაძლოა გამოიწვიოს პმს-ის დამახასითებელი სიმპტომები. სეროტონინის დეფიციტმა შესაძლო გამოიწვიოს პრემენსტრუალური დეპრესია, ასევე დაღლილობა, საკვების გაძლიერებული სურვილი და ძილის პრობლემები.

დეპრესია – ზოგიერთ ქალს მწვავე პრემენსტრუალური სინდრომით აქვს არადიაგნოსტირებული დეპრესია. თუმცა მხოლოდ დეპრესია არ იწვევს პმს-ის ყველა სიმპტომს.

დიაგნოსტიკა

დღესდღეობით არ არსებობს ზუსტი ფიზიკალური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა პმს-ის ზუსტი დიაგნოსტიკა, თუმცა ექიმმა პაციენტის ანამნეზის და ჩივილების გათვალისწინებით , შესაძლოა გამოავლინოს პმს-ის ფორმა და შემდგომი კვლევების ჩატარების აუცილებლობა, რომელიც განსაზღვრავს ესა თუ ის სიმპტომი უკავშირედება უშუალოდ პმს-ს, თუ რომელიმე სხვა სისტემის ფუნქციის დარღვევასთან არის დაკავშირებული.

მკურნალობა

ქალების უმეტესობას ცხოვრების წესის ცვლილება ეხმარება პმს-ის სიმპტომებისგან განთავისუფლებაში, მაგრამ ეს დამოკიდებულია სიმპტომის გამოვლენის ინტენსივობაზე და ხანგრძლივობაზე, აქედან გამომდინარე პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ ხშირად საჭიროა კომპლექსური თერაპია. ზოგჯერ დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით საჭირო ხდება რამდენიმე ექიმის ერთდროული ჩართულობა უკეთესი შედეგის მისაღწევად.

პმს-ის მკურნალობის საწყის ეტაპს წარმოადგენს ჰორმონალური ფონის მოწესრიგება, ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებით, რომლის დოზირებასაც ინდივიდუალურად განსაზღვრავს მხოლოდ ექიმი. გარდა ჰორმონალური პრეპარატებისა საჭიროების მიხედვით ინიშნება ანტიდეპრესანტები, დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები), დოფამინერგული პრეპარატები, ანტიპროსტაგლანდინები, ტრანკვილიზატორები და სხვა.

რეკომენდაციები

ზოგჯერ ცხოვრების წესის შეცვლით, სწორი კვებითი ქცევით და ფიზიკური აქტივობით შესაძლებელია მართო და შეამცირო კიდეც პრემენსტრუალური სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და გაიუმჯობესო ცხოვრების ხარისხი.

ამისათვის რჩევების სახით მნიშვნელოვანია ზოგიერთი პრინციპის გათვალისწინება :

  • მიიღეთ საკვები მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად
  • შეამცირეთ მარილი და მარილიანი საკვების მიღება, რათა შემცირდეს სითხის შეკავება ორგანიზმში
  • სითხე შეზღუდული რაოდენობით (თუმცა 1,5 ლიტრზე ნაკლები არ მიიღოთ), ყავა და ჩაი ნაკლები ოდენობით
  • შეზღუდედ კალიუმით მდიდარი საკვები და ამოირჩიეთ კალციუმით მდიდარი საკვები
  • მოერიდეთ ნიკოტინს და ალკოჰოლს
  • მნიშვნელოვანია ზღვის პროდუქტების და მარცვლეულის მიღება, რომელიც შეიცავს მაგნიუმს დიდი ოდენობით, რაც ხსნის გაღიზიანებადობას და ქრონიკულ დაღლილობას, ასევე ხელს უშლის დეპრესიის განვითარებას
  • ივარჯიშეთ რეგულარულად და ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ალტერნატიული მედიცინა

ხშირად პაციენტები თავისი ნებით ან ახლობლის რჩევით იღებენ ისეთ პრეპარატებს რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება ბოლომდე შესწავლილი არ არის. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება ვიტამინები და მცენარეული პრეპარატები. ისინი მართალია ამცირებენ სიმპტომების ინტენსივობას , თუმცა საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ისინი განიხილება, როგორც ალტერნატიული მკურნალობის მეთოდი. სასურველია ექიმის მიერ იყოს შერჩეული სწორი მკურნალობა, რათა არ მოხდეს პმს-ის პროგრესირება.

ექიმი,მეან-გინეკოლოგი ნათია ჭიტაძე