ორსულობა და მშობიარობა

ფეხმძიმეთა ტიპური შიშები

ფეხმძიმეთა ტიპური შიშებიფეხმძიმობას, ჩვეულებრივ, ასეთი ფრაზებით მოიხსენიებენ: “შესანიშნავი და სავსებით ბუნებრივი მდგომარეობა”, “ყველაზე ბედნიერი პერიოდი ქალის ცხოვრებაში” და ა.შ.

ფეხმძიმეები გულაჩუყებისა და გამუდმებული კომპლიმენტის ობიექტები ხდებიან. მათ გამუდმებით უსვამენ ერთსა და იმავე შეკითხვას – გოგოს ელოდებით თუ ბიჭს? ხოლო იმაზე, რომ ფეხმძიმობა, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, არცთუ მარტივი პერიოდია, მრავალტომიანი სამედიცინო ტრაქტატებიც კია დაწერილი.

აი, ფსიქოლოგიური მხარე კი რატომღაც, ყოველთვის კადრს მიღმა რჩება. არადა, ფეხმძიმობა სპეციფიკურ და ხშირ შემთხვევაში, გაუცნობიერებელ შიშთანაა დაკავშირებული, რაც მომატებული შფოთვის საფუძველი ხდება და შედეგად, ფეხმძიმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაც უარესდება.

1. სხეულის კონტროლის დაკარგვის შიში

ფეხმძიმეთათვის ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარ სხეულზე კონტროლის დაკარგვის შიშია. ორსულობისას ქალი წონაში მომატებას იწყებს, მუცელი კი თითქოს ცალკე იზრდება, იცვლება სხეულის პროპორციები. ასევე, ამ დროს ხშირია შეშუპებებიც და მადასთან დაკავშირებითაც უცნაური რამ ხდება: ფეხმძიმეს ჭამა ხან საერთოდ არ უნდა, ხან ჭამად იქცევა, ხან ისეთი რაღაც უნდება, რისი მიღებაც მისთვის არ შეიძლება ან იმ მომენტისთვის ხელთ არა აქვს. ჩნდება ძილსა და მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემებიც – ჩვეულ პოზაში დაძინება მოუხერხებელი ხდება, დიდ მანძილზე ფეხით სიარული უმძიმს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე ფიქრიც აღარ შეიძლება.

ფეხმძიმე ქალს უამრავი კითხვა უჩნდება და ხშირად, მათზე სრულიად ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს იღებს. მას ერთი ექიმი არწმუნებს, – ნაკლები სითხე უნდა მიიღოო, ხოლო მეორე იმით აფრთხობს, – შეიძლება, გაუწყლოება დაგემართოსო. სასურველი ინფორმაციის მისაღებად, ფეხმძიმე ქალი ინტერნეტში “ხეტიალს” იწყებს და იქ ხშირად აწყდება ისეთი არაადეკვატური შინაარსის შემცველ რჩევებსაც, როგორიცაა მაგალითად, “ყოველ ლუწ რიცხვში, 10-დან 11 საათამდე, ლოტოსის პოზაში თავზე დგომა”.

მსგავსი ინფორმაციის სიჭარბე ფეხმძიმეს მხოლოდ შიშს თუ უძლიერებს. ხშირად, მას ისეთი აკვიატებული აზრიც უჩნდება, თითქოს მას ან მის ბავშვს რაღაც ისეთი დაემართებათ, ექიმები რომ ძალიან გვიან ან საერთოდაც ვერ მიხვდებიან. თუ მსგავსი აზრები ქალს ვინმემ არ გაუქარწყლა, მაშინ ის საშინელი სიზმრების, საერთო შფოთვისა და დეპრესიის მიზეზი ხდება.

როგორ გავუმკლავდეთ შიშს?

  • უნდა მოიძებნოს ისეთი გინეკოლოგი, რომელსაც მომავალი დედა ბოლომდე ენდობა და რომელიც ფეხმძიმობის ყველა ეტაპზე დაწვრილებით აუხსნის მას, თუ რა და რატომ ემართება;
  • ქალს ფეხმძიმობის ყველა ეტაპზე მოხერხებული და ლამაზი ტანსაცმელი უნდა ეცვას. არ შეიძლება, სამიდან ცხრა თვის ჩათვლით, ფეხმძიმეს გამუდმებით ერთი, უშნოდ გამოჭრილი ჯინსის კომბინეზონი ეცვას.

2. კონტროლის დაკარგვის შიში

სხეულის კონტროლის დაკარგვის შიში, მომავლის კონტროლის დაკარგვის შიშს წარმოშობს. ყველაზე სერიოზული და ამასთან, საფუძვლიანიც, სამსახურის დაკარგვასთან დაკავშირებული შიშია. მასთან ბრძოლა მხოლოდ “უკან დასახევი გზების” წინასწარ მომზადებით, კარგი სოციალური გარანტიების მქონე ორგანიზაციაში მოწყობითა და კარიერული ტრაექტორიის წინასწარ განსაზღვრითაა შესაძლებელი. ამ მხრივ, ყველაზე უფრო დაუცველ მდგომარეობაში, როგორც წესი, ძალიან ახალგაზრდა ქალები არიან და მათ, პირველ რიგში, ახლობლების მხარდაჭერის იმედი აქვთ.

ფეხმძიმე ქალი, რომელსაც მეუღლის გაორმაგებული ყურადღება სჭირდება, ხშირად ორმაგ შიშს განიცდის: ჯერ ერთი, ქალს ეშინია, მეუღლეზე ზედმეტად დამოკიდებული არ გახდეს და ამავდროულად, იმის შიშიც აქვს, რომ შეიძლება, სრულიად უსარგებლოდ და ზედმეტად არ იქცეს.

სხვათა შორის, ძალიან ხშირად, სწორედ ამ შიშთანაა დაკავშირებული ფეხმძიმეთა ჭირვეულობაც, რადგან ამ გზით მათი ქვეცნობიერება უსაფრთხოებისა და პარტნიორის საიმედოობის დასტურს ეძებს. არადა, არცთუ იშვიათად, მამაკაცი ისე იქცევა, რომ ქალის შიშსა და შეშფოთებას კი არ აქარწყლებს, არამედ პირიქით, ადასტურებს: ის ან ყველაფრის მიმართ გულგრილია, ან მეუღლის ფეხმძიმობასთან დაკავშირებული ყველა წვრილმანით ინტერესდება, მკაცრად ადევნებს თვალს მის დიეტას, გადაადგილებას; ჯიუტად ითხოვს, ცოლმა ბავშვს სახელი უთუოდ მასთან შეთანხმებით შეურჩიოს და ა.შ.

როგორ გავუმკლავდეთ სოციალურ და ოჯახურ შიშს?

  • ყველაზე უკეთესი ყველაფრის წინასწარ, დაფეხმძიმებამდე მოფიქრება, მაქსიმალური სოციალური გარანტიების მიღებაა. ასევე, ის თავის პარტნიორში ბოლომდე უნდა იყოს დარწმუნებული;
  • სასურველია, ყველა შიშის ხმამაღლა განხილვა. ეს მის დაძლევაში ნაწილობრივ მაინც დაგეხმარებათ;
  • თუ ამა თუ იმ საკითხში საკუთარი ძალებით გარკვევას ვერ ახერხებთ, მაშინ ფსიქოლოგს უნდა მიმართოთ.

3. მშობიარობისწინა შიში

ფეხმძიმობის დროს არცთუ უმნიშვნელო ასპექტია მშობიარობის შიშიც. ის შეიძლება, მრავალგზის გააძლიეროს “მრავალნაცადი” დაქალების მიერ მონაყოლმა, მშობიარობასთან დაკავშირებულმა საშინელებებმა. თუმცა, ასეთი ამბებით ფეხმძიმეთა დაშინება არაერთ ექიმსაც სჩვევია.

მოსალოდნელი ტკივილისა და გართულებების სავსებით ლოგიკური შიშის გარდა, არსებობს სექსუალური მიმზიდველობის დაკარგვის შიშიც. ეს უკანასკნელი იმ ცრურწმენითაცაა გამყარებული, რომ ფეხმძიმობის დროს სექსი დაუშვებელია. შედეგად, სექსუალური დაძაბულობა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა მთელი წელი გრძელდება და არცთუ იშვიათად, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქალის სექსუალური ცხოვრება მართლაც უარესდება.

როგორ გავუმკლავდეთ?

  • მშობიარობასა და მასთან დაკავშირებული ტრავმების შესახებ დეტალურად უნდა იმსჯელოთ მეან-გინეკოლოგთან, რის შემდეგაც, შიშის უმეტესობა უთუოდ გაქრება;
  • სასურველია, ექიმთან სქესობრივი ცხოვრების შესაძლებლობაზე საუბარიც;
  • არ წაიკითხოთ და არ მოისმინოთ მშობიარობის შესახებ არსებული საშინელებები, რადგან ამას ძალზე სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია.

4. იმის შიში, რომ დედად ვერ ივარგებ

არცთუ იშვიათად, პირველი შვილის მომლოდინე ახალგაზრდა ქალებს ეშინიათ, რომ დედის მოვალეობის შესრულებას ვერ გაუმკლავდებიან. ეს განცდა განსაკუთრებით მაშინ მძაფრდება, როცა ფეხმძიმობა ქორწინების გარეშე ან ძალზე ადრეულია.

“ახალშობილობის კრიზისი”
“ახალშობილობის კრიზისი” (რომელსაც, ძირითადად, სეპარაციის კრიზისად იხსენიებენ) ძალიან უცნაური თემაა: ერთი მხრივ, ამ მოვლენაზე თითქოს ყველაფერი ცნობილია, მაგრამ მეორე მხრივ, იმაზე, თუ რას განიცდის ახალბედა დედა, თითქმის არაფერია ნათქვამი. არადა, მის მდგომარეობას მარტივს ნამდვილად ვერ დაარქმევ – ბავშვის გაჩენის შემდეგ ხომ ქალი საყოველთაო ზრუნვის ობიექტიდან იმ ადამიანად იქცევა, ვინც გამუდმებით სხვაზე უნდა იზრუნოს. ასეთ მკვეთრ ცვლილებასთან გამკლავება კი ადვილი სულაც არაა (განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ჰორმონულ დისბალანსთან დაკავშირებული მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც ერთვის).

როგორ გავუმკლავდეთ?
ბოლო კვლევებმა უჩვენა, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკი, ძირითადად, სოციალურ-მატერიალურ გართულებებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, არსებობს ჰიპოთეზა, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია მხოლოდ და მხოლოდ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ფორმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან გამკლავება ახლობლების აქტიური მხარდაჭერითა და ფსიქოლოგთან სიარულით უფრო გონივრულია, ვიდრე ანტიდეპრესანტებით, რომლებსაც როგორც დედის, ისე ახალშობილის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

მშობიარობისთვის ფსიქოლოგიურ მომზადებაში მთავარი შიშის დაძლევა და მისი გაცნობიერებაა. გაცნობიერებული შიში ხომ, როგორც წესი, ადვილად გადასაჭრელი პრობლემის რანგში გადადის.