პაპილომა ვირუსი (HPV) და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ-სინჯი
სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ გერმანიაში, საშვილოსნოს ყელის კიბოთი, წელიწადში 7000 ქალი ავადდება, აქედან თითქმის 2000 კვდება. ათწლეულების მანძილზე ამ დაავადების პროფილაქტიკის მიზნით ტარდებოდა PAP სინჯი. ბოლო წლების განმავლობაში ამ სინჯს კონკურენტი — პარტნიორი გამოუჩნდა — ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV). კვლევებით დადასტურებულია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 99,7%-ში ნანახი იქნა ადამიანის პაპილომა ვირუსი.
რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV)?
ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია, რომელიც გადაეცემა უშუალოდ კანის-კანთან კონტაქტით, ორალური და ანალური სექსით. აღსანიშნავია, რომ პრეზერვატივი ბოლომდე ვერ იცავს ადამიანს ამ ვირუსისგან, რადგანაც გენიტალურ ორგანოებს სრულად ვერ ფარავს.
ადამიანის პაპილომა ვირუსის 100-მდე სხვადასხვა ტიპი არსებობს. დაყოფილია მაღალი და დაბალი რისკის ჯგუფებად იმის მიხედვით, იწვევს თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბოს. ქვეტიპები 6 და 11 გენიტალურ მეჭეჭებს იწვევს, დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება და საშვილოსნოს ყელის კიბოსთან კავშირი არ აქვს. ქვეტიპები 16,18,45 მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება და უშუალო კავშირშია საშვილოსნოს ყელის კიბოსთან.
რა როლს ასრულებს HPV საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების პროცესში?
სექსუალურად აქტიური ქალების თითქმის 70-80% 50 წლის ასაკამდე უკვე ინფიცირებულია ამ ვირუსით. ქალების უმეტესობას პირველი კონტაქტი ამ ვირუსთან 15-25 წწ ასაკში აქვთ. ინფიცირებულების უმეტესობას რაიმე კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება და ინფიცირების შესახებ არც კი იციან. უმეტეს შემთხვევებში ადამიანის იმუნური სისტემა წარმატებით ებრძვის ამ ვირუსს და ორგანიზმს მისგან ათავისუფლებს. ინფიცირებულების 10-20%-ში კი ვირუსი ორგანიზმში პერსისტირებს. ამ შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი ძალიან მაღალია. დადგენილია, რომ თუ ვირუსი ორგანიზმში პერსისტირებს 12-დან 18 თვემდე, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი იზრდება 300-ჯერ. ამიტომაც რეგულარული PAP-სინჯი და HPV -მაღალი რისკის ქვეტიპების კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის აღმოსაჩენად.
რა არის PAP სინჯი ?
Pap სინჯი, ანუ Pap ნაცხი — სკრინინგ სინჯია, რომელიც 1940 წელს შექმნა ექიმმა პაპანიკოლაუმ. Pap სინჯის საშუალებით საშვილოსნოს ყელის სიმსივნის და სიმსივნისწინა მდგომარეობების უჯრედებს აღმოაჩენენ ადრეულ ეტაპზე. სინჯის სპეციფიურობა 95%-ია. მის ჩასატარებლად ექიმი იღებს ნაცხს საშვილოსნოს ყელიდან და გზავნის ლაბორატორიაში, სადაც ხდება მასალის ციტოლოგიური შესწავლა. აღნიშნული სინჯი აღმოაჩენს კიბოსწინა მდგომარეობების მხოლოდ ნაწილს. ამიტომაც მეცნიერები მუშაობდნენ უფრო მგრძნობიარე და სპეციფიკური სინჯის შესაქმნელად. სწორედ ასეთი სინჯია ადამიანის პაპილომავირუსის დნმ-ს (HPV- DNA) კვლევა საშვილოსნოს ყელის ნაცხში.
რა არის HPV -DNA სინჯი?
HPV -DNA სინჯის საშუალებით შესაძლებელია ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობის დადგენა. აღნიშნული სინჯით სკრინინგის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალების გამოვლენა ხდება ადრეულ სტადიაზე, სანამ ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს.
მაღალი რისკის HPV ქვეტიპების არსებობა არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად საშვილოსნოს ყელის კიბო გაქვთ. იგი მხოლოდ ამ დაავადების განვითარების მაღალ რისკზე მიუთითებს და თქვენს ექიმს უფრო მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული სინჯით შესაძლებელია დაავადების პირველი ნიშნები ადრეულ ეტაპზე შევიცნოთ და ეფექტური მკურნალობა ჩავატაროთ.
თუ HPV მაღალი რისკის ქვეტიპები უარყოფითია, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რადგან საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი თითქმის ნულის ტოლია.
როგორ ტარდება HPV DNA სინჯი?
მასალა მიიღება ისევე, როგორც PAP სინჯის დროს. საშვილოსნოს ყელიდან სპეციალური ჯაგრისით აღებული უჯრედები თავსდება სპეციალურ სითხეში და იგზავნება ლაბორატორიაში გამოსაკვლევად.
თუ გსურთ იყოთ დარწმუნებული, რომ ჯანმრთელი ხართ ჩაიტარეთ სკრინინგი PAP და HPV DNA სინჯებით.
მეცნიერების დღევანდელი მიდგომით საშვილოსნოს ყელის პროფილაქტიკური კვლევებისთვის ოქროს სტანდარტია ორი სინჯის — PAP და HPV — DNA სინჯების — კომბინაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია 2003 წლის აპრილში FDA*-ს მიერ.
გახსოვდეთ:
- ადამიანის პაპილომა ვირუსი მეტად გავრცელებული ვირუსია;
- საშვილოსნოს ყელის კიბო კი შედარებით იშვიათი დაავადებაა;
- თუ საშვილოსნოს ყელის უჯრედების ცვლილებები ადრეულ ეტაპზე დადგინდა, მკურნალობა წარმატებულია 100%-ში.