ორსულობა და მშობიარობა

მითები ფეხმძიმობის დროს

მითები ფეხმძიმობის შესახებქალის ცხოვრებაში ფეხმძიმობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი პერიოდია. თუმცა ვისაც ფეხმძიმობა გამოუცდია, დაგვეთანხმება, რომ ამ დროს გარშემომყოფები რჩევებს არ იშურებენ, რომელთა უმეტესობა სტერეოტიპულია, მითია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

ფეხმძიმობის შესახებ ყველაზე გავრცელებულ მითები:

ფეხმძიმე ქალმა ორი ადამიანისთვის უნდა ჭამოს – აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტის დიეტოლოგები ამბობენ, რომ თუ ქალს აქვს ჯანსაღი წონა, თუ ის ორსულობამდე ჯანსაღად იკვებებოდა, მას არ სჭირდება ორსულობის პერიოდში დამატებით ძალიან ბევრიკალორიის მიღება. სპეციალისტები გვირჩევენ,რომ მივიღოთ დღეში დამატებით 340 კალორიაორსულობის მეორე ტრიმესტრში და დაახლოებით დღში დამატებით 450 კალორია მესამე ტრიმესტრში. თანამედროვე დედები ძალიან ბევრ საჭმელს კი არ მიირთმევენ, არამედ იკვებებიან ჯანსაღად.

ორსულობა ქალს სულელად აქცევს – ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც ორსულობას ახლავს თან, რა თქმა უნდა, ქალს უფრო ემოციურს და მგრძნობიარეს ხდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამ დროს ის სულელია. ორსულობის დროს ბევრი ქალი საკუთარ თავში ახალ ნიჭს პოულობს. მაგ: ზოგიერთ მათგანს ხატვა გამოსდის შესანიშნავად, ზოგი წიგნების წერას იწყებს, ან ბიზნეს იდეები უჩნდება. ბევრი მსახიობი ფეხმძიმობის დროსაც არ წყვეტს სამსახურებრივ საქმიანობას და სწორედ ამ პერიოდში შესრულებული როლები აღმოჩნდება ხოლმე მათ კარიერაში საუკეთესო.

ულტრაბგერთი გამოკვლევა ბავშვისთვის საზიანოა – ექიმების უმეტესობა რეკომენდაციას უწევს ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებას სამჯერ ორსულობის განმავლობაში – სამ თვეში ერთხელ. უფრო მეტი გამოკვლევის ჩატარება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დედას, ან ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. თუმცა ზოგიერთ დედას დღემდე სჯერა, რომ ასეთი გამოკვლევა ბავშვისთვის საზიანოა, რაც ექიმების თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება. ის აუცილებელია, რათა თავიდანვე განისაზღვროს ბავშვის მდგომარეობა და თავიდან ავიცილოთ გართულებები.

ქალმა პირველი ბავშვი 30 წლამდე უნდა გააჩინოს – კიდევ ერთი მითი, რომლისაც ზოგიერთ ქალს კვლავ სჯერა. თუ 30 წელს ზემოთ ქალი გაუფრთხილდება თავს, მიიღებს ჯანსაღ საკვებს, ივარჯიშებს შესაბამისად, რეგულარულად გაივლის კონსულტაციას ექიმთან, გართულებების რისკი ძალიან დაბალი იქნება და ის უფრო ახალგაზრდა დედის შემთხვევაში არსებულ რისკებს გაუთანაბრდება.

ასე რომ, ქალმა შეიძლება დაგეგმოს ორსულობა მაშინ, როცა ის ამისთვის მზად არის ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. ექიმების უმეტესობა თვლის, რომ ქალისთვის ორსულობისა და მშობიარობისთვის საუკეთესოა 20-დან 30 წლამდე პერიოდი. ხოლო ახალი მეცნიერული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჯანსაღი ბავშვის გაჩენისთვის საუკეთესო ასაკი 34 წელია.

ორსულობის დროს ყველა ქალი გიჟდება მარილიან საკვებზეასე არ არის. ამ დროს ის საკვები, იმ ვიტამინები, რომლებიც შედარებით ნაკლებადაა ორგანიზმში. ასე რომ, ქალი ფეხმძიმობის დროს შეიძლება გიჟდებოდეს როგორც მარილიან, ასევე ტკბილ საკვებზე.

გავრცელებული აზრია, რომ ორსულობის დროს ქალი არ უნდა დადიოდეს სპორტდარბაზში, არც საცურაო აუზზე, 9 თვის განმავლობაში ის მშვიდად უნდა იჯდეს, ან დაწოლილი იყოს – ეს კიდევ ერთი მცდარი შეხედულებაა. თუ ქალს ორსულობის დროს რაიმე პრობლემები და გართულებები არ აქვს, არ არის საჭირო რომ ის მოდუნებული იყოს. პირიქით, უკეთესია, თუ ივარჯიშებს და ფიზიკური აქტივობით დაკავდება. თუ ორსულობის დროს ივარჯიშებთ, მშობიარობის პროცესი უფრო გაგიმარტივდებათ.

ფეხმძიმობის დროს სექსმა შესაძლოა ბავშვს ავნოს – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. ადამიანები ამბობენ, რომ ორსულობის დროს სექსი ბავშვისთვის მავნებელია, ხოლო ორსული ქალისთვის უსიამოვნო. თუ ქალი ამ დროს რაიმე დისკომფორტს არ გრძნობს, სექსუალური აქტივობა ნაყოფისთვის სახიფათო არ არის. როგორც არაერთი კვლევითაა დამტკიცებული, სექსი განწყობას ამაღლებს და შეუძლია, სტრესის ხარისხი შეამციროს. ასე რომ, მომავალი დედებისთვის ორსულობის დროს სექსი სასარგებლოა, ვინაიდან ამ დროს უმნიშვნელოვანესია კარგ განწყობაზე იყოთ.

ორსულმა ქალმა არ უნდა შეიღებოს თმა და არ უნდა წაისვას ფრჩხილებზე ლაქი – რა თქმა უნდა, ასე არ არის. მთავარია, გამოყენოთ ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს.

თუ თხილს, კაკალსა და თევზს მიირთმევთ თქვენი შვილი უფრო ინტელექტუალი იქნება – ეს პროდუქტები ჯანსაღია და რა თქმა უნდა, უნდა მიიღოთ. მათ ბევრი სასარგებლო თვისებები აქვთ. აუმჯობესებენ ადამიანის გონებრივად უკეთ მუშაობის უნარს, კარგია სისხლის მიმოქცევისთვის, მაგრამ ახდენს თუ არა ის მუცლად მყოფი ბავშვის გონებრივ განვითარებაზე გავლენას, მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.

ზოგიერთი თვლის, რომ სტრესი სახიფათო არ არის – მუდმივ სტრესში ყოფნა კარგი არავისთვისაა. მუდმივი შფოთვა კიდევ უფრო უარესია ორსული ქალისთვის. ნუ მისცემთ ნებას მცირე პრობლემებს რომ ხასიათი გაგიფუჭონ და ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.

აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სტრიების საწინააღმდეგო კრემი – ხშირად ასეთი კრემზე გვგონია, რომ ჯანდოსნური ეფექტი აქვს, მაგრამ სინამდვილეში ჩვეულებრივი დამატენიანებელი ლოსიონისგან არაფრით განსხვავდება. რა თქმა უნდა, ამგვარი პროდუქტების გამოყენება კანს უფრო რბილს და ელასტიურს გახდის, მაგრამ მათ სტრიების მოშორება არ შეუძლიათ. სტრიების გაჩენა გენეტიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჰკითხეთ დედას, ან ბებიას ჰქონიათ, თუ არა სტრიები. დიდი ალბათობით თქვენც მათ დაემსგავსებით.

ორსულობის მესამე ფაზაში წყლის მოხმარება უნდა შეამციროთ – წარსულში ქალებს წყლის მოხმარების შეზღუდვას ურჩევდნენ, იმ მოტივით რომ წყალი შეშუპებას იწვევს, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, შეშუპებასთან წყლის მომხარება არანაირ კავშირში არ არის. პირიქით, წყლის დიდი რაოდენობით მიღება ორსულისთვის ფეხმძიმობის ნებისმიერ პერიოდში სასარგებლოა.

ცხოვრება ისეთივე იქნება ბავშვის დაბადების შემდეგ, როგორიც მანამდე იყო – ეს ასე არ არის. შესაძლოა, გაიმარტივოთ ბავშვის აღზრდის პროცესი, მაგრამ შვილის გაჩენის შემდეგ ბევრი რამ იცვლება. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე უფრო ცუდი, ან უფრო კარგი ხდება. უბრალოდ თქვენი ცხოვრების სტილი განსხვავებული იქნება.

© trend.ge

ენდოკრინოლოგია

14 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღე

დიაბეტის საერთაშორისო დღედიაბეტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება, იგი დიაბეტის ადვოკატირებასა და დაავადებაზე ინფორმირებულობის ზრდას ეძღვნება.

დიაბეტის მსოფლიო დღე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის 200-ზე მეტი წევრი ასოციაციის, გაერთიანებული ერების ყველა წევრი სახელმწიფოსა და, ასევე, სხვადასხვა ასოციაციის, ორგანიზაციის, ჯანდაცვის პროფესიონალების, დიაბეტით დაავადებელებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ.

კამპანიის მთავარი გზავნილებია:

  • ჯანსაღი კვება იწყება საუზმით
  • გადააქციე ჯანსაღი საკვები იოლ და მარტივ გადაწყვეტილებად
  • ჯანსაღი კვება: გააკეთე სწორი არჩევანი.

ზოგადად დიაბეტის შესახებ:

რისკის ფაქტორები

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის რისკის ფაქტორებს დღემდე სწავლობენ. დადგენილია, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის ოჯახური ანამნეზის არსებობისას, დაავადების განვითარების რისკი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება. ეკოლოგიური ფაქტორებისა და ზოგიერთი ვირუსული ინფექციის ექსპოზიცია მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე განიხილება როგორც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის განვითარების რისკები.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების შესაძლო რისკის ფაქტორებია:
• ოჯახური ანამნეზი
• ჭარბი წონა
• არაჯანსაღი კვება
• ფიზიკური ინაქტივაცია
• მაღალი არტერიული წნევა
• ეთნიკურობა
• გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა
• გესტაციური დიაბეტის ანამნეზი
• ორსულობის დროს არასაკმარისი კვება.

გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა (გტდ) ნორმასა და შაქრიან დიაბეტს შორის შუალედურ მდგომარეობას წარმოადგენს. კვებასა და ფიზიკურ აქტივობაში ცვლილებებმა, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ურბანიზაციასთან, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირთა რიცხვი გაზარდა.
ორსულ ქალებს, რომელთაც აღენიშნებათ ჭარბი წონა, დიაგნოსტირებული იყვნენ გტდ-ზე, ან ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი, აქვთ გესტაციური დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი. და, ბოლოს, წარსულში დიაგნოსტირებული გესტაციური დიაბეტი ან გარკვეული ეთნიკური ჯგუფი გტდ-ს მიმართ მომატებული რისკის ქვეშ აყენებს ქალებს.

დიაბეტის ნიშნები და სიმპტომები

დიაბეტით დაავადებულ პირებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები და ნიშნები, თუმცა ზოგჯერ დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ.

დიაბეტისათვის დამახასიათებელი ჩივილებია:
• გაძლიერებული შარდვა
• წყურვილის გაძლიერებული გრძნობა
• წონის კარგვა
• დაღლილობა
• კონცენტრაციის დაქვეითება
• ფეხებისა და ხელების დაბუჟება და ჩხვლეტა
• მხედველობის დაქვეითება
• ხშირი ინფექციები
• ჭრილობების გვიანი შეხორცება
• პირღებინება და მუცლის არეში ტკივილი (ხშირად გრიპის მცდარი კლინიკა).

თუკი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ვითარდება სწრაფად და უეცრად, დიაბეტი ტიპი 2 ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით და ამიტომ, ხშირად რთულია მისი დიაგნოსტირება.

დიაბეტის გართულებები

დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკი აღენიშნებათ. სისხლში გლუკოზის მუდმივად მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გულისა და სისხლძარღვების, თვალების, თირკმლების, ნერვების და კბილების სერიოზული დაზიანება. ასევე, დიაბეტით დაავადებულებს აქვთ მიდრეკილება ინფექციებისადმი. მაღალი შემოსავლების მქონე თითქმის ყველა ქვეყანაში შაქრიანი დიაბეტი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიბრმავის, თირკმლის უკმარისობისა და ქვედა კიდურების ამპუტაციის უმთავრესი მიზეზი. სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის, არტერიული წნევის, ქოლესტერინის ნორმასთან დაახლოებული დონის შენარჩუნებას შეუძლია დიაბეტის გართულებების რისკის შეჩერება და თავიდან აცილება, ამიტომ დიაბეტით დაავადებულები უნდა იტარებდნენ მუდმივ მონიტორინგს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა, გავლენას ახდენს რა გულსა და სისხლძარღვებზე, შეიძლება გამოიწვიოს ფატალური გართულებები, როგორიცაა გულის იშემიური დაავადებები (მაგ. ინფარქტი) და ინსულტი. დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში სიკვდილის მიზეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მაღალი არტერიული წნევა, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის მაღალი შემცველობა და სხვა ფაქტორები ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა გართულებების მზარდ რისკს.

თირკმლის დაავადებები (დიაბეტური ნეფროპათია): დიაბეტით დაავადებულებს თირკმლის პათოლოგია უფრო ხშირად აღენიშნებათ პოპულაციის დანარჩენ ჯგუფთან შედარებით. სისხლში გლუკოზისა და არტერიული წნევის ნორმალურ, დაახლოებულ დონესთან შენარჩუნებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს თირკმლის დაავადებების რისკი.

დიაბეტური ნეიროპათია: დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება მთელი სხეულის გასწვრივ, როდესაც სისხლში გლუკოზა და არტერიული წნევა ზედმეტად მაღალია.
შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა, ერექციულმა დისფუნქციამ და სხვა მრავალი ფუნქციის დარღვევამ იჩინოს თავი. ხშირად ზიანდება კიდურები, კერძოდ, ფეხები. ნერვის დაზიანებას ამ ადგილზე ეწოდება პერიფერიული ნეიროპათია და, შეიძლება, გამოიწვიოს ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება და მგრძნობელობის დაკარგვა. მგრძნობელობის დაკარგვის შეგრძნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას იძლევა დაზიანებები განვითარდეს შეუმჩნეველად, რასაც სერიოზული ინფექციები და შესაძლო ამპუტაცია მოჰყვება. დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში ამპუტაციის რისკი 25-ჯერ მეტია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც არა აქვს დიაბეტი. თუმცა, სრულყოფილი მართვა დიაბეტთან დაკავშირებულ ამპუტაციის მნიშვნელოვან შემთხვევებს თავიდან აგვაცილებს. ამპუტაციის შემდეგ დარჩენილი ფეხისა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია კიდურების შემდგომი მოვლით, მულტიდისციპლინარული გუნდის საშუალებით. დიაბეტით დაავადებული პირები რეგულარულად უნდა იმოწმებდნენ ტერფს, მასზე განვითარებული დაზიანებების დროული გამოვლენის მიზნით.

თვალის დაავადებები (დიაბეტური რეტინოპათია): დიაბეტით დავადებულ პირთა უმრავლესობას უვითარდება თვალის დაავადებები (დიაბეტური რეტინოპათია), რომლებიც მხედველობის დაქვეითებასა და სიბრმავეს იწვევს. სისხლში გლუკოზის მომატებული დონე მაღალ არტერიულ წნევასა და მაღალ ქოლესტერინთან ერთად რეტინოპათიის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს. აღნიშნულის მართვა შესაძლებელია გლუკოზისა და ქოლესტერინის ნორმასათან მიახლოებული დონისა და, ასევე, თვალის რეგულარული კონტროლით.

ორსულობის გართულებები: ქალებს, ორსულობის პერიოდში ნებისმიერი ტიპის დიაბეტით, აქვთ გართულებების მაღალი რისკი, თუ ისინი გულდასმით არ აკონტროლებენ და არ მართავენ თავიანთ მდგომარეობას. ნაყოფის ორგანოების შესაძლებელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალებმა ორსულობამდე უნდა მიაღწიონ გლუკოზის სამიზნე მაჩვენებლებს. დიაბეტი ტიპი 1-ით, ტიპი 2- ით ან გესტაციური დიაბეტით დაავადებული ყველა ქალისთვის ორსულობის დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის სამიზნე დონის მიღწევა გართულებების მინიმალიზაციის თვალსაზრისით. ორსულობის დროს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის ჭარბწონიანობა. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის დროს პრობლემები, ახალშობილისა და დედის ტრავმა და სისხლში გლუკოზის მოულოდნელი შემცირება ბავშვის დაბადების შემდეგ. ბავშვებს, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დედის სისხლში გლუკოზის მაღალი დონის გავლენას განიცდიან, მოზრდილობაში დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი აღენიშნებათ.

დიაბეტის პრევენცია

დღეისათვის, დიაბეტი ტიპი 1-ის პრევენცია შეუძლებელია. ეკოლოგიური ფაქტორები, რომლებიც, როგორც ითვლება, პროცესის გენერირების გზით ინსულინწარმომქმნელი უჯრედების განადგურებას იწვევეს, კვლევის პროცესშია.~

არსებობს უამრავი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია შესაძლებელია. სიმსუქნე, განსაკუთრებით აბდომინალური, დაკავშირებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებასთან. წონის კლება აუმჯობესებს ინსულინორეზისტენტობასა და არტერიულ წნევას. ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დიაბეტის პროფილაქტიკაში. ფიზიკური აქტივობის გაზრდა ხელს უწყობს წონის შემცირებას და დაკავშირებულია არტერიული წნევისა და მოსვენებითი გულისცემის შემცირებასთან, ზრდის ინსულინრეზისტენტობას, აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.

დაბალანსებული და ჯანსაღი დიეტა აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. ჯანსაღი დიეტა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს.

მოწევა მრავალი ქრონიკული დაავადების, მათ შორის, დიაბეტისა და მისი გართულებების კარგად დადგენილი რისკის ფაქტორია. ისევე, როგორც სხვა მავნე ჩვევები, მოწევა ზრდის მუცლის არეში ცხიმის დაგროვებასა და ინსულინის მიმართ რეზისტენტობას. ყველა მწეველი უნდა წახალისდეს, რათა თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას.

დერმატო–ვენეროლოგია

ალოპეცია – თმის ცვენა

ალოპეცია – თმის ცვენაალოპელაციის ანუ თმის ცვენის მრავალი სახეობა არსებობს, სხვადასხვა გამომწვევი სიმპტომებითა და მიზეზებით.

მამაკაცური და ქალური ტიპის სიმელოტე

მამაკაცური ტიპის სიმელოტე თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც ვლინდება 40-50 წლამდე მამაკაცების თითქმის ნახევარში. ის ძირითადად იწყება 20-30 წლიდან და უკვე 30 წელს გადაცილებული მამაკაცების უმრავლესობა გარკვეულწილად უკვე გამელოტებულია.
მამაკაცური ტიპის სიმელოტე ძირითადად იწყება თმის ცვენით, რასაც თავის გვირგვინსა და გვერდებზე თმის შეთხელება მოჰყვება. ზოგჯერ შეიძლება პროგრესირდეს მთლიან სიმელოტეში, თუმცა ეს იშვიათია.
მამაკაცური ტიპის სიმელოტე მემკვიდრეობითია, რაც ნიშნავს, რომ ის გადაეცემა გენეტიკურად.მ ოიაზრება, რომ ამას იწვევს თმის ფოლიკულების ზედმეტი მგრძნობიარობა, რაც დაკავშირებულია კონკრეტული მამაკაცური ჰორმონების ზედმეტ რაოდენობასთან.
ისევე როგორც მამაკაცებზე, ზოგჯერ იგი ქალებზეც ახდენს გავლენას (ქალური ტიპის თმის ცვენა). ქალური ტიპის სიმელოტის დროს კი, თმა ძირითადად თხემის არეშია შეთხელებული.
არ არის ბოლომდე ცნობილი თუ რა იწვევს ქალური ტიპის თმის ცვენას და არის თუ არა ესეც მემკვიდრეობითი. თუმცა, ის უფრო შესამჩნევი ხდება ქალებში მენოპაუზის შემდეგ. ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ქალური ჰორმონების რაოდენობის შემცირებასთან.

ბუდობრივი ალოპეცია

ბუდობრივი ალოპეცია ხასიათდება გამელოტებული ადგილებით, რომლებიც ძირითადად მონეტის ხელაა. ძირითადად ვითარდება თავის ქალაზე, თუმცა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილზე, სხეულის სხვა ნაწილებშიც. მისი განვითარება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუმცა ძირითადად ახალგაზრდებში და თინეიჯერებში იჩენს თავს.
უმეტეს შემთხვევებში ბუდობრივი ალოპეციის დროს, თმა ისევ გაიზრდება რამდენიმე თვეში. ასეთ შემთხვევებში, თავიდან ახალი თმა შეიძლება იყოს თხელი და თეთრი, მაგრამ დროთა განმავლობაში უნდა გასქელდეს და დაიბრუნოს ნორმალური ფერი.
ზოგიერთ ადამიანს უვითარდება თმის ცვენის უფრო ძლიერი ფორმა, როგორიცაა:

  • სრული ალოპეცია (თავის ქალაზე თმის სრულად გაცვენა)
  • უნივერსალური ალოპეცია (თმის სრულად გაცვენა თავზეც და ტანზეც).

ბუდობრივ ალოპეციას იწვევს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა (სხეულის ბუნებრივი თავდაცვა ინფექციებისა და ავადმყოფობების წინააღმდეგ). ამ სახის ალოპეცია უფრო ხშირია ადამიანებში ვისაც აქვთ აუტოიმუნური მდგომარეობები, როგორიცაა ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთირეოზი), დიაბეტი, ან დაუნის სინდრომი.
ასევე მიჩნეულია, რომ გენეტიკური ფაქტორი ბუდობრივი ალოპეციისკენაა მიდრეკილი, რადგან ხუთი ადამიანიდან ერთს ოჯახურ ანამნეზში აქვს ალოპეცია.
ბუდობრივი თმისცვენა ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს, თუმცა უფრო ხშირია 15-29 წლის ასაკში. დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 0.1-0.2%-ში ვლინდება.

ნაწიბუროვანი ალოპეცია

ნაწიბუროვან ალოპეციას ძირითადად იწვევს სხვა დაავადებების გართულებები. ამ ტიპის ალოპეციის დროს თმის ფოლიკული (კანზე არსებული მცირე ხვრელი, საიდანაც იზრდება თმა) სრულად ნადგურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თმა ხელახლა ვეღარ ამოვა.
მის გამომწვევ მიზეზზე დამოკიდებულებით, კანის ის ადგილიც შეიძლება დაზიანდეს, საიდანაც იზრდებოდა თმა.
მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბუროვანი ალოპეცია მოიცავს:

  • სკლეროდერმას – მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმის დამაკავშირებელ ქსოვილებზე, რაც იწვევს გამაგრებულ, ამოზნექილ და ქავილიან კანს
  • ბრტყელი ლიქენი – ქავილიანი გამონაყარი, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე
  • დისკოიდური მგლურა – მგლურას მსუბუქი ფორმა, რომელიც გავლენას ახდენს კანზე და იწვევს ქერცლოვან ნიშნებს და თმის ცვენას
  • ფოლიკულიტი დეკალვანსი – თმისცვენის იშვიათი ფორმა, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება მამაკაცებში და იწვევს სიმელოტეს და თმისცვენის ადგილას კანზე იარების გაჩენას
  • წინა ფიბროზული ალოპეცია – თმისცვენის სახეობა, რომელიც ვლინდება მენოპაუზის შემდგომ ქალებში, როდესაც თმის ფოლიკულები ზიანდება და თმა ისე ცვივა, რომ ვეღარ გაიზრდება ხელახლა.

ნაწიბუროვანი ალოპეცია თანაბრად ხდება ქალებში და კაცებში, მაგრამ იშვიათია ბავშვებში. ამ სახეობის თმისცვენა, თმისცვენის შემთხვევების 7%-ს შეადგენს.

ანაგენის გაქრობა

ამ სახეობის თმისცვენა, არის ფართოდ გავრცელებული თმის ცვენა, რომელიც ზემოქმედებს თავზე, სახესა და ტანზე. ამ ტიპის თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ქიმიოთერაპიით კიბოს მკურნალობაა. ზოგიერთ შემთხვევაში თმისცვენა შეიძლება გამოიწვიოს კიბოს სხვა სამკურნალო საშუალებებმაც, მათ შორის იმუნოთერაპია და რადიოთერაპია.
თმისცვენა ძირითადად შესამჩნევი ხდება მკურნალობის დაწყებიდანრამდენიმე კვირის შემდეგ. თუმცა, ყველა ქიმიოთერაპიული წამალი არ იწვევს თმისცვენას და ზოგჯერ ეს იმდენად მცირე რაოდენობით ხდება, რომ თითქმის შეუმჩნეველია.
ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმისცვენის შემცირება შეიძლება შესაძლებელი იყოს სპეციალური ქუდის ტარებით, რომელიც თავის ქალას გააგრილებს. თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ არის ეფექტური და ფართოდ არ გამოიყენება.
ანაგენის გაქრობით გამოწვეული თმისცვენა უმეტეს შემთხვევაში, თმის ცვენა დროებითია და ქიმიოთერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში თმამ ზრდა ისევ უნდა დაიწყოს.

ტელოგენის გაქრობა

ეს არის ალოპეციის გავრცელებული ფორმა, რასაც ძირითადად თმის გათხელება მოყვება და არა სიმელოტის კერების გაჩენა. ამ დროს თმა შეიძლება გათხელდეს, მაგრამ გაცვენის ნაკლები ალბათობაა და ტანზე არსებულ თმაზე ძირითადად საერთოდ არ ახდენს ეფექტს.
ტელოგენის გაქრობა შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმის რეაქციით:

  • ჰორმონულ ცვლილებებზე, როგორიცაა მაგალითად ორსულობის დროს
  • ინტენსიურ ემოციურ სტრესზე
  • ინტენსიურ ფიზიკურ სტრესზე, როგორიცაა მშობიარობა
  • მოკლეხნიან ავადმყოფობაზე, როგორიცაა მწვავე ინფექციები ან ოპერაცია
  • გრძელ-ვადიან ავადმყოფობებზე, როგორიცაა კიბო ან ღვიძლის დაავადება
  • კვებით ცვლილებებზე, როგორიცაა ძლიერი დიეტა
  • ზოგიერთ წამლებზე, როგორიცაა ანტიკოაგულანტები (წამლები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედების უნარს) ან ბეტა ბლოკერებზე (რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობებისთვის, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა).

ტელოგენის გაქრობით გამოწვეული თმისცვენის შემთხვევების უმრავლესობაში თმისცვენა შეჩერდება და შემდეგ თმა დაიწყებს ამოსვლას ექვსი თვის განმავლობაში.

როგორ ხდება თმის ცვენის მკურნალობა?

თმის ცვენის ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპი, როგორიცაა მამაკაცური ტიპის სიმელოტე, არ საჭიროებს მკურნალობას, რადგან ის ასაკობრივი მოვლენაა და ჯანმრთელობასაც არავითარ საფრთხეს არ უქმნიან.
თუმცა, ნებისმიერი ტიპის თმის ცვენა შეიძლება იყოს სტრესული, ამიტომ, თუ ეს გაწუხებთ, შესაძლებელია მიმართოთ ზოგადი პროფილის ექიმს.
თმის დიაგნოსტიკით შესაძლებელია თმის ცვენის სახეობის დადგენა, ასევე შესაძლო მკურნალობის განხილვა თქვენთან ერთად. დერმატოლოგთან (კანის მოვლის სპეციალისტი) კონსულტაციამდე რეკომენდირებულია ზოგადი პროფილის ექიმს ეწვიოთ.
იმ შემთხვევაში, თუ კოსმეტიკურ მიზეზთა გამო გსურთ მამაკაცური ტიპის სიმელოტის მკურნალობა, შესაძლებელია გამოიყენოთ ორი სახეობის მედიკამენტი, ფინასტერიდი (ფინასტერიდე) და მინოქსიდილი (Mინოხიდილ). მინოქსიდილის გამოყენება ქალური ტიპის სიმელოტის დროსაცაა შესაძლებელია. თუმცა, ამგვარი მკურნალობა ყველასთვის ეფექტური არაა და მხოლოდ მკურნალობის პროცესის დროით შემოიფარგლება. ამ სახის მკურნალობა არ არის გათვალისწინებული საყოველთაო დაზღვევაში და შეიძლება იყოს ძვირი.
ბუდობრივი ალოპეციის (თმის ბუდობრივი ცვენის) მკურნალობა ჩვეულებრივ სტეროიდული ინექციებით ხორციელდება, თუმცა ზოგჯერ სტეროიდული კრემის, გელის ან მალამოს გამოყენებაც შესაძლებელია. გარდა ამისა, შესაძლებელია იმუნოთერაპიით მკურნალობაც. იმონოთერაპია მოიცავს თმის ზრდის სტიმულირებას, კანის დაზიანებულ ადგილებზე ალერგიული რეაქციის ხელოვნურად პროვოცირებით.
თმის ცვენის მკურნალობისთვის არსებობს გარკვეული ქირურგიული საშუალებებიც, მათ შორის თმის გადანერგვა და ხელოვნური თმის იმპლანტანტები.

ემოციური საკითხი

თმის ცვენასთან შეგუება საკმაოდ რთულია. თავზე თმის ქონა შეიძლება თქვენი ინდივიდუალურობის განმსაზღვრელი იყოს. იგი ასახავს იმ იმიჯს, რომელიც გაქვთ და როგორც გსურთ, რომ სხვები გხედავდნენ.
თმის ცვენის დაწყების შემთხვევაში შეიძლება გქონდეთ იმის განცდა, რომ თქვენ საკუთარ იდენტობას კარგავთ. ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს თავდაჯერებულობაზე და ზოგჯერ დეპრესიამდეც მიგიყვანოთ.
იმ შემთხვევაში, თუ თმის ცვენასთან შეგუება გიჭირთ, გაესაუბრეთ ზოგადი პროფილის ექიმს. შესაძლებელია შემოგთავაზონ კონსულტაცია, რომელიც საუბრის ტიპის თერაპიაა, სადაც შეგიძლიათ თქვენი პრობლემური საკითხი კვალიფიციურ თერაპევტთან განიხილოთ.

დაავადებები, რევმატული დაავადებები

კოქსართროზი – მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი

კოქსართროზი – მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზიმენჯ-ბარძაყის სახსარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ფუნქციურად დატვირთული სახსარია, ამიტომ მისი ძლიერი დაზიანება ინვალიდობას იწვევს.

არსებობს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც პროგრესირებს, მაგრამ, საბედნიეროდ, მრავალი მათგანის შეჩერება ხშირად შესაძლებელია. სწორედ ამ უკანასკნელთა რიცხვს ეკუთვნის კოქსართროზი – მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი, რომლის შესახებაც “ავერსის კლინიკის” რევმატოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ქეთევან ონიანი გვესაუბრება.

– კოქსართროზი მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზია, ხოლო ოსტეოართროზი – სახსრის არაანთებითი რევმატული დაავადება, რომლის დროსაც ხდება ხრტილის გადაგვარება, მისი დეგენერაცია-დისტროფია. საბოლოოდ სასახსრე ზედაპირებზე ვითარდება კიდურა ოსტეოფიტები (ძვლოვანი წანაზარდები) და სახსარი დეფორმირდება, რასაც მისი ფუნქციის მოშლამდე მივყავართ.

როგორც ყოველგვარი ართროზი, კოქსართროზიც ან პირველადია, ან მეორეული. პირველ შემთხვევაში ხრტილის  დაზიანებას არავითარი პირობა არ უძღვის წინ, მეორეში კი ართროზი უკვე დაზიანებულ სახსარზე ვითარდება.

– რა იწვევს კოქსართროზს და, საზოგადოდ, ოსტეოართროზს?

– ნებისმიერი სახსრის ართროზის ძირითადი თანდაყოლილი მიზეზია დისპლაზია. მომდევნო პრობლემაა სხეულის ღერძის არათანაბარი განვითარება, რაც ზრდის სახსრებში მიკროტრავმების წარმოშობის ალბათობას. ჩვენს ვერტიკალურ ღერძს ხშირად აზიანებს ბრტყელი ტერფი და ჰიპერმობილობის სინდრომი, როდესაც  გრძელი იოგოვანი აპარატის წყალობით ტერფის განივი და სიგრძივი თაღები ან მეტისმეტად მცირეა, ან სრულიად არ არსებობს.

გარდა სახსრის მიკრო და მაკროტრავმებისა, ართროზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

  • ანთებითი რევმატული დაავადება – აუტოიმუნური თუ რეაქტიული, სპეციფიკური (ტუბერკულოზური) თუ სეპტიკური ართრიტი და სხვა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადება – ოქრონოზი, პოდაგრა და სხვა;
  • ენდოკრინული პათოლოგია – აკრომეგალია და სხვა;
  • ნეიროგენული დარღვევები, კერძოდ, ნეიროგენული ართროპათიები;
  • სისხლის დაავადებები (მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ჰემოფილიის დროს განვითარებული მეორეული ართროზი) და მემკვიდრეობითი ფაქტორი.

ვინაიდან მენჯ-ბარძაყის სახსარი ძვალ-სახსართა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე ელემენტია, პერიფერული სახსრების ართროზებს შორის მის წილად დაახლოებით 47% მოდის. მისი ფუნქციის დარღვევის შედეგად ათიდან 5-7 შემთხვევაში ვითარდება ინვალიდობა, ხოლო თუ ორივე სახსარი დაზიანდა, ინვალიდობის ალბათობა 100%-ს უტოლდება.

 – კლინიკურად როგორ ვლინდება კოქსართროზი?

– როგორც ნებისმიერი ართროზის დროს, ამ შემთხვევაშიც ვითარდება მექანიკური ხასიათის ტკივილი, ანუ ტკივილი მოძრაობისას, განსაკუთრებით – მის დასაწყისში. პაციენტს ძალიან უჭირს პირველი 2-3 ნაბიჯის გადადგმა. ამას ვუწოდებთ ტკივილს სტარტზე. ამასთან ერთად კოქსართროზს ახასიათებს მოძრაობის შეზღუდვა, ცალმხრივი დაზიანებისას – კოჭლობა, ორმხრივის შემთხვევაში – იხვისებური სიარული. ტკივილი შეინიშნება საზარდულისა და დიდი ციბრუტის (მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეთა საპროექციო არე) მიდამოებში. ის შესაძლოა გადაეცემოდეს როგორც მუხლისკენ, ასევე წელისკენ, ამიტომ ხშირად აიგივებენ საჯდომი ნერვის ანთებასთან. შესაძლოა, ტკივილი ერთ პოზაში უძრავად წოლის დროსაც გაძლიერდეს. მტკივნეულია კიბეზე ასვლა-ჩამოსვლაც. ყოველ მომდევნო სტადიაში გადასვლისას ჩივილების ინტენსივობა იმატებს.

– რის მიხედვით განასხვავებენ დაავადების სტადიებს?

– უმთავრესად – რენტგენოლოგიური ცვლილებების საფუძველზე. დაავადების დროს თანდათან ვიწროვდება სასახსრე ნაპრალი. ამას წინ უძღვის როგორც ტაბუხის ფოსოს, ისე ბარძაყის ძვლის თავის სკლეროზი, ხრტილის ზედაპირების დეგენერაციული ცვლილებები და ოსტეოფიტების წარმოქმნა. დასასრულ კი შესაძლოა განვითარდეს ანკილოზი – ტაბუხის ფოსო ჩაიკეტოს და შეეზარდოს ბარძაყის თავს.

 – რა ცვლილებებს იწვევს სახსრის დისპლაზია?

– მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია არის ტაბუხის ფოსოს თანდაყოლილი განუვითარებლობა, რომლის დროსაც ბარძაყის თავი ტაბუხის ფოსოთი ვერ იფარება. დროთა განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს ქვეამოვარდნილობა, ანუ ტაბუხის ფოსო და ბარძაყის ძვალი მთლიანად დასცილდეს ერთმანეთს (ან, პირიქით, პირველადი ოსტეოართროზის შემთხვევაში არადისპლაზიური სახსრის დეგენერაციული ცვლილებების შედეგად ტაბუხის ფოსო გაღრმავდეს და ბარძაყის ძვლის თავი შეიჭრას ტაბუხის ფოსოში (პროტრუზია) მენჯის მიმართულებით; ასეთ დროს ხშირად ფოსო ირღვევა და ბარძაყის თავი მენჯის ღრუში აღმოჩნდება ხოლმე). დისპლაზიური ფონისა და დარღვეული პოზიციის დროს ტკივილი არა მარტო სახსარში, არამედ დიდი ციბრუტის არეშიც წარმოიშობა. სხეულის ნებისმიერი ძვლის ბორცვი, ქედი, ციბრუტი თუ ხორკლი ანატომიურად იმისთვისაა განკუთვნილი, რომ მასზე მიემაგროს რომელიმე მყესი ან კუნთის დაბოლოება. დიდი ციბრუტის ბორცვზე მიემაგრება ძალიან დიდი, მასიური კუნთების მყესები. უხერხული მოძრაობის შედეგად ძალიან ხშირია აღნიშნული ადგილის შეშუპება, რასაც ჩვენ ტროქანტერიიტს ვუწოდებთ. რეალურად, ეს არის მყესების დაბოლოებათა ლოკალური შეშუპება, ანთება, რომელიც აუტანლად მტკივნეულია.

ყოველივე ამის მიუხედავად, ლაბორატორიულად სისხლში ცვლილებები არ შეინიშნება, ანთებითი გადახრები არ არის. მხოლოდ სახსრის ღრუში სინოვიტის დროს ან ტროქანტერიტის შემთხვევაში შესაძლოა მოიმატოს ერითროციტების დალექვის სიჩქარემ (ედსი), ისიც – მაქსიმუმ 20-25 მმ`საათამდე.

 – რა ინფორმაციას გვაწვდის სახსრის ულტრაბგერითი კვლევა?

– საზოგადოდ, რენტგენოლოგიური და ულტრასონოგრაფიული კვლევების ინფორმაციულობის შეფარდება 50`50-ზეა. მიმოხილვით რენტგენოგრამაზე ვხედავთ გავა-თეძოს შესახსრებას მენჯ-ბარძაყთან მიმართებით, დისპლაზიას და ართროზის ყველა სტადიას, მათ შორის – რამდენიმე წელის მალას და გავის მალებს (საკრალიზაციას ვაფასებთ). რაც შეეხება ულტრასონოგრაფიულ კვლევას, ის საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ტროქანტერიტი, სახსარში სითხე, თეძო-სუკის კუნთი, სასახსრე კაფსულა, ყელ-კაფსულარული სივრცე, შევაფასოთ ხრტილი. ძალიან კარგად ჩანს დისპლაზიაც. სრულიად უმნიშვნელო დისპლაზია შესაძლოა ვერ დაინახო რენტგენზე, მაგრამ შეამჩნიო  ულტრასონოგრაფიულად.  ეს ორი კვლევა ავსებს ერთმანეთს, თუმცა ულტრასონოგრაფიას რენტგენის მიმართ ის უპირატესობა აქვს, რომ არაინვაზიურია და შეიძლება, თუნდაც ყოველდღე ჩაუტარდეს ავადმყოფს.

– რა პრინციპებით მკურნალობთ კოქსართროზს?

– კოქსართროზის მკურნალობა, ისევე როგორც ნებისმიერი სახსრის ართროზისა, კომპლექსურია. უწინარესად, ავადმყოფს უნდა შევუმსუბუქოთ საშინელი ტკივილი, რომელიც გადაადგილებას სდევს თან. საამისოდ სხვადასხვა ჯგუფის შესანიშნავი ანტიანთებითი პრეაპრატების დიდი არჩევანი გვაქვს. ამ არსენალიდან წამალს ექიმი ინდივიდუალურად არჩევს.

როდესაც სახსარი დაზიანებულია, ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია კუნთოვანი სისტემის სპაზმი, ამიტომ საჭიროა კუნთის მოდუნებაც, ანუ მიორელაქსანტის გამოყენება. სიმპტომურად ვიყენებთ ნეიროლეპტიკებს.

გარდა ამისა, აუცილებელია ბაზისური თერაპია, ხრტილი ნაზი ცილისგან – პროტეოგლიკანისგან შედგება. მისი დეგენარაცია რომ არ გაღრმავდეს, საჭიროა ქონდროპროტექტორები – ხრტილის დამცავი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ქონდროიტინის მჟავებს.

საჭიროა მიკროცირკულაციის გაძლიერებაც, ვინაიდან ბარძაყის თავი ისედაც ნაკლებად მარაგდება სისხლით, ძვალი მყიფდება და ხშირად გადატყდება ყელის ყელში. ასე რომ, ვნიშნავთ მიკროცირკულანტსაც.

სინოვიტისა და ტროქანტერიტის დროს ინიშნება მალამოები, ფიზიოპროცედურები, ინტრაარტიკულარული (სახსარშიდა) ინექციები.

ხშირად მეკითხებიან, რა საჭიროა ამდენი წამალი, მაგრამ თუ მედიკამენტი დაავადების თითოეულ რგოლს არ მივაწვდინეთ, შედეგს ვერ მივიღებთ, ჩვენ კი მაქსიმალურ შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი.

– რა შემთხვევაში ინიშნება ქირურგიული მკუნრალობა?

– ქირურგიული თერაპია კოქსართროზის უკვე III-IV სტადიების შემთხვევაში ინიშნება. საბედნიეროდ, საქართველოში ძალიან კარგი ტრავმატოლოგები გვყავს და მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება მაღალ დონეზე ტარდება.

– რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან პაციენტებმა მკურნალობისას?

– მწვავე შემთხვევაში პაციენტი უნდა ერიდოს სახსრის დატვირთვას. მენჯ-ბარძაყის ერთი სახსრის დაზიანება იმას ნიშნავს, რომ მეორის დაზიანებაც მოსალოდნელია, რადგან დაზიანებული სახსრის განსატვირთავად ავადმყოფი უნებურად ტვირთავს მეორეს. იმავე მიზეზით ზიანდება მუხლის, კოჭ-წვივის და სხვა სახსრები.

საქართველოში არ უყვართ ჯოხისა და ყავარჯნის ხმარება, არადა ეს ძალიან კარგი საშუალებებია სახსრის განსატვირთავად, ზოგავს ნაკლებად დაზიანებულ ან დაუზიანებელ სახსარს. მათი გამოყენება განსაკუთრებით მოხერხებულია სტარტული მოძრაობების დროს. მაგრამ, წესისამებრ, თერაპიის ფონზე ავადმყოფი უკეთესობას გრძნობს, უამდება ტკივილი, სახსრის ფუნქციაც უუმჯობესდება და ამ დროს სიფრთხილეს კარგავს.

კოქსართროზს მუდმივი მოფერება სჭირდება. თუ ყველა რეკომენდაციას დაიცავთ, ყველაფერი რიგზე იქნება. მკურნალობის მიზანი პროცესის შეჩერებაა, მისი უკან დაბრუნება კი, სამწუხაროდ, არავის ძალუძს.

– როგორ ცხოვრების წესს უნდა მისდიოს ოპაციენტმა?

–  უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიში. მისი მდგომარეობისთვის შესაფერის ვარჯიშებს პაციენტს ჩვენს მეთოდურ კაბინეტშივე ვასწავლით. ამისთვის 10 გაკვეთილი საკმარისია. ვარჯიშს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსები. მეთოდისტი აჩვენებს, როგორ შეატრიალოს ტერფი, როგორ იმოძრაოს, როგორ განზიდოს სახსარი, როგორ შეასრულოს წრიული მოძრაობები. როდესაც ყველაფერ ამას აითვისებს, პაციენტი უკვე სახლში გააგრძელებს ვარჯიშს.

დაზიანების მიხედვით, რეკომენდებულია ვარჯიში მწოლარე, მდგომარე ან მჯდომარე მდგომარეობაში. ვარჯიში მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. თუ პაციენტი ამჩნევს, რომ 10-15-წუთიანი ვარჯიშიც კი დიდ ენერგიას აძლევს და უკეთესობას აგრძნობინებს, მისი მოტივაცია იმატებს და უკვე ინტიუციურად არჩევს იმ ვარჯიშებს, რომლებიც უფრო მეტად უხდება.

– მაინც რა სახის ვარჯიშებია რეკომენდებული?

– კოქსართროზის I სტადიაში ჯერ კიდევ არ არის აუცილებელი მწოლარე მდგომარეობაში ვარჯიში. ამ დროს ძალიან კარგია ცურვა ბრასის სტილით (ბაყაყური). სასარგებლოა ცურვა როგორც ზურგზე, ასევე მუცელზე. შესანიშნავია აგრეთვე წყალქვეშა აერობიკა.

მწოლარე ვარჯიშებიდან კარგია ველოსიპედი, ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური მაკრატელი, განზიდვები, წრიული მოძრაობები და სხვა.

მნიშვნელოვანია ტერფის მდგომარეობაც. ბრტყელი ტერფის შემთხვევაში უნდა ვიხმაროთ სუპინატორი, ხელოვნურად  შევქმნათ თაღის იმიტაცია, რათა ღერძი გასწორდეს. საჭიროა მოხერხებული ფეხსაცმელი (3-5-სმ-იანი ქუსლით) და ზოგიერთ შემთხვევაში – ჯოხიც, რათა სხვა სახსრები დაზიანებისგან დავიცვათ. საწოლი უნდა იყოს ორთოპედიული, მაგარი, ბალიში – დაბალი.

– აქვს თუ არა კვებას რაიმე მნიშვნელობა დაავადების მკურნალობისას?

– დიეტას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ერთადერთი, თუ პაციენტს ჭარბი წონა აქვს, უნდა შეამციროს ცხიმიანი და ნახშირწყლოვანი საკვების წილი. გარდა ამისა, მკურნალობისას უნდა ვერიდოთ მჟავე, ცხარე და შემწვარ-მოხრაკულ კერძებს, რადგან ოსტეოართროზის სამკურნალო პრეპარატები, მეტადრე – ანტიანთებითი, კუჭ-ნაწლავს ისედაც აღიზიანებს.

– შესაძლებელია თუ არა კოქსართროზის თავიდან აცილება?

– ცნობილია, რომ ჩივილებს პროვოცირებას უწევს წონის მატება, ამიტომ დისპლაზიას ხშირად ვაწყდებით ორსულებთან. ვინაიდან ორსულობის პერიოდში მედიკამენტებს თამამად ვერ დავუნიშნავთ, ქალს ვთხოვთ, ივარჯიშოს, მშობიარობისა და ლაქტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ კი სხვა რეკომენდაციებს ვაძლევთ.

დისპლაზია დაავადება კი არა, თანდაყოლილი ნაკლოვანება და მომავალში კოქსართროზის განვითარების რისკფაქტორია. თუ პაციენტებმა ხელი მიჰყო ვარჯიშს, ცურვას, სპორტს, წონა არ მოიმატა, პროცესი შეჩერდება.

თავად დისპლაზიის პროფილაქტიკა კი ჩვილი ასაკიდან იწყება. ალბათ გაგიგონიათ, რომ მას ხშირად უკავშირებენ აკვანში გაზრდას. ამაში არის სიმართლის წილი, თუმცა დისპლაზიას აკვანი არ იწვევს – ის მხოლოდ აღრმავებს მას. დღეს I სტადიის დისპლაზიისგან განკურნება შესაძლებელია ჩვეულებრივი საფენებითაც, რომლებსაც სისველისგან დასაცავად ვახმართ პატარებს.

აკვანმა დაგვაავადა რაქიტითაც (მოგეხსენებათ, მზის დახმარებით ითვისებს ორგანიზმი D ვიტამინს); მზის ქვეყნაში, სადაც ფაქტობრივად წელიწადში 12 თვე მზეა, ბავშვებს ძვლები დაურბილდათ, თავები გაუბრტყელდათ. ეს მაშინ, როცა ნიდერლანდებში, სადაც მხოლოდ 2-3 თვეა მზე, ამ დაავადებას ვერ შეხვდებით.

 

©ავერსი

დაავადებები

ახლომხედველობა ანუ მიოპია

ახლომხედველობა (მიოპია)ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ახლომხედველობა (მიოპია) ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, რაც კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასა და ახლო მანძილზე მხედველობის დატვირთვას უკავშირდება.

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების თანახმად საშუალოდ დაბალ კლასებში მიოპიის სიხშირე შეადგენს 6-8%-ს, სკოლის დამთავრებისთვის პროცენტული მაჩვენებელი  25-30%-მდე იზრდება, უმაღლეს სასწავლებლებში კი 50%-ს აღწევს.

რატომ არის არასასურველი ახლომხედველობის განვითარება?

მიოპია არ არის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი. ახლომხედველ თვალს ახასიათებს ტენდენცია პროგრესირებისკენ. პროგრესირებადი მიოპიისათვის, იმის გამო, რომ თვალის წინა-უკანა ღერძი იზრდება, დამახასიათებელია თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების განვითარება: მინისებური სხეულის დესტრუქცია, ცენტრალური და პერიფერიული ქორიორეტინალური  დისტროფიები, ბადურის ნახეთქები და ჩამოცლა, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მიოპიის პროგრესირების პრევენცია.

ახლომხედველობის დროს საგნების გამოსახულება ბადურა გარსის წინ ეცემა. მიოპიის მქონე ადამიანებს ან თვალის კაკალი აქვთ შედარებით გრძელი, ან მათ რქოვანას აქვს დიდი გარდამტეხი ძალა. ერთიცა და მეორეც ფოკუსური მანძილის შემცირებას იწვევს და გამოსახულება ბადურას ნაცვლად მის წინ ეცემა. ორივე მიზეზი, როგორც წესი, ერთდროულად გვხვდება.

დაავადების გამომწვევი რისკ ფაქტორები:

  • გენეტიკა – დიდია ალბათობა რომ ახლომხედველობა მშობლისგან გენეტიკურად გადაეცეს შვილს, განსაკუთრებით დიდია დაავადების რისკი თუ ორივე მშობელს აღენიშნება მიოპია.
  • კითხვა და მუშაობა ახლო მანძილზე – მათ, ვინც ბევრს კითხულობს, წერს ან მუშაობს კომპიუტერთან დიდი რისკის ქვეშ არიან რომ აღმოაჩნდეთ მიოპია.
  • გარემო ფაქტორები – კვლევებზე დაყრდნობით თუ დროის დიდ ნაწილს ატარებთ დახურულ სივრცეში მეტია ალბათობა რომ გაგივითარდეთ მიოპია.

როდის მივმართოთ ექიმს?

ახლომხედველობა უმეტესწილად ვითარდება ადრეული სკოლის ან სკოლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომ აუცილებელია ბავშვი გაასინჯოთ ოფთალმოლოგს სკოლაში შეყვანამდე. სკოლის პერიოდში კი, მხედველობის გაუარესებისას შორ მანძილზე მზერისას.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღინიშნება ისეთი სერიოზული ჩივილები, როგორიც გახლავთ მხედველობის არეში მოცურავე შავი წერტილების ან ლაქების არსებობა, სინათლის ნათება, ფარდის მსგავსი ჩრდილი. აღნიშნული სიმპტომები ბადურის სერიოზული დაზიანების შედეგი შეიძლება იყოს, რასაც დაუყოვნებლივ სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა.

ახლომხედველობის შეჩერება შესაძლებელია არაქირურგიული მეთოდით:

როგორც დრომ გვაჩვენა, სათვალეები და კონტაქტური ლინზები ვერ აფერხებენ მიოპიის პროგრესირების შეჩერებას. მათი საშუალებით ხორციელდება მხოლოდ ახლომხედველობის კორექცია, რომ პაციენტმა შორ მანძილზე დაინახოს მკაფიოდ.

მიოპიის პროგრესირების შეფერხების ანუ მისი მკურნალობის  ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია ორთოკერატოლოგიური კორექცია ანუ ღამის ლინზებით კორექცია. მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ღამის  ლინზები 80% შემთხვევაში იწვევენ ახლომხედველობის პროგრესირების შეფერხებას. ორთოკერატოლოგიური კორექცია ეს არის ახლომხედველობის (მიოპიის) ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი ბავშვებსა და მოზარდებში, რომელიც უზრუნველყოფს მიოპიის პროგრესირების შეფერხებას.

გარდა მიოპიის პროგრესირებისა, ორთოკერატოლოგიური ლინზების (ანუ ღამის ლინზების) საშუალებით პაციენტი მთელი დღის განმავლობაში ხედავს კარგად სათვალისა და ლინზის გარეშე.    პაციენტი ლინზას იკეთებს ღამით და სძინავს  8 საათის განმავლობაში. ლინზის სპეციალური დიზაინის წყალობით რქოვანის ფორმა იცვლება დროებით და შესაბამისად თვალის გარდამტეხი ძალაც იცვლება, ანუ ხდება მიოპიის კორექცია. ლინზების კეთდება მხოლოდ ღამით და აუცილებელია დილით მოხსნა, რის შედეგადაც მხედველობის აღდგენა ხდება 100%-ით. ორთოკერატოლოგიური ლინზები ყოველ ღამე უნდა გაკეთდეს. თუ კი ლინზის მოხმარება შეწყდება მხედველობა/მიოპია დაუბრუნდება საწყის დონეს.

©ავერსი

სასარგებლო რჩევები

მანდარინი ასთმისა და ბრონქიტის სამკურნალოდ

მანდარიმანდარინს საოცარი სამკურნალო თვისებები გააჩნია. მისი ქერქიც კი სასარგებლოა. რბილობი შეიცავს შაქარს, ლიმონმჟავას, ვიტამინებს. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია.

მისი მიღება ზამთარში ზრდის სხეულის წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებებზე, ამ ხილს აქვს უნარი გაზარდოს მადა და გააუმჯობესოს ნივთიერებათა ცვლა. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის და ავადმყოფი ადამიანებისათვის.

მაღალი ტემპერატურის დროს მანდარინი კლავს წყურვილის გრძნობას; მანდარინს იყენებენ ასთმისა და ბრონქიტების სამკურნალოდ. იგი გამოიყენება როგორც მატონიზირებელი, ზემო სასუნთქი გზების სამკურნალო საშუალება.

მანდარინი დიდი რაოდენობით შეიცავს ფენოლიკურ ამინომჟავას, რომელსაც ეწოდება სინეფრინი. ეს კარგად ცნობილი შეშუპების და შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებაა. ლორწოსაგან ფილტვების გასათავისუფლებლად რეკომენდებულია ყოველ დილას ერთი ჭიქა მანდარინის წვენის დალევა.
ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს ხველას არბილებს და ხელს უწყობს ამოხველებას მანდარინის გამხმარი კანის ნაყენი და ნახარში წყალზე (1:10); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ფაღარათით, ძალიან სასარგებლოა ცოცხალი მანდარინი და მისი ახლადგამოწურული წვენი. დიაბეტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.

მანდარინის წვენი გამოიყენება კანის დაავადების დროსაც. მუდმივად მოხმარების შემთხვევაში სახიდან აქრობს ლაქებს.

მანდარინის ახლად გამოწურული წვენი კლავს ზოგიერთი სახის სოკოს (ტრიქოფიტია, მიკროსპორია). სოკოთი დაზიანებული კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ საჭიროა მრავალჯერადად იქნას შეზელილი მათში მანდარინის ნაყოფისა და კანისგან მიღებული წვენი.

მიუხედავად სამკურნალო თვისებებისა, მანდარინს შეუძლია ავნოს ადამიანს. იგი აღიზიანებს თირკმელებს და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ენტერიტების, კოლიტების, ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში.

დაავადებები, ნევროლოგია

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი – განუკურნებელი დაავადება

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზილუ გერიგის დაავადება ანუ გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი  ერთ-ერთი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების დასუსტებას.

ეს დაავადება ზედა და ქვედა მოტორული ნეირონების დეგენერაციის გზით იწვევს მათ სრულ კვდომას, ისინი ვეღარ აწვდიან კუნთებს სიგნალს. ფუნქციადაკარგული კუნთები სუსტდებიან და ბოლოს ხდება მათი მთლიანი ატროფირება.

ანუ, ეს არის მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ნერვკუნთოვანი ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს და მას სრულიად უმწეოს ხდის. თუმცა, მიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ტვინი ვეღარ აკონტროლებს ნებით მოძრაობებს, გააჩნიათ იგივე გონებრივი უნარი, მეხსიერება და პიროვნულობა, რაც დაავადებამდე ჰქონდათ. ავადმყოფები იღუპებიან დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ.

პათოგენეზი და დაავადების მიმდინარეობა:

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი   იწყება კუნთების ატროფიითა და ძვლების სისუსტით, ამავდროულად ვლინდება ფასციკულაციები კუნთთა სხვადასხვა ჯგუფებში, მათ შორის ენის კუნთების. ატროფიები და პარეზები თადათანობით ვრცელდება, ვლინდება ბულბური სინდრომის ნიშნები (ე.წ კაუდალური ჯგუფის ნერვების დაზიანება) – დისფაგია, დიზართრია, დისფონია.

დაავადების გაშლილ პერიოდში, კიდურების მძიმე დამბლის გამო, ავადმყოფი კარგავს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს. ამასთან, მეტყველება ხდება გაურკვეველი, ძნელდება ყლაპვა. დამახასიათებელი ნიშანია პერიფერიული და ცენტრალური დამბლის ნიშნების შერწყმა.

კოორდინაციისა და მგრძნობელობის სფეროები, ასევე მენჯის ორგანოების ფუნქციები, დარღვეული არ არის.

დაავადება ძირითადად ვლინდება 40-50 წლის ასაკში. ზიანდება წინა რქები (უხშირესად კისრის ნაწილის) და ზურგის ტვინის გვერდითი სვეტები, თავის ქალის მე-9, მე-10, მე-11 წყვილი ნერვების ბირთვები. ამ ადგილებში ვითარდება გლიოზური ქსოვილის ზრდა.

დაავადების სიმპტომები:

ზედა კიდურების დუნე დამბლები, შერწყმული მაღალ მყესოვან რეფლექსებთან, ქვედა კიდურების სპაზმური პარეზები, გაურკვეველი საუბარი (დიზართრია), ყლაპვის დარღვევა. დაავადების მიმდინარეობა დუნეა, პროგრესირებადი.

 მკურნალობა:

დღესდღეობით დაავადებისგან განსაკურნი თერაპია არ არსებობს. მედიკოსების მიზანია დამხმარე და პალიატიური ღონისძიებების ჩატარება, რაც მიმართულია პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. დაავადების მიმდინარეობის მოდიფიკაციისთვის გამოიყენება რილუზოლი, ასევე გამოიყენება B1, B12, E ვიტამინების ინექცია, ატფ, პროზერინი, მასაჟი. ავადმყოფები საჭიროებენ გულდასმით მოვლას. მათი კვება დასაშვებია მცირე ულუფებით და მჯდომარე მდგომარეობაში.

ფოტოზე 21-ე საუკუნის უდიდესი მეცნიერი სტივენ ჰოკინგია, რომელსაც   21 წლის ასაკში განუვითარდა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, ხოლო 30 წლის ასაკში დამბლამდე მიიყვანა.

 

 

დაავადებები, კუჭნაწლავის დაავადებები

რა არის ჟილბერის სინდრომი

რა არის ჟილბერის სინდრომითუ კანი და სკლერები (თვალების თეთრი გარსი) გაგიყვითლდათ, ნაცნობები მაშინვე გკითხავენ: “რა გჭირს? ბოტკინი ხომ არ გაქვს?” დიახ, უმეტესობისთვის ეს სიმპტომი ჰეპატიტთან ასოცირდება. ცოტამ თუ იცის, რომ სიყვითლე შესაძლოა სრულიად უწყინარი მდგომარეობის – ჟილბერის სინდრომის ნიშანიც იყოს.

სინდრომი პირველად 1901 წელს აღწერა ფრანგმა გასტროენტეროლოგმა ავგუსტინ-ნიკოლას ჟილბერმა. მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. ჟილბერის სინდრომს ასევე მოიხსენიებენ როგორც ოჯახურ არაჰემოლიზურ სიყვითლეს და თანდაყოლილ არაკონიუგირებულ ჰიპერბილირუბინემიას.

რა იწვევს ჟილბერის სინდრომს

ჟილბერის სინდრომს იწვევს გენური მუტაცია, რომელიც ადამიანს მშობლებისგან გადაეცემა. კერძოდ, UGT1A1 გენის მუტაცია. გენი UGT1A1 აკოდირებს ღვიძლის ერთ-ერთ-ფერმენტს – UDP-გლუკურონილტრასფერაზას. ეს უკანასკნელი არაპირდაპირ ბილირუბინს გარდაქმნის პირდაპირ ბილირუბინად, რომელიც საბოლოოდ განავლითა და შარდით გამოიყოფა ორგანიზმიდან. როდესაც გენში ხდება მუტაცია, მისი ფუნქცია ირღვევა, ფერმენტი საკმარისი რაოდენობით ვეღარ წარმოიქმნება, გარდაუქმნელი ბილირუბინი ორგანიზმში გროვდება, სისხლის მიმოქცევაში ბრუნდება და კანსა და სკლერებს ყვითლად ღებავს.

სიყვითლის განვითარების მექანიზმი

ამრიგად, კანისა და სკლერების სიყვითლეს სისხლში ბილირუბინის დონის მომატება განაპირობებს. ეს არის ნაღვლის მოყვითალო ფერის პიგმენტი, რომელიც სისხლში ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) დაშლის შედეგად წარმოიქმნება. ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 დღეა. ამის შემდეგ ისინი იშლებიან, დაშლის შედეგად წარმოქმნილი ბილირუბინი კი ღვიძლში გარდაიქმნება.

არსებობს ორგვარი ბილირუბინი: არაკონიუგირებული ანუ არაპირდაპირი და კონიუგირებული ანუ პირდაპირი. ერითროციტების დაშლის შედეგად წარმოქმნილ ბილირუბინს არაპირდაპირი ეწოდება. ის სისხლს ღვიძლამდე მიაქვს. აქ ფერმენტ UDP-გლუკურონილტრანსფერაზის ზემოქმედებით არაპირდაპირი ბილირუბინი გარდაიქმნება პირდაპირ ბილირუბინად, რომელიც ნაღველში გადადის, მასთან ერთად ხვდება წვრილ ნაწლავში და საბოლოოდ განავალთან ერთად ტოვებს ორგანიზმს. ნორმალურ ვითარებაში ის სიყვითლეს არ იწვევს, მაგრამ როდესაც მისი გარდაქმნა ფერხდება, ბილირუბინი უკან ბრუნდება, მოცირკულირე სისხლში გადაინაცვლებს, ქსოვილებში აღწევს, რადგან ლიპოფილურია (ესე იგი ცხიმში კარგად ხსნადი) და კანისა და ლორწოვანის სიყვითლეს იწვევს.

მემკვიდრეობით გადაცემის სიხშირე

ჟილბერის სინდრომი ავტოსომურ-რეცესიული გზით გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მშობელს უნდა ჰქონდეს დაზიანებული გენი, ორივე იყოს ამ სინდრომის მატარებელი. როდესაც ორივე მშობელს გამოხატული აქვს ეს სინდრომი, შვილის დაავადების ალბათობა 100%-ია. როცა მხოლოდ ერთი მშობელია დაავადებული, ჟილბერის სინდრომის გადაცემა არ ხდება. როდესაც ერთ მშობელს სინდრომი აქვს, ხოლო მეორე მხოლოდ დაზიანებული გენის მატარებელია, გადაცემის ალბათობა 50%-ს უტოლდება.

ჟილბერის სინდრომი აღენიშნება მსოფლიოს მოსახლეობის 3-7%-ს.

როდის ვლინდება

ჟილბერის სინდრომი საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ უმეტესობამ არც კი იცის, რომ ამ სინდრომის მატარებელია, სანამ სისხლში შემთხვევით მომატებულ ბილირუბინს არ აღმოუჩენენ. ბილირუბინის მომატება უმეტესად ვლინდება გარდატეხის ასაკში, რასაც ამ პერიოდში ჰორმონების: მამაკაცებში – ტესტოსტერონის, ხოლო ქალებში – ესტროგენისა და პროგესტერონის, – აქტივობა განაპირობებს. სიყვითლე მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ გამოხატული, რადგან მამაკაცის სასქესო ჰორმონი, ტესტოსტერონი, თრგუნავს ფერმენტ გლუკურონილტრანსფერაზის აქტივობას, რაც ზრდის უკმარისობას და, შესაბამისად, უფრო მეტი ბილირუბინის აკუმულირებამდე მივყავართ.

როგორ ვლინდება

ჟილბერის სინდრომის მთავარი გამოხატულებაა კანსა და სკლერების სიყვითლე, რომელსაც ხშირად თან ახლავს არასპეციფიკური სიმპტომებიც: დაღლილობა, ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, უმადობა, დიარეა, ყაბზობა, შებერილობა, თავბრუსხვევა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გონების დაბინდვა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი სიპტომები აუცილებლად ბილირუბინის დონის მომატებასთანაა დაკავშირებული. მეტიც – უფრო დიდია ალბათობა, სხვა მდგომარეობის გამომხატველი იყოს. ისინი ჟილბერის სინდრომის მქონე სამიდან მხოლოდ ორ ადამიანს აღენიშნება.

რა აძლიერებს სიმპტომატიკას

არსებობს ფაქტორები, რომლებიც უფრო მაღლა სწევს ბილირუბინის დონეს და, შესაბამისად, აძლიერებს სიყვითლეს. ესენია:

  • დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან წყლის დაკარგვა);
  • შიმშილი;
  • ინფექციური და ვირუსული დაავადებები;
  • სტრესი;
  • ფიზიკური დატვირთვა;
  • ძილის ნაკლებობა;
  • ქირურგიული ოპერაცია;
  • მენსტრუაციის პერიოდი.
ზოგი ჭირი მარგებელია

დადგენილია, რომ ჟილბერის სინდრომის მქონე ადამიანებს საშუალოზე გაცილებით დაბალი აქვთ გულის იშემიური დაავადების რისკი, რაც არაპირდაპირი ბილირუბინის დონის მატების ხარჯზე ხდება. ბილირუბინი ანტიოქსიდანტია, ის ხელს უშლის ლიპიდების, ცილებისა და სხვა მაკრომოლეკულების ოქსიდაციის პროცესს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ათეროსკლეროზის განვითარებაში. ამის შედეგად მკვეთრად მცირდება კარდიოვასკულარული დაავადების ალბათობა.

ტოქსიკური ეფექტები

არაპირდაპირი ბილირუბინის დონის მატება ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს თავის ტვინზე, რაც გამოიხატება თავბრუსხვევით, გონების დაბინდვით, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით. შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათ არაპირდაპირი ბილირუბინის დონე მომატებული ჰქონდათ, ამიტომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი არაპირდაპირი ბილირუბინის მომატებასა და შიზოფრენიას შორის.

გართულებები

ჟილბერის სინდრომის მქონე ადამიანებს სიფრთხილე მართებთ წამლების მიღებისას, რადგან ბილირუბინის გარდამქმნელი ფერმენტი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მედიკამენტების გამოყოფას, მისი დეფიციტი კი აძლიერებს ზოგიერთი მედიკამენტის გვერდით ეფექტს.

ეს პრეპარატებია:
  • აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი);
  • კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიული პრეპარატები;
  • პროტეაზის ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება შიდსისა და ჩ ჰეპატიტის სამკურნალოდ;
  • მონოკლონური ანტისხეულები, რომლებსაც იყენებენ იმუნური სისტემის დაავადებებთან საბრძოლველად.
როგორ სვამენ დიაგნოზს

ჟილბერის სინდრომის მთავარი სადიაგნოსტიკო ნიშანია სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის რაოდენობის მომატება მაშინ, როდესაც გამოხატული არ არის კლინიკური სიმპტომატიკა, არ ხდება ჰემოლიზი (ერითროციტების დაშლა), ღვიძლის სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლები ნორმაშია და არ აღინიშნება ღვიძლის სტრუქტურული დაზიანება.

არსებობს სპეციფიკური სადიაგნოსტიკო ტესტებიც:

  • შიმშილის ტესტი – ბილირუბინი შიმშილის დროს მკვეთრად იმატებს;
  • ფენობარბიტალის ტესტი – ჟილბერის სინდრომის დროს ფენობარბიტალის მიღების შემდეგ სისხლში ბილირუბინის დონე იკლებს.

ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო გამოკვლევაა გენეტიკური ანალიზიც.

როგორ მკურნალობენ

ჟილბერის სინდრომის მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს, რადგან იმდენად კეთილთვისებიანი მდგომარეობაა, დაავადებადაც კი არ მოიხსენიებენ, მაგრამ აუცილებელია სინდრომის მართვა სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის რაოდენობის შესამცირებლად.

ცხოვრება ჟილბერის სინდრომით

ჟილბერის სინდრომის მქონე ადამიანები პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან, მათ მკურნალობა არ სჭირდებათ. მთავარია, შევამციროთ ბილირუბინის დონე და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული სიმპტომებიც. ამისთვის კი საჭიროა იმ ფაქტორების თავიდან აცილება, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში პიგმენტის მატებას. თუ ეს სინდრომი გაქვთ, არ იშიმშილოთ, მიიღეთ ბევრი სითხე, კარგად იძინეთ, თავი არიდეთ სტრესს, ალკოჰოლურ სასმელებს და დიდ ფიზიკურ დატვირთვას, ეცადეთ, არ შეგხვდეთ ინფექცია, ყურადღებით იყავით მედიკამენტების მიღებისას, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები ჟილბერის სინდრომის დროს უკუნაჩვენებია.

 

© წყარო: მარიამ ჯანიაშვილი, “ავერსი”

სასარგებლო რჩევები

კარალიოკი – ვიტამინების და მინერალების საბადო

კარალიოკი

„ჯანმრთელობაინფო“ შემოდგომის კიდევ ერთ ნარინჯისფერ ხილზე მოგიყვებათ.

კარალიოკი  –  ამ სეზონის კიდევ ერთი ხილი, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია.

ცივ სეზონზე ადამიანის ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ბევრი ვიტამინი, კარალიოკი კი ვიტამინებისა და სასარგებლო მინერალების საბადოა.

კარალიოკს გააჩნია ერთგვარი სამკურნალო თვისებები: 

გაზაფხულსა და შემოდგომით ჩვენი იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტდება. ცივ ამინდებში კარალიოკი უებარი წამალია. მასში არსებული უამრავი C ვიტამინის წყალობით, ის შველის რესპირატორულ დაავადებებს და გრიპს, ხოლო ბეტა-კაროტინის საშუალებით ახალი იმუნური უჯრედების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

კარალიოკი, ასევე, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, რადგან იგი მდიდარია საკვები უჯრედისით, რომელიც კუჭ-ნაწლავის სწორად მოქმედებისთვის არის საჭირო. კარალიოკი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ В6-ს და ფოლიუმის მჟავას, რომლის წყალობითაც რეგულირდება საჭმლის მონელების პროცესი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კარალიოკი საკმაოდ კალორიულია. ასევე დიაბეტის მქონე პირებმა მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.  

კარალიოკი გარდა C და B ვიტამინებისა, მდიდარია ასევე A ვიტამინითაც, რომელიც ჩვენი მხედველობისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით კი ბავშვებში. ასე რომ კარალიოკი კონიუქტივისა და მხედველობის პრობლემებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

კარალიოკი ძლიერ შარდმდენ საშუალებად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ მავნე ნივთიერებებს გამოდევნის და კალიუმის წყალობით არ გამოაქვს ორგანიზმიდან საჭირო მინერალები და ვიტამინები.

კარალიოკი ენერიგიით ავსებს, ასევე არის ანტისტრესული საშაულება.  

უამრავი ვიტამინის გარდა კარალიოკი გაჯერებულია ანტიოქსიდანტი ფლვანოიდებით, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს. კარალიოკის კანი ყველაზე დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს შეიცავს.

კარალიოკი თავისი თვისებებით განსაკუთრებით სასარგებლოა გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. დღეში 2-3 ცალი კარალიოკი გულის ტკივილის ბევრად შეგიმსუბუქებთ, ასევე ათეროსკლეროზთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.

 

“ჯანმრთელობაინფო” გირჩევთ მიირთვათ რაც შეიძლება ბევრი სეზონური ხილი. 

სეზონურ ხილთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი სტატიები:

და სხვ.

 

სიახლეები, ჯანმრთელი კვება

მხიარული და ხრამუნა ვიდეო

ცოტა გავხალისდეთ ჯანმრთელობაინფოს ამ მხიარული ვიდეოთი:

ვაშლი, ავოკადო, კარტოფილი, ფორთოხალი, ბანანი, საზამთრო, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, კარტოფილი, ხახვი – გემრიელი და ჯანსაღი ხილ-ბოსტნეული