მეჭეჭები
მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის უმეტესად ვირუსული ეტიოლოგიისაა.
მეჭეჭს სხვადასხვა სახეობისა და ტიპის ვირუსი იწვევს, რომელთა შორის ყველაზე მეტად პაპილომავირუსია გავრცელებული (სულ ცნობილია ამ ვირუსის 60-ზე მეტი სახეობა).
მეჭეჭი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, უმეტესად კი ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება.
მეჭეჭის ზომა და ფორმა დამოკიდებულია როგორც მის ლოკალიზაციაზე (ადგილმდებარეობაზე), ისე ტრავმატიზაციის დონეზე, რომელსაც შესაბამისი უბანი განიცდის. დაავადების მიმდინარეობა, მეჭეჭების რაოდენობა სხვადასხვანაირია. არის შემთხვევები, როდესაც კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ავთვისებიანად გარდაიქმნება, ამიტომ მეჭეჭები ყურადღებასა და სიფრთხილეს საჭიროებს.
მეჭეჭის ტიპები
ჩვეულებრივი მეჭეჭები ყველაზე მეტად არის გავრცელებული და ყველაზე უფრო კეთილთვისებიანია. მათი დიამეტრი, ჩვეულებრივ, არ აღემატება ერთ სანტიმეტრს. საკმაოდ მკვრივი კონსისტენციისაა, აქვს მკვეთრი კონტურები და უსწორმასწორო ზედაპირი. უმეტესად მომრგვალოა, თუმცა გვხვდება უსწორმასწორო ფორმისაც.
ფერიც სხვადასხვანაირი აქვს: მოყვითალო, ბაცი ნაცრისფერი, რუხი, მურა-წაბლა. ამ ტიპის მეჭეჭები სხეულის განსხვავებულ უბნებზე აღმოცენდება, ყველაზე ხშირად – ხელის თითებზე, იდაყვებზე, თავის თმით დაფარული უბნებზე.
ტერფის მეჭეჭები, ჩვეულებრივ, ტერფის ყველაზე ტრავმირებად უბანზე – ფეხისგულზე ჩნდება. მუდმივი ზეწოლის გამო ისინი ბრტყელდება და იფარება კანის გარქოვანებული შრით. ამ ტიპის მეჭეჭებთან შეხება ძალზე მტკივნეულია. ტერფის მეჭეჭები ხშირად კოჟრებში ეშლებათ და სხვადასხვა სახის ზემოქმედებით ხელს უწყობენ მათ ტრავმირებასა და ზრდას.
ძაფისებრი მეჭეჭები უჩვეულო ფორმით გამოირჩევა – ისინი გრძელი და წვრილია. უმეტესად სახეზე – ტუჩებზე, საფეთქლის არეში – და კისერზე აღმოცენდება.
ბრტყელი მეჭეჭები გლუვი, მოყვითალო-მურა ფერის ბრტყელი კვანძებია. ისინი უმეტესად უჩნდებათ პატარა ბავშვებს და სახეზე ლოკალიზდება.
არსებობს უჩვეულო ფორმის მეჭეჭებიც, რომლებიც ყვავილოვან კომბოსტოს მოგვაგონებს. ისინი მეტწილად კისერსა და თავის თმით დაფარულ უბნებზე ჩნდება.
ცალკე უნდა გამოიყოს მახვილწვერა კონდილომები – განსაკუთრებული ტიპის მეჭეჭები, რომლებიც ლოკალიზდება სხეულის თბილ და ტენიან უბნებზე (უმთავრესად – გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში). ესენია რბილი მოვარდისფრო ბუშტუკები, რომლებიც მიდრეკილია ზრდისაკენ. ზრდის პროცესში მათი ფუძე წვრილი ფეხის ფორმას იღებს.
მეჭეჭების მკურნალობა
მეჭეჭები ზოგჯერ თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ქრება, ზოგჯერ კი წლობით რჩება სხეულის ამა თუ იმ უბანზე და იზრდება კიდეც. თუ კანზე ან ლორწოვან გარსზე მსგავს წარმონაქმნს შეამჩნევთ, ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, მეჭეჭია თუ არა) და დაგინიშნოთ რაციონალური მკურნალობა.
არსებობს მეჭეჭების მკურნალობის როგორც მედიკამენტური, ასევე არამედიკამენტური მეთოდები, თუმცა საკუთრივ მეჭეჭების მოცილების გარდა მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნური სტატუსის განსაზღვრა და ვირუსული ინფექციისადმი ორგანიზმის გამძლეობისა და სენშეუვალობის შეფასება.
მეჭეჭების მედიკამენტური მკურნალობა მათზე სხვადასხვა პრეპარატით ზემოქმედებას გულისხმობს. ამ კუთხით დღეს ფართოდ გამოიყენება ოქსოლინის მალამო, კონდილინი, ფერიზოლი, სოლკოდერმი.
მეჭეჭების მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები გულისხმობს მეჭეჭების მოცილებას პრეპარატების გარეშე. საამისოდ არსებობს რამდენიმე მეთოდი: კრიოთერაპია (მოყინვა), ლაზეროთერაპია და ელექტროკოაგულაცია. მეთოდს დერმატოლოგი მეჭეჭის ტიპისა და მისი თავისებურებების გათვალისწინებით შეარჩევს.
რაც შეეხება მკითხველის წერილს, არსებობს ასაკოვანთა მეჭეჭები, რომლებიც ასევე ვირუსული ინფექციის შედეგია. ისინი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ, აქვთ ბრტყელი, მკვეთრად შემოსაზღვრული მრგვალი ან ოვალური ფოლაქების სახე, რუხი, შავი ან ყავისფერია. მათი ზედაპირი დაფარულია კანის გარქოვანებული, ცხიმით გაჟღენთილი ფაშარი მასით. ისინი უმეტესად ლოყების, თვალის გარშემო და კისერზე ამოდის.
ეს მეჭეჭები უნდა არიდოთ ტრავმას. მათი მოცილება შეიძლება როგორც არამედიკამენტური, ისე ტრადიციული მედიცინის მეთოდებითაც, თუმცა ამ უკანასკნელთა დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. გირჩვეთ, აუცილებლად მიმართოთ დერმატოლოგს და მხოლოდ მის მიერ დანიშნული მკურნალობა ჩაიტაროთ.