მასტოპათია
მასტოპათია – ეს არის ქალთა შორის ყველაზე გავრცელებული და აქტუალური პრობლემა, რომელიც ჰორმონალური დარღვევის შედეგია.
ქალის ორგანიზმი, ნორმალური ფუნქციონირების დროს, ყოველთვიურად განიცდის ჰორმონალურ ცვლილებებს, რაც შესაბამისად, იწვევს ციკლურ ცვლილებებს სარძევე ჯირკვალშიც. ეს ცვლილებები იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან და გრძელდება მენოპაუზის შემდეგ კიდევ მცირე ხნის განმავლობაში.
ამა თუ იმ მიზეზით ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების ჰორმონთა ბალანსის (წონასწორობის) დარღვევის დროს ვითარდება სასქესო ჰორმონის – ესტროგენების სიჭარბე, რაზეც სარძევე ჯირკავალი მასტოპათიით პასუხობს. ჰორმონალური დისბალანსის მიზეზი კი შეიძლება იყოს ორგანიზმში ნებისმიერ დონეზე განვითარებული დარღვევა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასქესო ფუნქციის მოშლა, ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, გინეკოლოგიური დაავადებები, სახიფათოა კუჭ-ნაწლავის, კერძოდ, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებები და სხვ. ნებისმიერი ფაქტორი – იქნება ეს სტრესი, კონფლიქტი თუ უარყოფითი ემოცია, ხელს უწყობენ მასტოპათიის განვითარებას.
მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ქალები, ვისაც:
- დედის ხაზით აქვთ დატვირთული მემკვიდრეობა, ანუ დედას ან ბებიას ქონდა მასტოპათია ან სარძევე ჯირკვლის კიბო;
- აქვთ მრავლობითი ხელოვნური ან თვითნებური აბორტები;
- აქვთ მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, კერძოდ არარეგულარული სექსი, სქესობრივი თავშეკავება, სექსუალური დაუკმაყოფილებლობა;
- აქვთ არასრულფასოვანი ძილი, ქრონიკული გამოუძინებლობა;
- აქვთ გინეკოლოგიური პრობლემები: 12 წლამდე ანუ ნაადრევი მენარქე (პირველი მენსტრუაცია), ორსულობა-მშობიარობის სიმცირე(1-2) ან საერთოდ უქონლობა, უშვილობა, დაგვიანებული ანუ 53 წლის შემდეგ მენოპაუზა;
- ქონდათ ძუძუთი ხანმოკლე (4-5 თვემდე) კვება;
- აქვთ არასრულფასოვანი კვება, კერძოდ საკვების რაციონში ხილის, ბოსტნეულის და საკვები უჯრედისის დეფიციტი, ხოლო ცხოველური ცილებისა და ცხიმების სიჭარბე;
- გადატანილი აქვთ მკერდის თუნდაც უმნიშვნელო ტრავმა. (ყურადღება მიაქციეთ განსაკუთრებით რკინიან ბიუსტჰალტერს, ხომ არ არის მეტისმეტად მომდგარი, რადგან მასაც შეუძლია ტრავმის მიყენება სარძევე ჯირკვალზე);
სარძევე ჯირკვალზე უარყოფითად მოქმედებს ნიკოტინი და ალკოჰოლი, სინთეტიკური ტანსაცმელი, ასევე იონიზებული რადიაცია მზეზე ან სოლარიუმში გარუჯვისას.
მასტოპათიის ძირითადი ჩივილია სარძევე ჯირკვლის ტკივილი (მასტალგია), რომელიც მენსტრუაციის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე ვითარდება, ტკივილი თანდათან მატულობს და ზოგჯერ აუტანელი ხდება სარძევე ჯირკვალზე ხელის შეხებაც კი. ამ დროს მკერდი გამკვრივებულია, ძუძუს თავიდან შეიმჩნევა თეთრი, მოყვითალო ან მომწვანო ფერის გამონადენი.
აღნიშნული მოვლენები სარძევე ჯირკვალში განვითარებულ კვანძოვან პროცესზე – ფიბროზულ ან კისტოზურ გადაგვარებაზე მიუთითებს.
ქალს თუ აქვს სარძევე ჯირკვლის ტკივილი და გამონადენი ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს მასტოპათია, ყოველივე შეიძლება იყოს ფიზიოლოგიურიც. ამის გასარკვევად კი საჭიროა ქალმა სასწრაფოდ მიაკითხოს მამოლოგს.
საბოლოო დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ჩატარდეს გამოკვლევები:
ინსტრუმენტული (ექოგრაფია, მამოგრაფია) და ლაბორატორიული (სისხლში ჰორმონების დონის განსაზღვრა) აუცილებელია სარძევე ჯირკვლის ხელით გასინჯვა.
გამონადენის დროს კეთდება ჯირკვლის პუნქცია და აღებული მასალის ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
მასტოპათიის ადრეული გამოვლენა ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაავადებას აქვს პროგრესირებადი ხასიათი. განსაკუთრებით საყურადღებოა კვანძოვანი მასტოპათია, ვინაიდან ის ძუძუს კიბოს განვითარების წინა საფეხურად ითვლება.
როგორც კი აღმოაჩენს ქალი საეჭვო ნიშნებს:
კანის სიწითლე, დანაოჭებული ან “ლიმონის ქერქის” მსგავსი კანი, გამონადენი დვრილიდან, ჩაზნექა, სიწითლე ან წვის შეგრძნება დვრილის არეში, კვანძოვანი სიმკვრივე სარძევე ჯირკვალში ან იღლიის ფოსოში – დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მამოლოგს.
მასტოპათიის თავიდან ასაცილებლად, თუნდაც არაფერს უჩიოდეს, ყველა ქალმა საჭიროა ჩაიტაროს თვითგასინჯვა თვეში ერთხელ.
40 წლამდე ქალებისთვის მამოლოგის კონსულტაცია სასურველია ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 40 წლის შემდეგ მამოლოგის კონსულტაცია ინსტრუმენტულ გამოკვლევებთან ერთად წელიწადში ერთხელ.
დაუშვებელია თვითნებური მკურნალობა:
მასტოპათიის მკურნალობა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ ინდივიდუალურად, გამოკვლევების და ასაკის გათვალისწინებით და იგი უნდა მოიცავდეს ენდოკრინული პროცესების ნორმალიზებით ჰორმონალური დისბალანსის აღდგენას, იმუნოთერაპიას (დაავადების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის მომატებისთვის) და ძირითად გამომწვევ მიზეზზე ზემოქმედებას.