დიეტა

მასაჟით გახდომა შეუძლებელია

მასაჟით გახდომა შეუძლებელიამასაჟის საჭიროებას თითქმის ყველა ადამიანის სხეული მოითხოვს, გამაჯანსაღებელი მასაჟის ცოდნა კი – გამოცდილებას.

მასაჟის ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, მის დადებითსა და უარყოფით თვისებებზე მასაჟისტ გიორგი შოვნაძეს ვესაუბრეთ: 

– რას ნიშნავს საერთო გამაჯანსაღებელი მასაჟი?

– საერთო გამაჯანსაღებელი მასაჟი ზოგადად ხელს უწყობს ადამიანის ფიზიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლას. ადამიანის ნერვული სისტემა განიცდის მასაჟის სეანსების შემდეგ სრულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც რეაბილიტაციას. ასევე სისხლძარღვების ელასტიკურობას, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი ადამიანისთვის, უმჯობესდება და ლიმფური ჯირკვლების ფუნქციონირება რეგულირდება.

– როგორ კეთდება საერთო გამაჯანსაღებელი მასაჟი?

– გამაჯანსაღებელი მასაჟის დროს გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საპოხი მასალა. კერძოდ, შესაძლებელია გამოიყენოს მასაჟისტმა ზეთოვანი ნივთიერებები, “ტალკი”, ე.წ. “პუდრა”, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნების მასაჟისტები იყენებენ ბამბუკის წვრილ ჯოხებს, გრანიტისა და მარმარილოს ქვებს, უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, ქვების გამოყენება ხდება სპა მასაჟის დროს, მაგრამ ყველაზე ეფექტურ მკურნალობად, ჩემის აზრით, მშრალი სუფთა ხელებით მუშაობა მიმაჩნია.

– მაინც რას ნიშნავს, მშრალი სუფთა ხელებით მუშაობა?

– ზეთისა და ტალკის გამოყენებისას, შესაძლებელია, ადამიანს ჰქონდეს ამ ნივთიერებების მიმართ ალერგია. აგრეთვე მასაჟისტის ხელები ხდება სრიალა და მაქსიმალური ეფექტის მიღწევა საკმაოდ რთულია, თუმცა, რიგ შემთხვევებში, სწორედ რომ ექიმები ურჩევენ ასეთივე მეთოდით მასაჟის გაკეთებას. თუ მასაჟისტი მუშაობს მშრალი სუფთა ხელებით, მოჭიდება პაციენტის კანსა და მასაჟისტის ხელების კანს შორის მიიღწევა, ამ დროს უფრო მეტი კონტაქტურობა და მასაჟის ეფექტუნარიანობაც შეიმჩნევა.

– თუ პაციენტის კანი არ რეაგირებს მშრალ, სუფთა ხელებზე და არც სხვა ზემოთ ჩამონათვალ ნივთიერებებზე, რა მეთოდს მივმართავთ ამ დროს?

– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რიგ შემთხვევებში დაშვებული საპოხი მასალის გამოყენებაც კი არ იღებს
შედეგს, თუმცა, ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მასაჟი, როგორიც არ უნდა იყოს ის, მშრალი სუფთა ხელით თუ სხვადასხვა ტიპის ნივთიერებების გამოყენების შემთხვევაშიც კი, ეფექტი აუცილებლად მიიღწევა. მასაჟის ეფექტი მიიღწევა დროთა განმავლობაში და ნელ–ნელა.

– ახლა ზღვის სეზონია და ხშირია ნერვის სპაზმი, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

– ამ შემთხვევაში მასაჟისტი ვერ დაგეხმარებათ, რადგან აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს ან სამკურნალო დაწესებულებას.

– შეიძლება თუ არა სახლის პირობებში დამოუკიდებლად მასაჟის გაკეთება?

– სავსებით შესაძლებელია ოჯახურ პირობებში მასაჟის გაკეთება. ამავე დროს, თუკი ადამიანი ფლობს მასაჟის რამოდენიმე ხერხს, მას შეუძლია თვითმასაჟიც ჩაიტაროს, რომელმაც შეიძლება უკეთესი ეფექტი მოახდინოს, ზოგიერთ მასაჟისტთან ჩატარებულ კურსთან შედარებით. სავსებით შესაძლებელია, პაციენტი ვერ აღიქვამდეს მასაჟის ეფექტუნარიანობას და თვითჩატარებული მასაჟით უფრო მეტი შედეგი მიიღოს.

– არის თუ არა მასაჟი საზიანო?

– რიგ შემთხვევებში აკრძალულიც კია მასაჟის გაკეთება. მაგალითისთვის, ვარიკოზული დაავადება, კერძოდ,
ქვედა კიდურებზე, რომელიც სჭარბობს მანდილოსნებში. ვენური დაავადებების დროს, მასაჟის გაკეთება რეკომენდებული არ არის დაზიანებულ ადგილებში. მეორე, ალერგიული ადამიანებისთვის, რადგანაც შესაძლებელია კანის დაზიანება, შეშუპებაც კი.

– შესაძლებელია თუ არა მასაჟით გახდომა?

– მასაჟით გახდომა არ არის შესაძლებელი, რადგანაც, თუკი ადამიანი არ შეიცვლის ცხოვრების წესს, უშუალოდ კვების რაციონს არ შეცვლის და კვების ინტერვალებს არ დაარეგულირებს, აზრი არა აქვს ე.წ. ანტიცელულიტურ მასაჟს. მასაჟი მხოლოდ და მხოლოდ არის კარგი დამხმარე ანტიცელულიტური კომპლექსური მიდგომის დროს, თუმცა ანტიცელულიტი, არის ქონის ცხიმოვანი დაგროვება, რომელსაც, შესაძლებელია, მასაჟის მეშვეობით გაუკეთოთ ლოკალიზება და სრული განკურნება მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, სხვა საშუალებების გამოყენებით.

– უმეტესად რა ტიპის მასაჟს იყენებთ თქვენს პაციენტებთან?

– დღევანდელ პირობებში უმეტესად ვაკეთებ მასაჟს, რომელიც ეხმარება ადამიანს უძილობის, ნერვული სტრესებისა და სახსრების ტკივილების აღმოსაფხვრელად.

– როგორ შველის მასაჟი ნერვულ სტრესს?

– ნერვული სტრესი, მოგეხსენებათ, არის ადამიანის ცხოვრებაში წარმოქმნილი ამა თუ იმ გამაღიზიანებლის მხრიდან, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, უსიამოვნება სამსახურში, პირად ცხოვრებაში, ანუ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს ჩვენი ცხოვრების თანმდევი პროცესებიდან გამომდინარეა. აქედან გამომდინარე, მასაჟისტის ხელსმებით მიიღწევა სედატიური ეფექტი ადამიანზე. თუმცა, შესაძლებლია, საწინააღმდეგო შედეგიც მივიღოთ, ანუ მატონიზირებელი მასაჟი, მაგალითად, სპორტსმენებზე, რომლებიც იმყოფებიან სპორტული შეჯიბრების წინ ეიფორიულ მდგომარეობაში, სწორედ ამ დროს უნდა გამოვიყენოთ, უფრო მარტივი ენით რომ ვთქვათ, მატონიზირებელი ანუ გამოსაფხიზლებელი მასაჟი.

– როგორ ხსნით კომპლექსებს?

– რიგ შემთხვევებში, არ საჭიროებს მასაჟი სიშიშვლეს. ქალბატონს არ უწევს ბიუსჰალტერის შეხსნა. უფრო მეტი სიმშვიდის მისაღწევად და ქალბატონების კომპლექსების მოსახსნელად ვმუშაობ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თვალებახვეული.

– გვირჩიეთ პატარა მასაჟი, რომელსაც გამოვიყენებთ ოჯახურ პირობებში.

– მასაჟი კეთდება სხვადასხვა პრობლემების დროს, სწორედ ამიტომ ავირჩიოთ ერთ–ერთი, ნერვული სტრესის დროს გამოსაყენებელი: უპირველეს ყოვლისა, სტრესში მყოფმა ადამიანმა უნდა იცოდე სწორი სუნთქვა, რაც გამოიხატება ღრმად ჩასუნთქვა ცხვირით, ამავე დროს მუცლის დიაფრაგმის გამობერვით და არა მკერდის, რასაც ჰქვია მუცლით სუნთქვა, ხოლო შემდგომ პირით ჰაერის ამოსუნთქვა. ყოველდღე დილასა და საღამოს ორი–ორი წუთი საკმარისი იქნება, რა თქმა უნდა, გარე გამაღიზიანებლების გარეშე, ხმაური, ყვირილი და ა.შ. შემდგომ უკვე მოდუნებულ მდგომარებაში რომ ვიქნებით, შეგვიძლია წამოვწვეთ ზურგზე, გულაღმა ან უკიდურეს შემთხვევაში დავჯდეთ საზურგე სკამზე მოვდუნდეთ. საჩვენებელი და შუა თითით წარბების საწყისებზე, ანუ ცხვირიდან ვიპოვოთ პატარა ჩაღრმავებები, ანუ ორმოები, რომლებშიც უნდა მოვათავსოთ საჩვენებლი და შუა თითი და ორ–ორი წუთი საღამო ხანს გავაკეთოთ ყოველდღე, ოღონდ მოძრაობები უნდა იყოს საათის ისრის მიმართულებით, ეს აუცილებელია! და პირველი ორი მოძრაობა უნდა იყოს ძლიერი მიახლოებით სამი კილოგრამის ზეწოლის ძალით, ხოლო მომდევნო ოთხი მსუბუქი, ანუ ჩვენ ვაკეთებთ ამ მოძრაობას 6 ფაზად, სადაც ორი არის ძლიერი და დანარჩენი 4 მსუბუქი.