ჯანმრთელი კვება

მარწყვი – გემრიელი მკურნალი

მარწყვი – გემრიელი მკურნალიგემო და არომატი მარწყვის ერთადერთი ღირსება არ არის.

მარწყვი ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა.

მარწყვი ნაოჭებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ცნობილი საშუალებაა, განწყობას ამაღლებს და დეპრესიისგან იცავს.

მარწყვის ღირსებად ითვლება ფიტონციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლია. სასარგებლოა მარწყვის ფოთლებიც. მასში ვიტამინები უფრო მეტია, ვიდრე თავად ნაყოფში, ხოლო მინერალების მარაგი, რომელშიც შედის რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი, ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებას ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადგამაძლიერებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი – ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების შემთხვევაში. ფოთლების დაკრეფა უმჯობესია მცენარის ყვავილობის პერიოდში. ამ დროს ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს აგროვებს. ფოთლებს ბნელ ადგილას აშრობენ.

თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით, მარწყვი ხშირად გვხვდება ხალხური მედიცინის რეცეპტებში. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს.
თუ ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი, ქოლეცისტიტი და კოლიტი გაწუხებთ, ქორფა მარწყვის ნაყენი თქვენთვის უებარი წამალია. 50 გრამ კენკრას 200 მლ ადუღებული წყალი დაასხით, 2 საათი გააჩერეთ და შემდეგ გაწურეთ. დღეში 3–4–ჯერ 50 მლ დალიეთ.

წვენი და კენკრის პიურე საჭმლის მონელების დარღვევისა და კოლიტის საწინააღმდეგო კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა. თუ პროფილაქტიკა არ დაგეხმარათ, მაშინ დამატებით მარწყვის ფოთლები და ფესვები გამოიყენეთ. 1 სუფრის კოვზ ფოთლებს ან ფესვებს 2 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, აადუღეთ, გაწურეთ და ნახევარი ჭიქა დღეში 2–ჯერ ჭამის შემდეგ მიიღეთ.

თავის ტკივილის დროს რამდენიმე ცალი კენკრა ჭამეთ. ტკივილი გაივლის.

უზმოზე 4–6 სუფრის კოვზი მარწყვის წვენის მიღება ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ეხმარება.
გამხმარ მარწყვს ადუღებულ წყალს ასხამენ და გაციების დროს სვამენ, ხოლო ფოთლების ნაყენს ანგინის დროს ყელში ივლებენ.

მარწყვის ფოთლების ჩაი ცნობილია, როგორც სისხლის გამწმენდი, სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი და ნერვების დამწყნარებელი საშუალება. მას სამკურნალო ეფექტი აქვს ჰემოროის (ბუასილის), ელენთისა და ღვიძლის, ქალური დაავადებების დროს.

ჩაის მომზადების წესი: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს ერთი მეოთხედი ადუღებული წყალი დაასხით, 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ.
ქორფა მარწყვის წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. სახეზე მარწყვის წვენი წაისვით და 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი რეკომენდებულია კვირაში 2–ჯერ ერთი თვის განმავლობაში.

შენიშვნა: თუ ალერგიული ხართ, მარწყვთან ფრთხილად იყავით. შეიძლება ძლიერი ალერგენი აღმოჩნდეს. რისკის შესამცირებლად მარწყვს რძე, კეფირი ან ნაღები დააყოლეთ. რძის პროდუქტები ალერგენების მოქმედებას ანეიტრალებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ: მარწყვის დიეტა