ჯანმრთელი კვება

მანგო მსხვილი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლების კიბოს წინააღმდეგ

მანგომეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანგოს მსხვილი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების წინააღმდეგ შეუძლია ბრძოლა.

მიუხედავად იმისა, რომ მანგოს არა აქვს მოცვისა და ბროწეულის მსგავსი ანტიოქსიდანტური თვისებები (მანგოში 4-5-ჯერ ნაკლები ანტიოქსიდანტია), ამ ეგზოტიკური ნაყოფის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდის შეჩერება შეუძლია.

მანგოს პოლიფენოლური შენაერთის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება შემოწმებული იქნა ლაბორატორიულ პირობებში – მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლების, ფილტვების, ლეიკემიისა და პროსტატის კიბოსეულ უჯრედებზე და დადგინდა, რომ ყველა უჯრედული ხაზი ერთნაირად მგრძნობიარეა მანგოს სიმსივნის საწინააღმდეგო აგენტისადმი, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი მოქმედება სარძევე ჯირკვლებისა და მსხვილი ნაწლავის კიბოსეული უჯრედების მიმართ დაფიქსირდა.

მანგოს შემადგენლობის “წყალობით”, სარძევე ჯირკვლებისა და მსხვილი ნაწლავის კიბოსეულმა უჯრედებმა გაიარა აპოპტოზის (აპოპტოზი – დნმ-ში კოდირებული ბრძანება და სამოქმედო ინსტრუქციები უჯრედის თვითლიკვიდაციისათვის) ანუ პროგრამირებული სიკვდილის პროცესი, ნორმალური (ჯანმრთელი) უჯრედები კი არ დაზიანებულა.

როგორც ონკოლოგებმა განმარტეს, მანგო შეიცავს როგორც ადვილად განადგურებად მცირე მოლეკულებს, ისე დიდ მოლეკულებსაც, რომელთაც არ შეუძლია ადსორბირება (შეწოვა) და იმყოფება მსხვილ ნაწლავში. ამგვარად, ჯანმრთელი უჯრედები ნარჩუნდება და მანგოს აგენტების მოქმედება მიმართულია მხოლოდ მავნე კიბოსეულ უჯრედებზე. ყოველ შემთხვევაში, ასე ხდება ამ ნივთიერებების გონივრული კონცენტრაციით გამოყენების შემთხვევაში. მანგოს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებაზე პასუხისმგებელია პოლიფენოლები, კერძოდ – გალოტანინი. ეს არის ბიოლოგიურად აქტიური შენაერთი, რომელიც კიბოს უჯრედების ბლოკირებას ახდენს.

ტესტირებამ უჩვენა, რომ უჯრედული ციკლი, რომლის დროსაც კიბოს უჯრედების დაყოფა და გამრავლება ხდება, მანგოს კომპონენტების დახმარებით შეწყდა. თანაც, ამ ხილის წყალობით აღარ ხდებოდა უჯრედების დაზიანება მუტაციის დონეზე ანუ მათი ფუნქციის დარღვევა.