კვება დიაბეტის დროს
კვებას დიაბეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს და მას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება.
გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რეცეპტს:
არაჟანში მოთუშული ყაბაყი:
მასალა: 2 საშუალო ზომის ყაბაყი, 1 პატარა ხახვი, 0,5 ჩაის ჭიქა არაჟანი, 40 გრამი პურის ფქვილი, 40 გრამი კარაქი, მწვანილი, მარილი.
მომზადება: ყაბაყს გავაცალოთ კანი და თესლები, დავჭრათ ჩხირებად. ღრმა ტაფაში გავადნოთ ცხიმი, შევწვათ ყაბაყი, ჩავასხათ ცოტა წყალი, მარილი მოვაყაროთ და მოვთუშოთ სახურავის ქვეშ. ხახვი დავჭრათ ძალიან თხელ რგოლებად, შევწვათ კარაქში და მოვაყაროთ ყაბაყს. ფქვილი ავურიოთ არაჟანში, ნარევი დავასხათ ყაბაყს და ყველაფერი ერთად მოვთუშოთ. გამზადებულ კერძს მოვაყაროთ დაქუცმაცებული მწვანილი.
თევზის კატლეტი:
მასალა: 500 გრამი უცხიმო თევზი, 1 პატარა ხახვი, 1 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი ფქვილი, 125 გრამი მაიონეზი, მცენარეული ზეთი.
მომზადება: თევზი გაასუფთავეთ, გამოშიგნეთ, გარეცხეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ხახვი ძალიან წვრილად დაკეპეთ. შეაერთეთ თევზი და ხახვი, დაუმატეთ უმი კვერცხი, ფქვილი, მაიონეზი და კარგად აურიეთ. უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა. გაახურეთ ტაფა, დაასხით მასზე ზეთი. სუფრის კოვზით მასზე დადეთ თევზის კატლეტები და ორივე მხრიდან შეწვით.
ჭრელი სალათა:
მასალა: 2 ქორფა კიტრი; 1 ტკბილი წიწაკა; 2 პამიდორი; 50 გრამი მწვანე ხახვი; 50 გრამი ბოლოკი; 1 კვერცხი; 2,5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი; ოხრახუში, კამა, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: კიტრი, პამიდორი და ბოლოკი გარეცხეთ და დაჭერით კუბიკებად. წიწაკა გარეცხეთ, მოაცილეთ ტიხრები და თესლები. დაჭერით კუბიკებად. ხახვი წვრილად დაკეპეთ. კვერცხი მაგრად მოხარშეთ, გააცივეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით. მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ, დააქუცმაცეთ. ერთმანეთს შეურიეთ კიტრი, წიწაკა, პამიდორი, ხახვი და ბოლოკი, ცოტა მარილი მოაყარეთ, შეაზავეთ ზეთით, აურიეთ და მოათავსეთ სასალათეში. ზემოდან მოაყარეთ დაკეპილი კვერცხი და მწვანილი.
კომბოსტოს სალათა ნიახურითა და ვაშლით
მასალა: 150 გრამი თეთრი ან წითელი კომბოსტო; 100 გრამი ნიახური; მომჟავო ვაშლი; მცენარეული ზეთი, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: კომბოსტო წვრილად დაჭერით, ცოტა მარილი მოაყარეთ და ხელით დაჭყლიტეთ წვენის გამოდენამდე. ნიახური გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ვაშლი გარეცხეთ, გააშრეთ, მოაცილეთ შუაგული და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. პროდუქტები აურიეთ ერთმანეთში, შეაზავეთ ცოტა ზეთით და გულმოდგინედ აურიეთ.
სტაფილოს სალათა ფორთოხლით
მასალა: 3–4 ცალი სტაფილო; 1 ფორთოხალი; 0,5 ლიმონი; 1 ვაშლი; 1 სუფრის კოვზი თაფლი; 3,5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.
მომზადება: სტაფილო და ვაშლი გარეცხეთ, გაფცქვენით, გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ფორთოხალი და ლიმონი დაყავით წილაკებად და თითოეული დაჭერით 2–3 ნაწილად. ფორთოხლისა და ლიმნის კანი (ცედრა) გახეხეთ. ყველაფერი შეურიეთ, დაუმატეთ თაფლი, ზეთი და აურიეთ.