კორონავირუსი ზედაპირებზე დღეები რჩება, ჰაერში კი რამდენიმე საათი
ახალი კორონავირუსული ინფექცია — Covid-19, რომელიც უკვე გლობალურ პანდემიად გამოცხადდა, სიცოცხლისუნარიანი და გადამდები, ჰაერში საათობით, ზედაპირებზე კი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება.
ეს არის სამეცნიერო კვლევის შედეგი, რომლის მიზანიცაა, ადამიანებს დაავადებისგან თავის აცილებაში დაეხმაროს.
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ნაწილის — ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა ვირუსი ინფიცირებული პაციენტიდან სხვადასხვა ზედაპირზე „გადაიტანეს“ — ამ ობიექტებზე დახველებით ან მათი შეხებით.
როგორც კვლევამ აჩვენა:
- დაავადებულის დახველების ან დამთქნარების შემდეგ, ვირუსი ჰაერში აქტიური მინიმუმ სამი საათის განმავლობაში რჩება;
- პლასტმასის და უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე ვირუსის აქტიური ნაწილაკები სამი დღის შემდეგაც აღმოჩნდა;
- მუყაოს ზედაპირზე ვირუსი 24 საათის შემდეგ აღარ იყო, ხოლო სპილენძზე მის გაქრობას 4 საათი დაჭირდა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით — Covid-19-ით თითქმის 200 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა თითქმის 8 000, გამოჯანმრთელდა — თითქმის 82 000.
საქართველოში დადასტურებულია 38 შემთხვევა, 1261 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.