კომში – მკურნალი ხილი
კომში უბრალოდ ხილი არ არის, მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ მკურნალი ხილი.
ამ საოცარი ხილის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინის ნაერთებს, ფრუქტოზას, გლუკოზას, კალიუმის მარილებს, რკინას, კალციუმს, ფოსფორსა და სპილენძს.
კომშის ნაყოფს აქვს შემკვრელი, შარდმდენი, ჰემოსტატიკური, ანტისეპტიკური მოქმედება და ხელს უწყობს გულისრევის შეჩერებას.
კომშის კურკებს გააჩნია დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. ამიტომ, კომშის კურკების ნახარში გამოიყენება სისხლიანი ხველის, საშვილოსნოდან სისხლდენისა და დიარეის დროს. კურკის ნახარშს იყენებენ ასევე ანგინის დროს სავლებ საშუალებად.
კომშის რბილობის მურაბა და ნახარში ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად. მოხარშული და გახეხილი კომში კი გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს და ღებინების საწინააღდეგო საშუალებად.
უმ ნაყოფსა და წვენს გამოიყენებენ ასევე სისხლნაკლებობისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებისას, რომელთაც თან ახლავს სიყვითლე და სისხლდენა; გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ამასთან, კომშის უმ ნაყოფს, რკინის დიდი შემცველობის გამო, იყენებენ რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე მაღალი ტემპერატურის დროს.
კომში არის დაბალკალორიული, დიეტური პროდუქტი.
კომშის კურკებისგან იღებენ ლორწოვან სითხეს, რომელსაც იყენებენ სავლებ, ამოსახველებელ და ხველის საწინააღმდეგო (ბრონქიტის დროს, განსაკუთრებით ბავშვებში), შემამსუბუქებელ (კოლიტისა და დიარეის დროს) და დამამშვიდებელ (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას) საშუალებად. ლორწოს ამზადებენ მთელი კურკებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული ენდოსპერმაში არსებული ამიგდალინის, მომწამვლელი ნივთიერების გამოსვლა.
სტომატოლოგიაში კომშის ლორწოს იყენებენ გლოსიტის, გინგივიტისა და პარადოტოზის დროს.
კომშის ფოთლების ნაყენი ამცირებს და აჩერებს კიდეც, ბრონქული ასთმის შეტევას.
კომშის ფოთლებისა და კურკის ჩაი შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა თირკმლების დაავადებების დროს.
თუმცა გახსოვდეთ, რომ:
გარდა ზემოჩამოთვლილი სამკურნალო თვისებებისა, კომშს გააჩნია ზოგიერთი უკუჩვენებაც. კომშის რბილობსა და კურკას აქვს შემკვრელი ეფექტი. იმ ადამიანებში, რომლებიც დაავადებულნი არიან ენტეროკოლიტით ან კუჭის წყლულით, ამ ხილის ნაყოფმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური სპაზმები და გაუვალობა და გააღიზიანოს ლორწოვანი გარსი.
კომშის მიღებისგან თავის შეკავებაა საჭირო ასევე პლევრიტისა და ყაბზობის დროს.