ინფექციური მონონუკლეოზი
ინფექციური მონონუკლეოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ტემპერატურის მომატება, პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება (განსაკუთრებით – კისრისა), პირხახის დაზიანება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება.
ინფექციური მონონუკლეოზი ერთი შეხედვით საოცრად ჰგავს ციტომეგალოვირუსულ, ადენოვირუსულ ინფექციებს, ჰეპატიტს, წითურას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ის მათგან რადიკალურად განსხვავდება.
დაავადების გამომწვევია ჰერპეს-ვირუსთა ოჯახის წარმომადგენელი ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც საკმაოდ დაუნდობელია. ინფექციის წყაროს წარმოადგენს ყველა მონონუკლეოზით დაავადებული ადამიანი, იშვიათად კი – ჯანმრთელი, ე.წ. ვირუსმტარებელი. დაავადების გადაცემა ხდება კონტაქტური გზით – დაინფიცირებული საკვებისა და წყლის მიღებით, ვირუსით “დაბინძურებული” სათამაშოების ან სხვა საგნების გამოყენებით. ინფექციის გადატანის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი იძენს მდგრად იმუნიტეტს ანუ დაავადება აღარ მეორდება.
ინფექციური მონონუკლეოზის დროს ინკუბაციური პერიოდი ანუ დრო დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე საკმაოდ მერყევია – 5 დღიდან 50 დღემდე, იშვიათად 2 თვემდეც.
დაავადება იწყება მწვავედ და დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური გამოვლინებები:
- მაღალი ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე;
- ყელის ტკივილი ყლაპვის დროს;
- ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება;
- კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ხოლო მე 3-4 დღეს კვანძები დიდდება იღლიისქვეშა, იდაყვის, საზარდულის და სხვა ადგილებში. ეს კვანძები სხვადსხვა ზომისაა: ცერცვის მარცვლის ზომიდან – კაკლის ან ქათმის კვერცხის ზომამდე;
- პირხახის დაზიანება ტონზილოფარინგიტის სახით: ანთებითი ცვლილებები ვითარდება ნუშურა ჯირკვლებზე. ზოგჯერ ძლიერი ანთებითი ცვლილებების გამო, ისინი იმდენად დიდდებიან, რომ ერთმანეთს ეხებიან, ამის გამო ავადმყოფს უჭირს სუნთქვა და დუდღუნებს, ძილის დროს კი ნახევრადღია პირით ხმაურიანად სუნთქავს. ხახის უკანა კედელი, ყელი წითელია და ნადებიანი;
- გადიდებულია ღვიძლი და ელენთა. ღვიძლის დაზიანების გამო შესაძლებელია განვითარდეს სიყვითლეც.
- ქუთუთოების შეშუპება;
- ტანზე სხვადასხვა სახის გამონაყარი.
ყველა ეს კლინიკური ნიშანი 2-4 კვირის მანძილზე აღენიშნება ავადმყოფს, შემდეგ კი თანდათან ქრება.
ინფექციური მონონუკლეოზის საბოლოო დიაგნოზის დასმისთვის საჭიროა – სისხლის სპეციფიკური ანალიზის ჩატარება:
- პერიფერიულ სისხლში მონონუკლეარების აღმოჩენა;
- სპეციფიკური ანტისხეულების გამოვლენა.
ინფექციური მონონუკლეოზი საკმაოდ მძიმე დაავადებაა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. საეჭვო ნიშნების აღმოჩენისთანავე მიმართეთ დაუყოვნებლივ ექიმს.