დაავადებები, ენდოკრინოლოგია

ჰიპოთირეოზი

https://lh4.googleusercontent.com/-AtxoY7rP6GU/T09EfzNV7ZI/AAAAAAAACTI/HSqCv4vumYg/s300/information_items_9233.jpgჰიპოთირეოზი არის დაავადება,  რომელიც  გამოწვეულია ფარისებრი  ჯირკვლის  ფუნქციის  დაქვეითებით.

ჰიპოთირეოზის მიზეზი შესაძლოა იყოს ფარისებრი ჯირკვლის:

  • პირველადი ხასიათის დაზიანება — მაგალითად, ქრონიკული აუტოიმუნური  ანთების,  რადიოაქტიური იოდის  დამაზიანებელი  ზემოქმედების, ან  ფარისებრი  ჯირკვლის  სხვადასხვა დაავადების  გამო  ქირურგიული  ჩარევის შედეგად.
  • მეორადი ხასიათის დაზიანება – ვითარდება ჰიპოფიზის  დაზიანების შედეგად,  რის გამოც აღარ გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის  მასტიმულირებელი  ჰიპოფიზური  ჰორმონი  და  ამიტომ  ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაც

ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელია:

  • სხეულის მასის მატება,
  • ძლიერი საერთო სისუსტე,
  • შრომის  უნარის  დაქვეითება,
  •  კანის სიმშრალე, მისი აქერცვლა, გაუხეშება,  მოყვითალო  ელფერი,
  • სხეულის ტემპერატურის  დაქვეითება,
  • სახის,  კიდურების  და  სხეულის  სხვა  ნაწილების შეშუპება,
  • სახის  გამომეტყველების  შეცვლა  — მიმიკის  სიღარიბე,
  • ხმის  ტემბრის  დაქვეითება,
  • დღისით  ძილიანობა და  ღამით  ფხიზელი  ძილი,
  •  მეხსიერების დაქვეითება,
  • მეტყველების  გაძნელება,
  •  თმის ცვენა,
  • ფრჩხილების მსხვრევადობა,
  • ყაბზობა,
  • სქესობრივი  ფუნქციის  მოშლა,
  •  მამაკაცებში  სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება და  პოტენციის დათრგუნვა,
  • ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევები,
  •  უშვილობა,
  • სარძევე ჯირკვლებიდან ხსენის ან რძისმაგვარი სითხის დენა- გალაქტორეა.
  •  სახსრების  ტკივილი,
  • კიდურებში  დაბუჟების შეგრძნება,
  • ანემია,
  • გულისცემის  სიხშირის შემცირება.

არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ანთების რამოდენიმე ფორმა.  მათ  შორის  ყველაზე  ხშირად  გვხვდება  ორი  სახის  ანთება — ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთება  და  ფარისებრი  ჯირკვლის  ქრონიკული აუტოიმუნური ანთება.
ქვემწვავე  ანთების  მიზეზად  მიჩნეულია  ვირუსული  ინფექცია.  დაავადებას ახასიათებს  სწრაფი  დასაწყისი  შემცივნებით,  სხეულის  ტემპერატურის  მომატებით, ტკივილით კისრის წინა ნაწილში, რომელიც  ხშირად  გადაეცემა  ყურების, ყბების ან კეფის მიმართულებით. ყლაპვა ხშირად გაძნელებულია. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება ძლიერი საერთო სისუსტის და შრომის უნარის მკვეთრი დაქვეითების გამო.
დაავადების  დასაწყისში  ხშირია  ფარისებრი ჯირკვლის ანთებისგან დაზიანებული  ქსოვილიდან ჰორმონების დიდი რაოდენობით გადასვლა სისხლში. ეს იწვევს ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გაჩენას. მოგვიანებით ეტაპზე კი პირიქით, დაზიანებული  ჯირკვალი  ვეღარ  ახერხებს  საკმარისი  რაოდენობის  ჰორმონის გამომუშავებას  და  ამიტომ  ვითარდება ჰიპოთირეოზისთვის  დამახასიათებელი სიმპტომატიკა, რასაც ხშირად თან ახლავს ჯირკვლის გადიდება.
აუტოიმუნური თირეოიდიტი ვითარდება იმუნური სისტემის მიერ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ ანტისხეულების გამომუშავების  გამო.  დაავადების  ერთ-ერთი ნიშანია ჩიყვის გაჩენა, რომელსაც ხშირად  თან  ახლავს  ფარისებრი  ჯირკვლის  ფუნქციის  უკმარისობის  აშკარა ან ფარული ნიშნები.

ჰიპოთირეოზის დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება:

  • ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდი — ექოსკოპია – ის ფარისებრი  ჯირკვლის  გადიდების  ნებისმიერი  ხარისხის  შესაფასებლად  ყველაზე საიმედო თანამედროვე საშუალებაა;
  • ლაბორატორიული გამოკვლევები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე;
  • ანამნეზი — კლინიკური ნიშნების არსებობა,
  • სისხლში  აუტოანტისხეულების მომატებული  რაოდენობის  აღმოჩენა — რომლებიც  გამომუშავებულია  ფარისებრი ჯირკვლის  ქსოვილის  საწინააღმდეგოდ.

ჰიპოთირეოზი ხშირ შემთხვევაში ქრონიკული  მდგომარეობაა.  ამიტომ ავადმყოფს  მუდმივი  მკურნალობა  და  მეთვალყურეობა ესაჭიროება. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა.