გასეირნება ამცირებს შაქრიანი დიაბეტის რისკს
ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში (British Medical Journal) გამოქვეყნებული კვლევის მონაცემების თანახმად, ყოველდღიური გასეირნება არამარტო გვეხმარება ზედმეტი წონისაგან გათავისუფლებაში, არამედ ასევე ამცირებს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკს.
რეგულარული ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა სხეულის მასის ინდექსის დაქვეითებაში და ინსულინ-რეზისტენტობის შემცირებაში არაერთხელ იყო ნაჩვენები კვლევებში, თუმცა ამ ბოლო შრომამ პირველად მოახდინა ჯანმრთელობისათვის ფეხით სიარულის ხანგრძლივი უპირატესობის დემონსტრირება.
მეცნიერებმა მერდოკის სახელობის პედიატრიული კვლევითი ინსტიტუტიდან (ავსტრალია) გამოიკვლიეს საშუალო ასაკის 592 მოზრდილი ადამიანი. ყველა მონაწილეს შესთავაზეს შეევსოთ კითხვარი, რომელიც შეეხებოდა კვებისა და ცხოვრების წესს. თითოეულ მონაწილეს მკვლევარებმა გამოუყვეს პედომეტრი – ხელსაწყო, რომელიც ზომავს დღის განმავლობაში გაკეთებული ნაბიჯების რაოდენობას.
კვლევა გაგრძელდა 5 წელი. აღმოჩნდა, რომ იმ მონაწილეებს, რომლებიც დღის განმავლობაში უფრო მეტს დადიოდნენ, უფრო ნაკლები ქონდათ სხეულის მასის ინდექსი, ნაკლები იყო წელის გარშემოწერილობის შეფარდება თეძოს გარშემოწერილობასთან და უფრო მაღალი ქონდათ ინსულინისადმი მგძნობელობა.
ამერიკის დიაბეტის ასოციაციის შეფასებით, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს დაავადება აქვს ამერიკის მილიონობით მცხოვრებს, განსაკუთრებით აფრიკული, აზიური წარმოშობის ამერიკელებს, ასევე ინდიელების შთამომავლებს.