გინეკოლოგია, დაავადებები

ენდომეტრიოზი

https://lh6.googleusercontent.com/-1lY8H5SmWow/T0-CzkMID7I/AAAAAAAACVs/BaTs5yfG3F0/s467/endo1.jpgენდომეტრიოზი (ადენომიოზი, “ენდომეტრიული ჰეტეროტოპია”) არის პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც საშვილოსნოს კუნთოვან კედელში (შესაძლოა სხვა ორგანოებშიც) ენდომეტრიუმის ჩანართები ვითარდება.

ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზებია:

  • ძირითადად იმუნურ-ჰორმონული (ენდოკრინული) დარღვევები;
  • მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები – ამ დროს პერიტონიუმის (მუცლის სეროზული გარსი) სითხეში არსებული აქტივირებული უჯრედები – მაკროფაგები ხელს უწყობენ “უკანონო” გზით შეჭრილ ენდომეტრიუმის ნაფლეთების შეზრდას;
  •  საშვილოსნოს დაზიანებები (მაგალითად აბორტი) – დაზიანებულ უბანში ხდება ენდომეტრიუმის ქსოვილის ჩაზრდა;
  • სპონტანური (თავისთავადი) განვითარება.

არსებობს ენდომეტრიუმის ორი ფორმა:

  • გენიტალური ფორმა – ამ დროს ქსოვილოვანი ნაფლეთები იბუდებენ საშვილოსნოში. რის გამოც საკვერცხეებში ვითარდება ენდომეტრიული კისტა, კვერცხსავალ მილებში ადგილი აქვს შეხორცებების და გაუვალობის ჩამოყალიბებას, რასაც შედეგად მოჰყვება საშვილოსნოსგარე ორსულობა, უნაყოფობა.

ენდომეტრიოზის აღმოჩენა შეიძლება უნაყოფო ქალთა ნახევარში. დაავადებულთა 90%-ს აღენიშნება შეხორცებითი პროცესები, რომლებიც ხელს უშლიან განაყოფიერებას. შეცვლილია ჰორმონალური ფონიც: საჭიროზე მეტი რაოდენობის ესტროგენი გამომუშავდება. გარდა ამისა, ენდომეტრიოზის დროს მუცლის ღრუს სითხეში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც სპერმატოზოიდის მოძრაობას ზღუდავს და არ უშვებს მას კვერცხუჯრედამდე. ექსტრაგენიტალური ფორმა — ამ დროს ქსოვილოვანი ნაფლეთები იბუდებენ არა საშვილოსნოში, არამედ ნაწლავებში, ფილტვებში. ტვინში. მაგრამ ასეთ გაბნევას იშვიათად აქვს ადგილი.

ენდომეტრიოზის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • ტკივილი მენსტრუაციის დაწყებამდე;
  •  ჭარბი მენსტრუალური გამონადენი;
  • ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს;
  • მენსტრუაციამდე ყავისფერი გამონადენის არსებობა;
  • ხანგრძლივი უნაყოფო პერიოდი.
ენდომეტრიოზის დასადგენად გამოიყენება:
  • ავადმყოფის გამოკითხვა;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ლაპაროსკოპია;
  • რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
  • ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

მსუბუქი ფორმის ენდომეტრიოზის დროს თუ მოხდა დაფეხმძიმება, ეს მკურნალობის იდეალური ვარიანტია. სხვა შემთხვევებში მკურნალობის ტაქტიკას საზღვრავს ექიმი.