დაავადებები, ონკოლოგია

ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა და ქალთა სიმსივნეებს შორის პირველი ადგილი უკავია  (20%).

ძუძუს კიბო მამაკაცებშიც გვხვდება, მაგრამ მისი სიხშირე სხვა სიმსივნეებთან შედარებით საკმაოდ მცირეა 0,5-დან 2%-მდე, ამიტომაც კვლევებისას ძირითადი აქცენტი ქალთა პოპულაციაზე კეთდება.

კიბო  წარმოადგენს ავთვისებიან სიმსივნეს და ეს არის პროცესი, როდესაც ეპითელური  უჯრედი ან უჯრედთა ჯგუფი იწყებს  უკონტროლო,  ორგანიზმის ზოგადი მარეგულირებელი მექანიზმებისაგან დამოუკიდებელ ზრდას და შეუჩერებელ გამრავლებას. კიბოს უჯრედებს ახასიათებს ჩაზრდა ირგვლივ ქსოვილებში ანუ ინვაზია და მეტასტაზირება,  ანუ გავრცელება  სისხლის ან ლიმფის  მეშვეობით.
დღეისთვის  ბოლომდე  არ  არის  ცნობილი  ძუძუს  კიბოს  გამომწვევი მიზეზები, მაგრამ ცნობილია  ის  რისკ-ფაქტორები,  რომლებიც  ზრდიან ძუძუს კიბოს შემთხვევების განვითარების ალბათობას.

ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:
პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ძუძუს კიბოს  დადასტურებული  (უტყუარი) რისკ -ფაქტორები:

  1. ასაკი  _  არსებობს  პირდაპირი  კავშირი  ასაკსა  და  დაავადების  რისკს შორის,  რომელიც  მკვეთრად  იზრდება  40  წლიდან.  ქალებში სარძევე ჯირკვლის  ავთვისებიანი  სიმსივნით  ავადობა  ყველაზე  მაღალია  50-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
  2. მემკვიდრეობითობა _ ოჯახურ  ანამნეზში  ძუძუს  კიბოს  არსებობა  8-10-ჯერ ზრდის ძუძუს კიბოს რისკს.
  3. ძუძუს კიბოს არსებობა ანამნეზში (რეციდივის საფრთხე).

მეორე ჯგუფს წარმოადგენს ძუძუს კიბოს შესაძლო რისკ-ფაქტორები:

  1. ესტროგენების  გამოყოფის  გახანგრძლივება  _  ნაადრევი  მენსტრუაცია (11  წლის  ქვემოთ)  და  გვიანი  მენოპაუზა  (50  წლის  შემდეგ),  გვიანი მშობიარობა  (30  წლის  ზევით),  უშვილობა,  სქესობრივი  ცხოვრების არქონა  ან  ნაადრევი  შეწყვეტა,  ლაქტაციის  პერიოდში  ძუძუთი კვებისაგან თავის შეკავება.
  2. დიეთილსტილბესტროლის  (ხელოვნური  ესტროგენის)  გამოყენება, რომელსაც ზოგჯერ იყენებენ ნაყოფის შენარჩუნებისთვის.
  3. მენოპაუზის შემდგომ ხანგრძლივი ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია.
  4. ენდოკრინულ-მეტაბოლური  დარღვევები  (საკვერცხეების  დისფუნქცია, რომელიც  ხელს  უწყობს  სარძევე  ჯირკვლის  ფიბროზულ-კისტოზურ ცვლილებებს, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი).
  5. გინეკოლოგიური  დაავადებები  (მიომები,  ენდომეტრიოზი,  ანთებითი პროცესები მცირე მენჯის ორგანოებში).
  6. ძუძუს ტრავმები და გადატანილი მასტიტები.
  7. ძუძუს იმპლანტები (სილიკონი, )
  8. ადრეულ ასაკში რენტგენის სხივებით ხშირად დასხივება.

მესამე ჯგუფს წარმოადგენს სავარაუდო რისკ-ფაქტორები:

  1. დაბალი ფიზიკური აქტიობა.
  2. პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება.
  3. ანტიპერსპირანტების უკონტროლო გამოყენება.
  4. ხშირი აბორტები.
  5. კვების  ხასიათი  (ცხიმიანი  საკვების,  ალკოჰოლის,  ყავის  ჭარბად გამოყენება).
  6. სტრესი.
  7. მაიონიზირებელი რადიაცია.
  8. პესტიციდებით და  ესტროგენების  გამოყოფის  ხელშემწყობი ნივთიერებებით დაბინძურებული გარემო.
  9. ნარკოტიკების, ნიკოტინის გამოყენება.

დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება რამდენიმე რისკ-ფაქტორის არსებობისას,  განსაკუთრებით,  თუ  ისინი  მიეკუთვნებიან  დადასტურებული (უტყუარი)  რისკ-ფაქტორების  კატეგორიას.  თუმცა  დაავადება  შეიძლება განვითარდეს რისკ-ფაქტორების არმქონე ქალებშიც.
ძუძუს  კიბოსაგან  განკურნების  და  სიკვდილიანობის  შემცირების ერთადერთ  რეალურ  გზას  დაავადების  პროფილაქტიკა  და  ადრეული დიაგნისტიკა წარმოადგენს.

არსებობს ფაქტორები, რომლებიც ამცირებენ ძუძუს კიბოს განვითარების რისკს:

  1. დამძიმებული  ოჯახური  ანამნეზის  შემთხვევაში  საჭიროა  გენეტიკური ანალიზის  გაკეთება  და  დადებითი  პასუხის  შემთხვევაში პროფილაქტიკური მასტექტომიის შესახებ მამოლოგთან კონსულტაცია.
  2. ესტროგენების გამოყოფის  პერიოდი  შეიძლება  შემცირდეს,  რაც თავის მხრივ  შეიძლება დაგვეხმაროს ძუძუს კიბოს პრევენციაში:
    • მრავალშვილიანობა _ (მრავალშვილიან დედებში უფრო იშვიათია ძუძუს კიბოს შემთხვევები, რადგან ორსულობის დროს მცირდება ესტროგენების დონე).
    • ძუძუთი კვება _ ასევე ამცირებს ესტროგენების დონეს.
    • ენდოკრინულ-მეტაბოლური  დარღვევების  მკურნალობა (მასტოპათიების,  შაქრიანი  დიაბეტის,  ჰიპოთირეოზის  დროული მკურნალობა).
    •  სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგება.
    • მენოპაუზის შემდგომ  ხანგრძლი  ჰორმონოჩანაცვლებითი თერაპია და პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება არ არის  რეკომენდირებული,  რადგანაც  ამ  დროს  იზრდება ესტროგენების მოქმედება სარძევე ჯირკვლის ქსოვილზე.
  3. გინეკოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა.
  4. ცხოვრების  ჯანსაღი  წესი:  სისტემატიური  ვარჯიში,  რაც  აქვეითებს ესტროგენების  დონეს.   ყავისა  და  ალკოჰოლის  შეზღუდვა,  საკვები რაციონის  სწორად  შერჩევა,  თამბაქოსა  და  ნარკოტიკების მოხმარებისაგან განთავისუფლება.
  5. ხშირი  რენტგენოლოგიური  კვლევებისაგან  და  სოლარიუმის უკონტროლო გამოყენებისაგან თავის შეკავება.
  6. მზის პირდაპირი სხივების მოქმედებისაგან თავის დაცვა.
  7. ძუძუს ტრავმების თავადან აცილება.

მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ  არა რისკ-ფაქტორები და  მითუმეტეს, თუ ისინი  გაქვთ,  თითოეულმა  ქალმა  უნდა  ჩაიტაროს  სარძევე  ჯირკვლის:

  • თვითგასინჯვა – ძუძუს  თვითგასინჯვა  უნდა  ჩატარდეს  თვეში  ერთხელ,  ციკლის დაწყებიდან მე-4-7 დღეს. იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ ციკლი, შეარჩიეთ მაგ. ყოველი თვის პირველი დღე;
  • მამოგრაფია — (სარძევე  ჯირკვლის  რენტგენოგრაფია),  რომელიც დაავადების  ადრეული დიაგნოსტიკის  ყველაზე  მგრძნობიარე და  სპეციფიკურ მეთოდს  წარმოადგენს. მამოგრაფიული კვლევის სიზუსტე 75-91% შეადგენს. რეკომენდებულია, 35-40 წლამდე ასაკის ქალებმა მამოგრაფია გაიკეთონ ერთხელ,  რომ  დაარეგისტრირონ  ძუძუს  ნორმალური  სტრუქტურა,  40-49 წლამდე  მამოგრაფია  უნდა  გაკეთდეს  ორ  წელიწადში  ერთხელ,  ხოლო  50 წლის  შემდეგ  _  ყოველწლიურად.  35  წლამდე  ასაკის  ქალებში,  რომელთა სარძევე  ჯირკვლის  სტრუქტურა  უფრო  მკვრივია;
  • ვიზიტი მამოლოგთან — კლინიკური  გასინჯვა  რეკომენდებულია ჩატარდეს წელიწადში ორჯერ;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა — ციკლიდან მე-5-8  დღეს;
  • ბიოფსია _ სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მცირე ნაწილი მიიღება ნემსის ასპირაციით ან ანათალის სახით, შემდეგ ხდება მიკროსკოპული გამოკვლევა.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თვითგასინჯვის დროს აღმოაჩინეთ რომელიმე სიმპტომი:

  • კვანძების და გამკვრივებული უბნების აღმოჩენა მკერდში
  • ძუძუს ფორმის, ზომის ან კანის ფერის ცვლილება
  • ძუძუს დვრილის ან კანის ჩაბრუნება
  • დვრილიდან გამონადენი
  • ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება მკერდის არეში
  • ძუძუს შეწითლება, ლიმონის ქერქის მსგავსი ცვლილებები, წყლულები,
  • მოლურჯო ლაქები
  • იღლიისა და ლავიწზედა ლიმფური კვანძების გადიდება.

ნუ  შეშინდებით  თუ  რაიმე  უჩვეულო  შენიშნეთ,  გახსოვდეთ, რომ ძუძუს  კიბოს  პროფილაქტიკა  და  ადრეული  დიაგნოსტიკა ახანგრძლივებს,  აუმჯობესებს  სიცოცხლეს,  ზოგავს  ენერგიას,  დროსა  და ფულს.