დაავადებები, ინფექციური დაავადებები

C ჰეპატიტი

C ჰეპატიტიჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებაა. ყველაზე მეტად გავრცელებულია A, B, C ჰეპატიტები.

C ჰეპატიტი დღეისათვის  ერთერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მისი აქტუალობა დღითიდღე იზრდება.  მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით მოზრდილი მოსახლეობის 5-10%-ია ინფიცირებული. ძალიან იშვიათია C ჰეპატიტის მწვავე ფორმები. C ჰეპატიტი შემთხვევათა 75-85%-ში ქრონიკულ მიმდინარეობას იძენს.

აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის   ვირუსი გადაეცემა:

  • ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტით (გადაცემის ძირითადი გზა) – სისხლის გადასხმით, საზიარო საინექციო ინსტრუმენტების გამოყენებით, სტომატოლოგიური, ქირურგიული მანიპულაციების დროს;
  • C ჰეპატიტი უპირატესად სისხლის გზით ვრცელდება. ამიტომ ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების შემთხვევაში დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია. გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა 80% ინფიცირებულია სწორედ ამ ვირუსით;
  • დაუცველი სქესობრივი კავშირით, თუმცა ამ გზით ნაკლებად გადაეცემა.
  • ვერტიკალურად (დედიდან შვილზე).

C ჰეპატიტი 10-15 წლის მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ ბევრმა არც კი იცის საკუთარი ინფიცირების შესახებ და შესაძლებელია ინფექცია გადადონ სხვებს. ასეთი მიმდინარეობის გამო C ჰეპატიტს `ალერსიანი მკვლელი~ უწოდეს. მხოლოდ ამ პერიოდის გავლის შემდეგ დაავადება ვლინდება კლინიკურად და, არც თუ იშვიათად, ღვიძლის ციროზით და/ან კიბოთი მთავრდება. ამასთან, C ჰეპატიტის საპროფილაქტიკო ვაქცინა არ არსებობს.

C ჰეპატიტით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ასაკში.

ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ:

  • ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს;
  • შემთხვევითი, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის მქონე პირებს;
  • სისხლის რეციპიენტებს − პაციენტები, რომელთაც უტარდებათ სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმა;
  • პირები, რომელთაც უტარდებათ მანიპულაცია არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტებით (მაგ.: სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური და ა.შ.);
  • პირები, რომლებიც იკეთებენ ტატუირებას ან პირსინგს არასტერილური ინსტრუმენტებით;
  • ახალშობილები, რომელთა დედებიც ინფიცირებულნი არიან;
  • სამედიცინო პერსონალი.

C ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ნიშნები:

  • სიყვითლე;
  • სახსრების ტკივილი;
  • საერთო სისუსტე;
  • უმადობა;
  • სხეულის ტემპერატ. მომატება;
  • ფაღარათი;
  • შარდის გამუქება;
  • გულისრევა, ღებინება;
  • განავლის გაუფერულება;
  • მუცლის ტკივილი.

აღნიშნული სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით გამოვლინდეს ან შეიძლება დაავადება საერთოდ უსიმპტომოდ, ყოველგვარი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობდეს. ჰეპატიტებს ახასიათებთ როგორც მწვავე, ისე ქრონიკული (გახანგრძლივებული) მიმდინარეობა.

C ჰეპატიტის დროს აუცილებელია ექიმის დროული კონსულტაცია, რათა მოხდეს სასწრაფოდ მკურნალობის ჩატარება და ამევე დროს დაიცვათ სხვები ინფიცირებისაგან.