C ჰეპატიტი
ჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებაა. ყველაზე მეტად გავრცელებულია A, B, C ჰეპატიტები.
C ჰეპატიტი დღეისათვის ერთერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მისი აქტუალობა დღითიდღე იზრდება. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით მოზრდილი მოსახლეობის 5-10%-ია ინფიცირებული. ძალიან იშვიათია C ჰეპატიტის მწვავე ფორმები. C ჰეპატიტი შემთხვევათა 75-85%-ში ქრონიკულ მიმდინარეობას იძენს.
აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის ვირუსი გადაეცემა:
- ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტით (გადაცემის ძირითადი გზა) – სისხლის გადასხმით, საზიარო საინექციო ინსტრუმენტების გამოყენებით, სტომატოლოგიური, ქირურგიული მანიპულაციების დროს;
- C ჰეპატიტი უპირატესად სისხლის გზით ვრცელდება. ამიტომ ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების შემთხვევაში დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია. გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა 80% ინფიცირებულია სწორედ ამ ვირუსით;
- დაუცველი სქესობრივი კავშირით, თუმცა ამ გზით ნაკლებად გადაეცემა.
- ვერტიკალურად (დედიდან შვილზე).
C ჰეპატიტი 10-15 წლის მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ ბევრმა არც კი იცის საკუთარი ინფიცირების შესახებ და შესაძლებელია ინფექცია გადადონ სხვებს. ასეთი მიმდინარეობის გამო C ჰეპატიტს `ალერსიანი მკვლელი~ უწოდეს. მხოლოდ ამ პერიოდის გავლის შემდეგ დაავადება ვლინდება კლინიკურად და, არც თუ იშვიათად, ღვიძლის ციროზით და/ან კიბოთი მთავრდება. ამასთან, C ჰეპატიტის საპროფილაქტიკო ვაქცინა არ არსებობს.
C ჰეპატიტით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ასაკში.
ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ:
- ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს;
- შემთხვევითი, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის მქონე პირებს;
- სისხლის რეციპიენტებს − პაციენტები, რომელთაც უტარდებათ სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმა;
- პირები, რომელთაც უტარდებათ მანიპულაცია არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტებით (მაგ.: სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური და ა.შ.);
- პირები, რომლებიც იკეთებენ ტატუირებას ან პირსინგს არასტერილური ინსტრუმენტებით;
- ახალშობილები, რომელთა დედებიც ინფიცირებულნი არიან;
- სამედიცინო პერსონალი.
C ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ნიშნები:
- სიყვითლე;
- სახსრების ტკივილი;
- საერთო სისუსტე;
- უმადობა;
- სხეულის ტემპერატ. მომატება;
- ფაღარათი;
- შარდის გამუქება;
- გულისრევა, ღებინება;
- განავლის გაუფერულება;
- მუცლის ტკივილი.
აღნიშნული სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით გამოვლინდეს ან შეიძლება დაავადება საერთოდ უსიმპტომოდ, ყოველგვარი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობდეს. ჰეპატიტებს ახასიათებთ როგორც მწვავე, ისე ქრონიკული (გახანგრძლივებული) მიმდინარეობა.
C ჰეპატიტის დროს აუცილებელია ექიმის დროული კონსულტაცია, რათა მოხდეს სასწრაფოდ მკურნალობის ჩატარება და ამევე დროს დაიცვათ სხვები ინფიცირებისაგან.