დაავადებები, კუჭნაწლავის დაავადებები

ბუასილი

ბუასილიბუასილი ყითასა და სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერებაა.

სწორი ნაწლავის ვენების გაგანიერება მოსახლეობის უმეტესობას აქვს, მაგრამ ბუასილი, როგორც დაავადება, მჟღავნდება მხოლოდ რომელიმე გართულების (სისხლის დენა, თრომბოზი, გამოვარდნა) შემდეგ.

სწორი ნაწლავის ვენების გაგანიერება შედარებით ხშირია ქალებში, ბუასილი კი – მამაკაცებში (30 წლის შემდეგ).

არსებობს სწორი ნაწლავის ვენების გაგანიერების ხელშემწყობი ფაქტორები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ვითარდება ბუასილი.

ფაქტორები:

ერთგვარი წინააღმდეგობის შექმნა ვენური სისხლის უკუდინებისათვის:

  • თვით სწორი ნაწლავის ვენების, ისევე როგორც საერთოდ კარის ვენის სისტემის, თანდაყოლილი თავისებურება – სარქვლების არარსებობა;
  • ჰემოროიდალური ვენების ურთიერთ- პერპენდიკულარული განლაგება;

მუცლის ღრუში წნევის მომატება:

  • გაჭინთვა;
  • შეკრულობა;
  • ორსულობა;
  • ასციტი;
  • სიმსივნე;

მენჯის ღრუში წნევის მომატება:

  • ძლიერი ფიზიკური დატვირთვა;
  • ხშირი ჯდომა, განსაკუთრებით რბილ და თბილ სავარძელში;
  • ხშირად ფეხზე დგომა;

საერთოდ გადაჭარბებული სმა-ჭამა:

  • ზოგიერთი გამაღიზიანებელი სასმელი: ალკოჰოლი, მაგარი ჩაი, ყავა;
  • ზოგიერთი საკვები: ცხარე, წიწაკიანი, ღორის შაშხი;
  • ყითას ნახეთქი;
  •  სპინქტერის სპაზმი;
  • პროსტატიტი;
  • შარდის ბუშტის დაავადებები;
  • ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები;
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა.

ბუასილი იყოფა სხვადასხვა ფორმებად:

1. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით:

  • მწვავე;
  •  ქრონიკული;
  • მორეციდივე.

2. ლოკალიზაციის (მდებარეობის) მიხედვით:

  • გარეთა;
  • შიგნითა.

გარეთა ანუ კანქვეშა ბუასილი ვითარდება სწორი ნაწლავის კანქვეშ. ამ დროს გაგანიერებული ვენური კვანძები (ერთი ან რამოდენიმე) ლორწოვანისა და კანის საზღვარზეა ყითას ირგვლივ, იისფერი გადაჰკრავს და ზოგჯერ კვანძები ჩაჩუტულია ფოჩების სახით.

ავადმყოფს აწუხებს:

  • ქავილი;
  • უმნიშვნელო წვა.

გარეთა ბუასილმა შესაძლოა განიცადოს ანთება (თრომბოზი), დაჩირქდეს, განვითარდეს ხვრელმილი. რაც შეეხება სისხლდენას – იგი მას არ ახასიათებს.
შიგნითა ბუასილი სწორი ნაწლავის შიგნითა წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა. ის მოთავსებულია სწორი ნაწლავის ლორწოვანის ქვეშ ყითადან 2-3 სმ-ზე. კვანძები ჩანს მხოლოდ ჩაცუცქულ მდგომარეობაში, გაჭინთვისა და ყითაში მათი გამოსვლის შემდეგ ან სწორი ნაწლავის სარკით დათვალიერებისას. დეფეკაციის დროს შიგნითა კვანძები ხშირად გარეთ ვარდება და თავისით სწორდება ან ავადმყოფი ხელით ასწორებს.

შიგნითა ბუასილის დროს დამახასიათებელია:

  • სისხლდენა – დეფეკაციის შემდეგ სისხლდენა წვეთ-წვეთად ვითარდება, ზოგჯერ სუსტ ნაკადად, ძალზედ იშვიათად  კი ისეთი სიძლიერით, რომ შესაძლოა ავადმყოფს გულიც წაუვიდეს;
  • კვანძების გამოვარდნა – მას ადგილი აქვს ლორწოვანქვეშა გარსის ცვლილებებისა და ბუასილის კვანძების ანთებისას.

ამ დროს განვითარებული სპინქტერის სპაზმი კვანძების უკან შებრუნებას აბრკოლებს და ავადმყოფს აღენიშნება:

  • ძლიერი ტკივილი;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • კვანძების შეშუპება;
  • ნეკროზი;
  • დაჩირქება;
  • ზოგჯერ სეფსისური მდგომარეობა.

მწვავე მოვლენები მეტწილად ორ კვირაში ცხრება.

ბუასილის დასადგენად გამოიყენება:

  • ანამნეზი;
  • რექტოსკოპიული გამოკვლევა.

ბუასილზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს მკურნალობის ტაქტიკას, იქნება ის კონსერვატიული თუ ქირურგიული.