გულ–სისხლძარღვთა სისტემა, დაავადებები

გულის თანდაყოლილი მანკი

გულის თანდაყოლილი მანკიგულის თანდაყოლილი მანკი ეს არის ნაყოფის გულისა და მასთან დაკავშირებული სისხლძარღვების ფორმირებისა და ზრდის პროცესის დარღვევა.

არსებობს მისი მრავალი სახეობა.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით დაახლოებით 100 ახალშობილიდან 1-ს აღენიშნება გულის თანდაყოლილი მანკი. მანკის განვითარების მიზეზი ძირითადად უცნობია, თუმცა არსებობს ფაქტორები რომელიც შესაძლებელია გულის თანდაყოლილი მანკის ჩამოყალიბებას უწყობდეს ხელს.

ამ ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • გენეტიკური;
  • დედის დაავადებები _ როგორც ორსულობამდე არსებული, ასევე ორსულობის პერიოდში განვითარებული, მაგალითად: ინფექციური, ვირუსული, ბაქტერიული და ასევე არაინფექციური დაავადებები (მაგ: დიაბეტი);
  • მედიკამენტები — ორსულობის პერიოდში გარკვეული მედიკამენტების მიღება ზემოქმედებს ნაყოფის გულსისხლძარღვთა სისტემის ჩამოყალიბებაზე;
  • ნიკოტინი;
  • ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები.

როგორც აღვნიშნეთ გულის თანდაყოლილი მანკის მრავალი სახეობა არსებობს, შესაბამისად სხვადასხვაა მათი გამოვლენის ნიშნები და მიმდინარეობა.

ზოგადად მანკის სიმპტომებია:

  • ციანოზი (სილურჯე);
  • კვების დროს დაღლა;
  • უარის თქმა საკვებზე;
  • გულის აჩქარება;
  • სუნთქვის გახშირება;
  • ხშირი ავადობა;
  • წონაში ცუდი მატება;
  • ზედა საუნთქი გზების ინფექცია.

თუმცა არსებობს ისეთი სახის თანდაყოლილი მანკები, რომელიც თავიდან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო აღნიშნული სიმპტომები შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს, როდესაც მანკის ქირურგიული კორექცია შესაძლებელია დაგვიანებულიც კი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პედიატრის კონსულტაცია, რომელიც მოახდენს მანკის დროულ დიაგნოსტიკას, რის საფუძველზეც მოხდება მანკის დროული ქირურგიული კორექცია.

დღეისათვის არსებული გამოკვლევების ტექნიკური საშუალებებით შესაძლებელი ხდება გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტიკა გესტაციის 16-18 კვირიდან (ორსულობის მეოთხე თვიდან). ამ გამოკვლევის მიზანია დროული დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში დროული ქირურგიული კორექციის დაგეგმვა. თუმცა ზოგიერთი სახეობის მანკის დიაგნოსტიკა ვერ ხერხდება ორსულობის პერიოდში. ასეთი მანკების მცირე სახეობა არსებობს, და ძირითადად გულის თანდაყოლილი მანკის მსუბუქ ფორმას წარმოადგენს. ორსულობის პერიოდში მასზე ეჭვის მიტანის შემთხვევაშიც კი სავალდებულოა ახალშობილის გამოკვლევა კარდიოქირურგიულ კლინიკაში.

ორსულობის პერიოდში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვირება გარკვეულწილად წარმოადგენს მოცემული დაავადებების თავიდან აცილების საშუალებას.

გულის თანდაყოლილი მანკის ქირურგიაში არსებული მიღწევებით შესაძლებელია ისეთი სახის გულის მანკების კორექცია, რომლის განკურნების შესაძლებლობები ადრე არ არსებობდა.

თანდაყოლილი ანომალიების პრევენცია მოიცავს: დაგეგმილ ორსულობას, ორსულობამდე წყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, ორულობის მიმდინარეობას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი ვიზიტის 12 კვირამდე განხორციელება, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს თანდაყოლილი ანომალიების დიდი ნაწილი. ორსულობის პერიოდში მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ნაყოფზე დამაზიანებელი ზეგავლენის მქონე ფაქტორების ზემოქმედება (ალკოჰოლი, ნიკოტინი, მედიკამენტები და სხვ), ორსული მიზანშეწონილია მოერიდოს ხალხმრავალ გარემოს, რაც ამცირებს ინფექციების რისკს. მეტად მნიშვნელოვანია ორსული ქალის ბალანსირებული კვება, ვინაიდან საკვები ნივთიერებების (ვიტამინები, მიკროელემენტები) დეფიციტმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს ნაყოფის დაზიანებას.

გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციის ჩატარების ვადები დამოკიდებულია გულის თანდაყოლილი მანკის სახეზე, პაციენტის მდგომარეობაზე, სიმძიმეზე, თანარსებულ დაავადებებზე და სხვ. არსებობს გადაუდებელი, სასწრაფო ჩვენების ოპერაციები, რომელიც ზოგჯერ სიცოცხლის პირველივე დღეებში ტარდება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ოპერაციის რამოდენიმე ეტაპად ჩატარება.

გულის თანდაყოლილი მანკის დროს გამოსავალი დამოკიდებულია დაავადების დროულ დიაგნოსტირებაზე.