ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
გთავაზობთ წინაპრების მიერ ნაცად მეთოდებს სხვადასხვა სნეულების სამკურნალოდ.
ჭვავის პური ჯანმრთელ ადამიანებსაც კი ძალას მატებს. იგი არც ძალიან რბილი და არც ძალიან ხმელი არ უნდა მიირთვათ, რათა კუჭს არ ავნოთ. მათ, ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებს, უმჯობესია უპირატესობა ხორბლის პურს მიანიჭონ.
თუ ჭვავის ფქვილს ალუბლის ნაყენში მოზელთ და პურს გამოაცხობთ, შემდეგ კი ფურუნკულზე ან ჭრილობაზე დაიდებთ, ჩირქს გამოიტანს. მკერდის არისა და ფერდების ტკივილის დროს რეკომენდებულია მოხალული ჭვავის ფქვილის მდუღარეში გახსნა და ჩაის მსგავსად დალევა.
ხველების პროფილაქტიკისათვის ჭვავის ჩალის ნაყენს სვამენ. თუ თავი გტკივათ, დაასველეთ ჭვავის პური ძმარში და თავზე მიიდეთ, ფეხები კი თიხის წყალხსნარში ჩაყავით.
ქერის ქატოს ნახარში შარდსასქესო ორგანოების პრობლემებს მოგიწესრიგებთ.
დასიებისა და შეშუპების პროფილაქტიკისთვის მშვენიერი საშუალებაა მოხარშული ჭარხლისა და შვრიის ფქვილის ნარევის დასიებულ ადგილებზე დადება.
თუ რძეში მოხარშულ წიწიბურას დალურჯებულ ადგილებზე მიიდებთ, სილურჯე გაქრება.
ხახვის წვენისა და თაფლის ნარევი ხველებასა და ყელის დაავადებებს შველის. თუ ხახვის წვენს გააზავებთ წყლით 1:10-თან და პირში გამოივლებთ, ღრძილების დაავადებები აღარ დაგემუქრებათ. თმის ზრდას ხელს უწყობს ხახვის წვენის თმაში შეზელა. ძმარში დანაყილი ხახვით დაიზილეთ გარქოვანებული ადგილები, ეს კანს სინაზეს დაუბრუნებს. ტაფაზე შემწვარი ხახვი იარებზე მიიდეთ, მოაშუშებს.
მოხარშული და დაქუცმაცებული ნიორი ჩირქოვან იარებს აშუშებს. თუ ნივრის წვენს თმაში შეიზელთ, რწყილები და წილები აღარ შეგაწუხებთ, თმის ძირები კი გამაგრდება.
ღვინოში შერეული გახეხილი ნივრით ღრძილები დაიზილეთ, ეს კბილებს ამაგრებს. თუ მცენარეულ ზეთში შემწვარ ნიორს მუწუკებზე წაისვამთ, მოშუშდება. ძროხის რძეში მოხარშული ნივრის ნაყენი ტკივილებს აყუჩებს.
მოხარშეთ ნიორი ნებისმიერ პარკოსანთან ერთად, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ღამით საფეთქლებში შეიზილეთ, უძილობა და თავის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ.
აურიეთ ნიორი პირშუშხას, მდოგვს, ჭინჭარს. დანაყეთ, გამოწურეთ წვენი და მიიღეთ გულის უკმარისობის დროს.
წიწაკა კუჭს ასუფთავებს, მაგრამ ვინც ზედმეტს მიირთმევს, მხედველობას იფუჭებს.
თაფლისა და მდოგვის ნარევი ხველებისგან გაგათავისუფლებთ. მდოგვისა და თხის რძის ნარევი კი იარებს აშუშებს.
პიტნა ნაწლავებს აჯანსაღებს. პიტნის წვენი შეურიეთ ძმარს, წაისვით საფეთქლებზე, თავი აღარ აგტკივდებათ.
დილით კამის წვენის მიღება კარგია თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტისთვის.