ანემია ზრდის სიკვდილიანობის რისკს კანსგავლითი კორონარული ჩარევების დროს
ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანემია ზრდის სისხლდენისა და სიკვდილიანობის რისკს ST-სეგმენტის ცდომით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ჩატარებული კანსგავლითი კორონარული ჩარევების შემდეგ.
გარდა ამისა, ანემიის ზეგავლენით სიკვდილიანობის ზრდა უფრო მეტად დაფიქსირდა მამაკაცებში, ვიდრე ქალებში(American Journal of Cardiology).
კვლევის ავტორის გრეგ ვ. სტოუნისა (Gregg W. Stone) და მისი კოლეგების მიერ (კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, ნიუ-იორკი) შესრულებული იქნა კვლევა HORIZONS-AMI–ის 3153 მონაწილის პოსტ-ჰოკ-ანალიზი. ანალიზი ითვალისწინებდა კონკრეტულად ანემიის ზემოქმედებით დაავადების გამოსავლის ცვლილებას. პაციენტებს ჩატარებული ქონდათ კანსგავლითი კორონარული ჩარევა შთ-სეგმენტის ცდომით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს. ორიგინალურ კვლევას უნდა შეედარებინა ბივალირუდინის გამოყენების ეფექტი არაფრაქციონირებადი ჰეპარინისა და IIბ/IIIა გლიკოპროტეინის ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენების ეფექტთან.
კვლევის დასაწყისში პაციენტების 10,5 %-ს აღენიშნებოდა ანემია. ბივალირუდინი ამცირებდა სიკვდილიანობის ალბათობას ყველა მიზეზით, ასევე გულით გამოწვეულ სიკვდილიანობას და სისხლდენებს ორჯერ მეტად, ვიდრე ჰეპარინი პლიუს IIბ/IIIა გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი, მაგრამ ეს ეხებოდა მხოლოდ პაციენტებს ანემიის გარეშე.
მკვლევარების განმარტებით, ანემიის მქონე პაციენტებში ბივალირუდინის გამოყენებისას ასეთი უპირატესობა არ აღინიშნა.
მთავარი სისხლდენის ალბათობა ანემიის მქონე პაციენტებში 30 დღის განმავლობაში (13,5 % , ნაცვლად 6,7 %-ისა) და 1 წლის განმავლობაში (14,8 %, ნაცვლად 7,2 %-სა), იყო 2-ჯერ მაღალი. მრავალგანზომილებიანი ანალიზის დროს ეს ასოციაცია არ იყო დამოკიდებული სქესზე.
სქესი ნამდვილად მოქმედებდა სიკვდილიანობის რისკზე ანემიის მქონე პაციენტებში. სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო ანემიის მქონე მამაკაცებში იმ მამაკაცებთან შედარებით, რომლებსაც ანემია არ აღენიშნებოდათ 30 დღის შემდეგ (შესაბამისად, 4,6 % და 1,8 %) და ასევე 1 წლის შემდეგაც (შესაბამისად, 8,9 % და 3,0 %).
მაგრამ ქალებში, ანემიის ფონზე ან ანემიის გარეშე, არ აღინიშნა რისკის მნიშვნელოვანი მატება: სიკვდილინობა 30 დღის შემდეგ – შესაბამისად, 5,3 % და 3,6 %, ხოლო სიკვდილიანობა 1 წლის შემდეგ – შესაბამისად, 7,5 % და 5,9 %.
მრავალგამზომილებიანი ანალიზის საშუალებით, ანემიის არსებობა დამოუკიდებლად წინასწარმეტყველებდა ნებისმიერ მიზეზით სიკვდილიანობას 1 წლის შემდეგ მხოლოდ მამაკაცებში, მაგრამ არა ქალებში.
ანემიის მქონე პაციენტებში ასევე უფრო მაღალი იყო 30-დღიანი ინსულტის ნორმები, მაგრამ ანემია არ ასოცირდებოდა განმეორებითი ინფარქტის, სტენტის თრომბოზის, ან მიზანმიმართული სისხლძარღვოვანი რევასკულარიზაციის რისკებთან.
დოქტორმა სტოუნმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ანემიის მქონე პაციენტებში უფრო მაღალია სისხლდენებთან, პრეპარატების გამოყენებასთან ან მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის პროცედურებთან დაკავშირებული გართულებების განვითარების ალბათობა. ამიტომაც აუცილებელია მოხდეს ანემიის კორექცია საერთო პოპულაციაში და გულის პათოლოგიის მქონე პაციენტებში, რათა გამოყენებული იქნას პროცედურები და პრეპარატები, რომლებიც თავიდან აგვაცილებს სისხლდენას და გაზრდის გადარჩენის შანსს”.