ალცჰეიმერის დაავადება
ალცჰეიმერი თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. ეს დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) გავრცელებულ ფორმას.
დაავადება პირველად გერმანელმა ფსიქოლოგმა და ნევროლოგმა ალოის ალცჰეიმერმა, 1970 წელს აღწერა.
თავდაპირველად ალცჰეიმერის დაავადებას შეცდომით განიხილავდნენ, როგორც თავის ტვინის სისხლძარღვების დაბერების ან ”სკლეროზის” გამოვლინებას.
რეალურად, დაავადების მიზეზია არა სისხლძარღვების დაზიანება, არამედ ნერვული უჯრედების (ნეირონების) დეგენერაცია.
ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია:
- მეხსიერების პრობლემები;
- ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება;
- ადამიანს უჭირს ტელევიზორის ყურება იმიტომ, რომ არ აქვს მთლიანობის შეგრძნება;
- უჭირს სწორად სიტყვების მოძებნა – „ენაზე მადგას“ ფენომენი;
- დროის ცუდი აღქმა;
- სივრცეში ორიენტაციის უნარის დაქვეითება;
- დაავადებული შფოთავს, არის ცუდ ხასითზე და ძალიან ადვილად ბრაზდება.
ეს სიმპტომები თანდათანობით პროგრესირებენ და საბოლოოდ ავადმყოფი სრულიად კარგავს საკუთარი თავის დამოუკიდებლად მოვლის უნარს და იღუპება.
ალცჰეიმერის დაავადების ზუსტი და შეუცდომელი დიაგნოსტირების მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს.
ამისათვის, გამოკვლევის პერიოდში უნდა გამოირიცხოს დემენციის გამომწვევი ყველა სხვა მიზეზი და განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ექვემდებარება მკურნალობას, მაგალითად: ტრავმა, ინფექციები, სიმსივნე, სამკურნალო პრეპარატების გადაჭარბებული დოზით მიღება, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ასევე ის ფსიქიკური აშლილობები, როგორიცაა: დეპრესია და შფოთვა.
თუმცა ამ ყველა დაავადების თუ მდგომარეობის გამორიცხვის შემდეგაც ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზს სავარაუდოდ სვამენ.
დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ ტვინის ქსოვილის მიკროსკოპული გამოკვლევის მეშვეობით, რომელიც სიკვდილის შემდეგ ტარდება. იშვიათ შემთხვევებში, მსგავსი გამოკვლევები ტარდება პაციენტის სიცოცხლეში, რისთვისაც კეთდება ბიოფსია – ტვინის ქსოვილის მცირე ზომის ნიმუშების აღება.
ბიოქიმიური გამოკვლევების შედეგად დადგენილია, რომ ალცჰეიმერის დაავადების დროს ტვინში იმატებს აცეტილტრანსფერაზას შემცველობა, რომელიც წარმოადგენს აცეტილქოლინის წარმოქმნისათვის აუცილებელ ფერმენტს.
აცეტილქოლინი მიეკუთვნება ნეირომედიატორს – ნივთიერებას, რომელიც აღმგზნებ ნერვულ იმპულსებს გადასცემს ერთი უჯრედიდან მეორეს და მონაწილეობს მეხსიერების პროცესებში.
დაავადების დროებით შეჩერება ან პროგრესირების შენელება შესაძლებელია მხოლოდ იმ პრეპარატების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობენ აცეტილქოლინის შემცველობის მომატებას თავის ტვინში (ტაკრინი, არისეპტი).
მაგრამ დღესდღეობით დაავადების განკურნება შეუძლებელია. სნეულებასთან შეგუებაში ავადმყოფებს და ასევე მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო პერსონალი ეხმარება. სასურველია, რომ ავადმყოფმა ცხოვრების აქტიურ წესს მისდიოს.
ალცჰეიმერის დაავადების მიზეზი უცნობია. როგორც წესი, დაავადება იწყება 40-50 წლის შემდეგ, თუმცა გამოვლენილია დაავადების უფრო ადრეული ასაკიც.
დაავადება ხშირად ამოუცნობი რჩება და სიკვდილიანობის მიხედვით მეოთხე ადგილზეა.