ჯანმრთელი კვება

ზამთრის რაციონი

ზამთარში ხილი და ბოსტნეული ნაკლებია, ამიტომ ორგანიზმს მრავალი საკვები ნივთიერება აკლდება, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ჯანმრთელობას ვნებს მზის სხივების ნაკლებობაც, ამიტომ მედიკოსები ზამთარში კვებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორად შერჩეული რაციონი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას აგინაზღაურებთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ზამთარში წონის მომატება ადვილია.

სუსხიან, უღიმღამო დღეებში ადამიანს უფრო მეტად უნდება ტკბილეული. ბევრს ზამთრობით დეპრესიაც კი ემართება, რომლის დასაძლევადაც ტკბილეულს ეძალება. ტკბილეული კი, როგორც იცით, წონას მატებს, ასე რომ, შესაძლოა გაზაფხულზე ჭარბმა კილოგრამებმა შეგაწუხოთ. მაგრამ თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, იქნებ ეს ყველაფერი თავიდან აიცილოთ.

მაშ ასე, ყური ვუგდოთ დიეტოლოგებს:

მიირთვით მეტი წვნიანი
სადილად ერთი თეფში წვნიანი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. საქმე ის არის, რომ წყალი, რომელიც წვნიანშია, ჩვეულებრივ წყალზე ნელა ათავისუფლებს კუჭს. მაქსიმალული ეფექტისთვის უპირატესობა მიანიჭეთ დაბალკალორიულ წვნიანებს, მაგალითად, ბოსტნეულის წვნიანს.

ნასადილევს გაისეირნეთ
დისკომფორტს მხოლოდ უამინდობა კი არ იწვევს, არამედ მზის შუქის უკმარისობაც. დღის შუქი ხელს უწყობს თავის ტვინში სეროტონინის წარმოქმნას, რომელიც ადამიანს ბედნიერებისა და სიმშვიდის განცდას ანიჭებს. სინათლის ნაკლებობა კი სეროტონინის დონეს ამცირებს, დაღლილობას და მადის მომატებას იწვევს. თხუთმეტწუთიანი გასეირნებისას დღის სინათლის საკმაო დოზას მიიღებთ და 70 კალორიასაც დაწვავთ.

შეარჩიეთ ზამთრის საყვარელი საკვები
შეადგინეთ იმ პროდუქტების სია, რომლებიც ზამთრობით ყველაზე მეტად გინდებათ და ისინი ჩვეულ რაციონში შეიტანეთ. ეს უკეთესია, ვიდრე ჭამიდან ჭამამდე არსებულ შუალედში სუსნაობა.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვა კერძს ამჯობინებენ. მაგალითად, მამაკაცებს კარტოფილის პიურე, მაკარონის ნაწარმი და წვნიანი ურჩევნიათ, ხოლო ქალებს – ნამცხვარი და შოკოლადი.

ყავა თუ ჩაი
ფინჯანი რძიანი ყავა 265 კალორიას შეიცავს. კაპუჩინო – ცოტა ნაკლებს, 153 კალორიას, ხოლო ნაღებიანი შოკოლადი – მთელ 448 კალორიას. თუმცა არც ეს არის მთავარი – გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბი კოფეინი ორგანიზმს ცხიმის დაგროვებას აიძულებს. უმჯობესია, გასათბობად ბალახის, ხილის ან მწვანე ჩაი მიირთვათ – მათში არც კოფეინია და არც კალორიები.