დაავადებები, სისხლძარღვთა სისტემა

თრომბოფლებიტი

თრომბოფლებიტითრომბოფლებიტი არის ვენური თრომბოზი, რომელსაც ვენების კედლის ანთებაც ახლავს.

არსებობს ზედაპირული და ღრმა ვენების თრომბოზი. აღნიშნულ დაყოფას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ზედაპირული ვენების თრომბოზი არ იწვევს ემბოლიურ (სისხლძარღვის სანათურის დაცობა სისხლის ნაკადით მოტანილი ნაწილაკებით, კერძოდ, თრომბით, ცხიმის წვეთებით, ჰაერით, სიმსივნური უჯრედებითა და ბაქტერიებით) გართულებებს, მაშინ, როცა ღრმა ვენების თრომბოზი ფილტვის არტერიის ემბოლიის ხშირი მიზეზია.

თრომბოფლებიტის წარმოშობას ხელს უწყობს სამი ძირითადი ფაქტორი:

  1. სისხლის ნაკადის შენელება;
  2. ვენის კედლის ანთება;
  3. სისხლის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობის შეცვლა, რომელიც თრომბის წარმოშობის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს.

კლინიკური თვალსაზრისით არსებობს კანქვეშა, ზერელე და ღრმა ვენების თრომბოფლებიტი, რომელიც შედარებით ხშირად ვითარდება ქვემო კიდურებზე (უფრო მარცხენა ქვემო კიდურზე), რაც აიხსნება თეძოს ვენის და ქვემო ღრუ ვენის ანატომიური თავისებურებებით.
თრომბოფლებიტის განვითარებას წინ უძღვის ორგანიზმში განვითარებული ზოგადი ცვლილებები: ვენური სისხლის ნაკადის შენელება, სისხლის შედედების უნარის გაძლიერება, ორგანიზმში ინფექციის კერის არსებობა.

თრომბოფლებიტი უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. იგი შეიძლება განვითარდეს სხვადსხვა ასაკში.
თრომბოფლებიტი, რომელიც იწყება ვენის კედლის ანთებითა და ვენის სანათურში თრომბის გაჩენით, დაკავშირებულია კანქვეშა ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან, ინფექციურ დაავადებებთან, მშობიარობასთან, ოპერაციულ ან შემთხვევით ჭრილობასთან.

ვენებში წარმოქმნილი თრომბი ძირითადად შედგება ერითროციტებისგან, მცირე რაოდენობით თრომბოციტებისაგან და მათი შემაკავშირებელი ფიბრინისგან (ცილა, რომლითაც სისხლის ეს უჯრედები შეერთებულია ერთმანეთთან). თრომბი ერთი კიდით ვენის კედელზეა მიმაგრებული, მეორე ბოლო კი თავისუფლად “ჰკიდია” სისხლძარღვის სანათურში. სწორედ ამ თავისუფალ ბოლოდან ხდება თრომბის ნაწილის მოწყვეტა, რომელიც შემდგომ სისხლის ნაკადთან ერთად გადაადგილდება.

ვენური თრომბოზი ლოკალიზდება ზერელე და ღრმა ვენებში. ქვემო კიდურების კანქვეშა ვენების მწვავე თრომბოფლებიტის დროს ადგილობრივად ვითარდება შეხურება, კანის შეწითლება, მატულობს კანის ტემპერატურა, ხელით შეხებისას აღინიშნება ტკივილი და ლოკალური (ადგილობრივი) სიმკვრივე.  ეს პროცესი იშვიათად მიმდინარეობს საერთო სიმპტომებით: შემცივნებით, ტაქიკარდიით (პულსის აჩქარებით). იმ შემთხვევაში, როდესაც თრომბოზული პროცესი ვრცელდება ღრმა ვენებშიც, ადგილობრივ ცვლილებებს ემატება ღრმა ვენების თრომბოზიც.

გავრცელების მიხედვით არჩევენ ქვემო კიდურების ზერელე ვენების მწვავე თრომბოფლებიტის სამ სახეს:

  1. კვანძოვანი შემოსაზღვრული;
  2. ზონარისებული;
  3. მიგრირებული.

ზონარისებული თრომბოფლებიტისგან განსხვავებით კვანძოვანი შემოსაზღვრული თრომბოფლებიტის დროს იშვიათად ზიანდება ვენები მის გაყოლებაზე. მას თან ახლავს მცირედ მომატებული ტემპერატურე.

ზერელე ვენების მიგრირებული თრომბოფლებიტი შედარებით აქტიური და დიფუზური ფორმისაა (მაგალითად, წვივზე არსებული თრომბოფლებიტი მიგრაციას განიცდის ბარძაყის არეში).

კანქვეშა ვენების თრომბოფლებიტის დროს ტკივილი ძლიერდება ფეხზე დგომისა და სიარულის დროს, ხოლო ქრება წოლის დროს.

იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესი კანზე გადადის, ადგილი აქვს ლოკალური ტკივილების, სიცხისა და ლეიკოციტოზის მომატებას.

ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოფლებიტი წარმოადგენს დამოუკიდებელ ან ზერელე ვენების თრომბოფლებიტის გართულებას. დაავადება იწყება უეცრად, რამდენიმე საათის განმავლობაში. ტკივილი ძლიერდება ზეწოლით. ვითარდება შეშუპება და სიმხურვალის შეგრძნება, კიდურები მოცულობაში მატულობს, ავადმყოფს უძნელდება ფეხზე დოგმა.
ღრმა ვენების თრომბოფლებიტის ყველაზე საშიში გართულებაა ფილტვის არტერიის ემბოლია, რომელიც უფრო ხშირად დაავადების პირველ დღეებში ვითარდება, თუმცა, შესაძლებელია, ეს გართულება თრომბოფლებიტის ყველა სტადიაში განვითარდეს.

ქვემო კიდურების თრომბოფლებიტის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება კონტრასტული ფლებოგრაფია, რომელიც ყველაზე ინფორმაციული საშიალებაა თრომბის აღმოსაჩენად. ასევე, გამოიყენება დოპლერის მეთოდი და ფიბრინოგენით სკანირება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ღრმა ვენების თრომბოზი.
ქვემო კიდურების მწვავე თრომბოფლებიტის დროს სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას) და თრომბოლიზური (პრეპარატები, რომლებიც ძლიან თრომბებს) საშუალებები.

თრომბოფლებიტის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკას, კერძოდ, სამკურნალო ვარჯიშს, არაკალორიულ დიეტას, უნდა მოერიდოთ ჭინთვებს. საჭიროა ელასტიური წინდისა და ბანდის დროული და სწორი გამოყენება. ყურადღება უნდა მიექცეს კანქვეშა ვარიკოზულ (გაგანიერებულ) ვენებს, ტროფიკულ წყლულს, ქვედა კიდურების სოკოვანი დაავადების მკურნალობას, რათა ყოველივე შეიძლება იქცეს თრომბოფლებიტის განვითარების წყაროდ.

ქვემო კიდურების მწვავე თრომბოფლებიტის თუ კანქვეშა ვენების მწვავე თრომბოფლებიტის შემთხვევაში ავადმყოფმა სასწრაფოდ მკურნალობისთვის უნდა მიმართოს სისხლძარღვთა სპეციალისტს – ანგიოლოგს, რათა დროულად მოხდეს მისი მკურნალობა და თავიდან ავიცილოთ არასასურველი გართულებები.