დაავადებები, ძვალ-სახსროვანი სისტემა

სქოლიოზი

სქოლიოზიახალშობილის ხერხემალი რკალივით მოხრილია და უკანაა გამოდრეკილი. შემდეგ პატარას მოძრაობები იხვეწება (ჯერ თავს იჭერს, შემდეგ ჯდება, იწყებს სიარულს). ამას თან ახლავს ხერხემლის ფორმის ცვლილებები:

  • მე-3-4 თვეზე წარმოიქმნება ხერხემლის პირველი ნადრეკი კისრის განყოფილებაში;
  • მე-10-11 თვეებზე იცვლება ხერხემლის ფორმა წელისა და გულმკერდის არეებში (გულმკერდის ფიზიოლოგიური კიფოზი და წელის ფიზიოლოგიური ლორდოზი);
  • 7 წლის ასაკში კი ხერხემალი საბოლოო ფორმას იღებს. აღინიშნება ნადრეკები კისრის, გულმკერდისა და წელის მიდამოებში.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ხერხემალი განიცდის პათოლოგიურ ცვლილებას და ვითარდება ხერხემლის გამრუდება, რაც იწვევს ტანადობის შეცვლას.

იგი მოზარდი ბავშვების “სენია”, რომლის განვითარებაში რამოდენიმე ფაქტორს გამოყოფენ, ესენია:

  • ხერხემლის თანდაყოლილი თავისებურებანი. ხერხემლის გამრუდება უპირატესად უვითარდებათ ბიჭებს 10-16 წლის ასაკში, უმრავლეს შემთხვევაში კიფოზი შეუღლებულია სკოლიოზთან.
  • გაძლიერებული დატვირთვა ხერხემალზე, მძიმე საგნების აწევა. ასეთ შემთხვევაში სხეულის ერთი ნაწილის კუნთები მაქსიმალურადაა გაჭიმული, ხოლო მეორე ნაწილისა – შეკუმშული (ჰიპერტონუსში). არათანაზომიერად დაჭიმულ კუნთებს ხერხემალი “მწყობრიდან გამოჰყავს”, რაც დროთა განმავლობაში მის გამრუდებას იწვევს.
  • ხშირი ტრავმა ზურგის (ხერხემლის) არეში. დაზიანებული და ჯანმრთელი უბანი არათანაბარი დატვირთვით მუშაობენ, რაც ხერხემლის დეფორმაციას უწყობს ხელს.
  • დაბალი ფიზიკური აქტივობა. ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან, ტელევიზორთან ან სამეცადინო მაგიდასთან ატარებენ. ამიტომ სასკოლო ასაკის ბავშვთა უმრავლესობას იუვენილური ანუ საბავშვო კიფოზი აწუხებს.

ხერხემლის გამრუდების მიზეზი, ზოგჯერ სკოლამდე, უფრო ადრეულ ასაკში იჩენს თავს. ზოგიერთ ბავშვს აღენიშნება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანუ ძვალ-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიური ცვლილებები, რაც შემდგომში ხერხემლის გამრუდებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში მისი თავიდან აცილება შესაძლებელია მუდმივი კონტროლითა და დაკვირვებით.

არსებობს რამოდენიმე სიმპტომი, რომელიც პატარებში ხერხემლის გამრუდებაზე მიგვანიშნებენ. თუ ამ სიმპტომთაგან რომელიმე შენიშნეთ თქვენს პატარას, მიაკითხეთ ექიმს, რადგანაც შესაძლოა მომავალში მას სქოლიოზის განვითარება მოჰყვეს.

ეს სიმპტომებია:

  • ბავშვი მუდმივად დაჭიმულია და წინააღმდეგობას გიწევთ, ტირის მუცლიდან ზურგზე ან პირიქით გადაბრუნებისას;
  • ძილის დროს თავი ერთსა და იმავე გვერდზე აქვს მიბრუნებული;
  • ნაოჭები სხეულზე და ფეხებზე ასიმეტრიულია;
  • დღისით ბავშვი მოდუნებულია, ხოლო ღამით მოუსვენარი ხდება და ცუდად სძინავს;
  • ძუძუთი კვების დროს მხოლოდ ერთ ძუძუს ეტანება;
  • ზურგიდან მუცელზე ან პირიქით მხოლოდ ერთი გვერდიდან ბრუნდება;
  • ფორთხვის დროს თეძოებს მაღლა სწევს;
  • სიარულს ყოველთვის ერთი და იმავე ფეხიდან იწყებს.

ხერხემლის გამრუდების დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

ხერხემლის გამრუდებაზე ეჭვის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დროულად მოხდეს გამრუდების ხარისხის დადგენა (არსებობს გამრუდების I-II-III-IV ხარისხი) და მკურნალობა. მკურნალობა გულისხმობს — კუნთოვანი აპარატის გამაგრებას, რაც მიიღწევა სამკურნალო ფიზკულტურით, მასაჟით და ფიზიოთერაპიით. თუ საჭიროა — საკორექციო კორსეტის მორგებაც.

მკურნალობის ტაქტიკას კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებლად ირჩევს ექიმი.