დაავადებები, შარდსასქესო სისტემა

შარდ-კენჭოვანი დაავადება

შარდ-კენჭოვანი დაავადებაშარდით ორგანიზმიდან გამოიყოფა ნივთიერებათა ცვლის უსარგებლო და შხამიანი ნარჩენები. ამ ნივთიერებებს შარდი ზენაჯერი კონცენტრაციით შეიცავს. მათ დალექვას აკავებს ე.წ. დამცველი კოლოიდები.

ამიტომ არის რომ, ახლად მიღებული გამჭვირვალე შარდი ჰაერზე დგომის და გაცივების შემდეგ ნალექს გამოყოფს. იმ შემთხვევაში თუ ნალექის გამოყოფა მოხდა საშარდე გზებში, წარმოიშობა კენჭები. კენჭები სხვა და სხვა შედგენილობისაა, იგი შეიძლება შეიცავდეს შარდ მჟავას (ურატი), მჟაუნმჟავას (ოქსალატი), კალციუმს, ფოსფორ. კენჭი იშვიათად ერთეულია, უფრო ხშირად კი მრავლობითი.

თუ კენჭი თირკმლის მენჯში და ფიალებშია შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ აწუხებდეს ადამიანს, ავადმყოფობის შეგრძნება ხდება მაშინ, როცა კენჭი დაიწყებს მოძრაობას, გადაადგილდება შარდსაწვეთისკენ, გააღიზიანებს, გაკაწრავს ლორწოვანს, გამოიწვევს შარდსაწვეთის კუნთების სპასტიურ შეკუმშვას და შარდის შეგუბებას, რასაც მოჰყვება მის ზემოთ მდებარე შარდსაწვეთის ნაწილის და თირკმლის მენჯის დაჭიმვა. ეს ყველაფერი გამოვლინდება თირკმლის ჭვალის სახით.

ჭვალის შეტევა იწყება უეცრად, ზოგჯერ სიმძიმის აწევის, ბევრი სიარულის, ფიზიკური დაღლის, ემოციური დაძაბვის, გაცივების შემდეგ. ადამიანი წელის არეში (დაავადებულ მხარეს) გრძნობს ძლიერ ტკივილს, რომელიც ვრცელდება წინ და ქვემოთ, შარდსაწვეთის მიმართულებით, სასქესო ორგანოებსა და ბარძაყის შიგა ზედაპირისაკენ. ტკივილი აუტანელია, ხან ძლიერდება, ხან კი რამდენადმე მცირდბა, ავადმყოფი მოუსვენრადაა, ადგილს ვერ პოულობს. ამავე დროს აღინიშნება დიზურიული მოვლენები: შარდვა გახშირებულია, შარდის რაოდენობა კი შემცირებული. შარდვას თან სდევს წვის შეგრძნება და ტკივილი შარდსაწვეთში. არც თუ იშვიათია გულის რევა და პირღებინება. შეტევის დროს და ზოგჯერ შეტევის შემდეგაც შარდი შეიცავს სისხლს, რაც ზოგჯერ მას ფერითაც ეტყობა, უფრო ხშირად კი ლაბორატორიული გამოკვლევებით დგინდება. ზოგჯერ ავადმყოფი შარდთან ერთად პატარა კენჭებსაც გამოჰყოფს.

შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოზის დასმა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ავადმყოფს წელის არეში აქვს ტკივილი, არ შეიძლება. დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ ექისმ ავადმყოფის გასინჯვის და ინსტრუმენტალურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ.

შარდ-კენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს ზოგად ღონისძიებებს, რაც მოიცავს ზოგად ღონისძიებებს, მოწესრიგებულ კვებას, საკმაო რაოდენობით სითხის მიღებას, ცხოვრების და შრომის მოწესრიგებულ რეჟიმს, ფეხით სიარულს, ფიზკულტურას, ფიზიკურ შრომას.

როდესაც შარდი მჟავე რეაქციისა და შეიცავს შარდმჟავა მარილებს (ურატებს), ავადმყოფი უნდა ერიდოს ხორცის, შიგნეულის, თევზეულის ჭამას, მათ ნახარშებს, ყავას, შოკოლადს. საკვები უნდა შეიცავდეს პურეულს, ცხიმს, ყველს, კვერცხს, პომიდორს, ბლომად ბოსტნეულს და ხილს.

თუ შარდში ბევრია კალციუმის მარილები (ოქსალატების, ფოსფატების და კარბონატების სახით), უნდა შეიზღუდოს რძე ყველი, კარტოფილი. საკვებად ეძლევა ბრინჯი, ბურღული, ცხიმი, ხორცი, თევზი, კიტრი ლიმონათი ან ლიმონმჟავას შემცველი სიროფი, ტკბილეული. თუ შარდში ბლომად ოქსალატებია ავადმყოფი უნდა ერიდოს მჟაუნას, სალათს, ჭარხალს, სტაფილოს.

ვადმყოფმა დღეში უნდა მიიღოს 1,5-2ლ სითხე.

თირკმლის ჭვალსი შეტევის დროს საჭიროა ექიმის გამოძახება.

შარდ-კენჭოვანი დაავადების სამკურნალო კურორტებია:
ბორჯომი და საირმე, რომლის მინერალურ წყალს უნიშნავენ ავადმყოფს 1,5-2ლ-ს დღეში. კურორტზე არ შეიძლება ისეთი ავადმყოფის გაგზავნა, რომელსაც შარდსაწვეთი დახშული აქვს კენჭით.