სიახლეები

საქართველოში რამდენიმე პარფიუმერულ ნაწარმში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

საქართველოში პარფიუმერულ ნაწარმში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდასაქართველოში ზოგიერთ პარფიუმერულ პროდუქციაში აღმოჩნდა, ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევს.
ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (momxmarebeli.ge) ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე პარფიუმერიის 5 ნიმუშში პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები შეიძინეს და საფრანგეთის ლაბორატორიაში გააგზავნეს (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების – პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად).

კვლევის თანახმად, ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. კვლევა ჩაუტარდა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებულ პროდუქციას, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.

„პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.

დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე – მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე“, – ნათქვამია momxmarebeli.ge-ს მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

momxmarebeli.ge ხელისუფლებასა და მთლიანად საზოგადოებას მოუწოდებს სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა ისეთ ცნობილ პროდუქციებში, როგორებიცაა:

  • ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier;
  • ფრჩხილის ლაქი Olivia;
  • ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy;
  • შამპუნი CLEAR;
  • სახის საცხი ჩისტაია ლინია;
  • სახის საცხი NIVEA და სხვა.