დიეტა

სამკურნალო დიეტა

სამკურნალო დიეტასწორად შერჩეული დიეტა გულის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა, – აცხადებენ ამერიკული კარდიოლოგიური ასოციაციის ექსპერტები.

„გულის მეგობრები“ ჩვენს სამზარეულოში ყოველთვის მოიძებნებიან, მთავარია, ისინი სათანადოდ გამოვიყენოთ.

ომეგა-3-ის ცხიმმჟავათა შემადგენლობის თვალსაზრისით რეკორდსმენია სელის მარცვლების ზეთი. ის მაქსიმალურად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს და იცავს ორგანიზმს თრომბების წარმოქმნისგან. 1-2 სადილის კოვზი სელის ზეთი შეგიძლიათ შეურიოთ ცომში ან მდოგვში.

ბროკოლი იცავს მიოკარდს დაზიანებისგან და წარმოქმნის განსაკუთრებულ ცილებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს პროდუქტი გაყინული სახით უფრო სასარგებლოა, რადგან მასში ინახება მეტი რაოდენობის ჩ ვიტამინი. უმჯობესია, ბროკოლი ორთქლზე მოამზადოთ.
ნიორი შეიცავს 70-მდე აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულზე. მათ შორის ყველაზე უკეთ შესწავლილია ალიცინი, რომელიც ნივრის სისტემატურად მიღების შემთხვევაში 15-30 პუნქტით დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
სასურველია, ნიორი კერძს დაუმატოთ ბოლოს, თერმული დამუშავება ნიორს უკარგავს სამკურნალო თვისებებს. გარდა ამისა, შეეცადეთ, კანის გაცლიდან ნახევარი საათის შემდეგ ჩადოთ კერძში, – ასე მასში მაქსიმალურად ხდება კარდიოპროდუქტიულ თავისებურებათა აკუმულირება.

ვაშლი  20-წლიანი გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ ვაშლი არის ყველაზე ეფექტური პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს გულის დაავადებათა რისკს, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზის პერიოდში.

მწარე (შავი) შოკოლადი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ამცირებს ქოლესტერინის დონესა და არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ტვინამდე მიღწევას, იცავს არტერიულ კლაპანს ბლოკირებისგან. ყველაფერი ეს კი ფლავონოიდების დამსახურებაა – ნივთიერების, რომლითაც ასე მდიდარია შავი შოკოლადი.

გახსოვდეთ: სასარგებლოდ ითვლება მხოლოდ ის შოკოლადი, რომლის შემადგენლობაში კაკაოს მინიმუმ 70 პროცენტი შედის.
ბროწეულში შემავალი პოლიფენოლები ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინს, არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
თუ გსურთ, რომ ბროწეულმა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი სამკურნალო თვისებები, არ მიიღოთ ის სხვა ხილთან ერთად. დღიური ნორმაა – 150 მილილიტრი ახალგამოწურული წვენი უშაქროდ. შეგიძლიათ, გააზავოთ ცოტაოდენ წყალში.

ზეითუნის ზეთი ამცირებს ორგანიზმში „ცუდი“ და ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს.
1 სადილის კოვზი ზეთი შეიცავს 120 კილოკალორიას, რაც საკმაოდ ბევრია კარგი აღნაგობის შესანარჩუნებლად. ამიტომ, მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 2 სადილის კოვზს.

ავოკადო მდიდარია უჯერი ცხიმმჟავებითა და კალიუმით, რომელიც იცავს გულს ინფარქტისგან. ეს ხილი აუმჯობესებს სპეციფიკური კაროტინოიდების ათვისებას, ამცირებს გულის დაავადებათა რისკს, კუნთოვანი ქსოვილის დეგრადაციასა და მიოკარდის ალბათობას.
ავოკადო გახდომაშიც შეგიწყობთ ხელს, თუ მას ყველისა და მაიონეზის ნაცვლად გამოიყენებთ.

ლობიო და პარკოსნები არ შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, მდიდარია პროტეინებით, უჯრედისით, რკინით, კალიუმითა და ფოლიუმის მჟავით, რის წყალობითაც ისინი შეუცვლელ დიეტურ პროდუქტებად მიიჩნევა. გარდა ამისა, ისინი შეიცავენ ფლავონოიდების 8 სახეობას, რომლებიც შესანიშნავ პროფილაქტიკას უწევენ ორგანიზმს ჰიპერტონიისგან დასაცავად.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ასევე, აუცილებელია, თქვენს ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ: გოგრა, მარცვლეული (ხორბალი, ქერი, წიწიბურა, ფეტვი), სოკო და მწვანე ჩაი, რძის პროდუქტებიდან კი – ხაჭო და მაწონი.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების ყოველდღიურ მიღებას წესად შემოიღებთ, თქვენი გული დიდხანს და ერთგულად გემსახურებათ.