სასარგებლო რჩევები

როდის და როგორ მივიღოთ ანტიბიოტიკი

ანტიბიოტიკის მიღება ბოლო ათი წლის განმავლობაში საგრძნობლად გახშირდა სხვადასხვა დასახელებისა და ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე ანტიბიოტიკების გამოყენება.

გაიზარდა ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკების სპექტრიც, თუმცა მათი მოხმარება მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში და ექიმის დანიშნულებით არის მიზანშეწონილი.

გვესაუბრება ექიმი თემურ მიქელაძე:

– ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა და ჭარბმა მიღებამ შესაძლოა სხვადასხვა ორგანოს, მაგალითად, ღვიძლის, თირკმლის დაზიანება, სმენის მოშლა, ალერგია, უარეს შემთხვევაში ალერგიული შოკი გამოიწვიოს. ანტიბიოტიკების ხშირი მიღების შედეგად ყალიბდება რეზისტენტული მიკროორგანიზმები და წამლების გამოყენება, ფაქტობრივად, შედეგს არ იძლევა. გარდა ამისა, არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია არღვევს ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას.
ზოგიერთი ექიმი, თუ ინფექციაზე ოდნავი ეჭვი მაინც გაუჩნდა, მაშინვე ანტიბიოტიკებს ნიშნავს. ზოგჯერ თანმდევი ნეგატიური ეფექტი მაშინვე იჩენს თავს, ზოგჯერ – არა, მაგრამ ძლიერი პრეპარატების არარაციონალური მიღება ნელ-ნელა ანგრევს ორგანიზმის დამცავ მექანიზმს – იმუნურ სისტემას.

იმასაც გაიგონებთ, თითქოს ანტიბიოტიკები ძალიან სახიფათო იყოს ორგანიზმისთვის და მათი მიღება არ შეიძლებოდეს. რა თქმა უნდა, ეს აზრიც მცდარია.

– რა შემთხვევაშია აუცილებელი ანტიბიოტიკების დანიშვნა?

– ისეთი მწვავე ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც არის პიელონეფრიტი, ანგინა, პნევმონია; ანთების დროს, რომელიც დახურულ ღრუში ლოკალიზდება (ასეთია ოტიტი, ჰაიმორიტი, ოსტეომიელიტი, აბსცესი); სხვადასხვა ოპერაციის შემდეგ (კბილის ამოღების შემდეგაც კი). თუ, მაგალითად, ანგინით დაავადებულს ანტიბიოტიკი არ მივეცით, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ქრონიკული პროცესი, რომელიც თანდათან რევმატიზმში გადაიზრდება, ფილტვების ანთება და ჰაიმორიტი კი ქრონიკულ პნევმონიად ან ქრონიკულ ჰაიმორიტად იქცეს.

– ბოლო ხანს რეგულარულად უწევენ რეკლამას ამა თუ იმ წამალს…

– მედიის საშუალებით ძლიერმოქმედი პრეპარატების რეკლამირება არ უნდა ხდებოდეს. ამის გამო თითქმის ყოველი მეორე ავადმყოფი თვითმკურნალობას მიმართავს. არსებობს კიდევ ერთი მავნე პრაქტიკა – ფარმაცევტი თვითონ ურჩევს მომხმარებელს მედიკამენტს ან ექიმის დანიშნულებას ცვლის – ერთი ფირმის მედიკამენტის ნაცვლად მეორე ფირმისას აძლევს. სავსებით ვეთანხმები იმ აზრს, რომ თანამედროვე ფარმაცევტები შესანიშნავად იცნობენ ახალ მედიკამენტებსა და მათ მოქმედებას, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

სწორედ ამის გათვალისწინებით ინიშნება წამალიც და მისი დოზაც. ექიმის დანიშნულების გარეშე წამალს არ უნდა ვიღებდეთ, რადგან ყველა მედიკამენტს აქვს უკუჩვენება და თანმდევი ნეგატიური ეფექტი. ერთ მაგალითს მოვიყვან: ზოგიერთი ანტიბიოტიკი ძლიერ თანმდევ ნეგატიურ პროცესებს იწვევს, ამიტომ ისინი სხვა პრეპარატების თანხლებით ინიშნება. მაგალითად შეგვიძლია მოვიხმოთ ფართოდ გავრცელებული პრეპარატები “ტავეგილი” და “სუპრასტინი”.

ისინი იცავენ ორგანიზმს ალერგიისა თუ სხვა მოვლენებისგან, რომლებსაც ძლიერი ანტიბიოტიკები იწვევს. ასეთი პარალელური მედიკამენტის დანიშვნა კი მხოლოდ ექიმს შეუძლია, ისიც – ძირითადი თუ თანმხლები დაავადებების, პაციენტის ასაკის, წონისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. დასავლეთის ქვეყნებში რეცეპტის გარეშე არც ერთი მედიკამენტი არ გაიცემა, ჩვენთან კი რეცეპტები პრაქტიკულად არ მოქმედებს.

– რამდენი თვიდან შეიძლება დაენიშნოს ბავშვს ანტიბიოტიკი?

– თუ აშკარაა მიკრობული ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები, დაბადებისთანავე შეგვიძლია დავუნიშნოთ, – სეფსისისა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში ანტიბიოტიკების გარეშე ვერაფერს გავხდებით. მაგრამ უბრალო გაციებისას, თუნდაც მაღალი სიცხის შემთხვევაში, მათი დანიშვნა არ შეიძლება. კიდევ ერთი რჩევა – ექიმის გარეშე არათუ ანტიბიოტიკს, ნურც ერთ წამალს ნუ მიიღებთ!

ცნობისათვის:

მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები საუკუნეების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა კაცობრიობას. როდესაც დამტკიცდა, რომ ინფექციურ დაავადებებს ბაქტერიები იწვევს, ანტიბაქტერიული საშუალებები ჯერ კიდევ არ არსებობდა. იყენებდნენ პრეპარატებს, რომლებიც ტოქსიკური იყო და ეფექტიც არც ისე ძლიერი ჰქონდა. მხოლოდ გასული საუკუნის 30-იან წლებში მოხდა სულფანილამიდური პრეპარატების სინთეზი, ათი წლის შემდეგ კი ანტიბიოტიკებიც გაჩნდა. ამ პრეპარატებმა მედიცინაში გადატრიალება მოახდინა და ექიმებს ინფექციურ დაავადებათა დამარცხების საშუალება მისცა.

სხვათა შორის, 1928 წელს ალექსანდრე ფლემინგმა, რომელმაც მთელი ცხოვრება ბაქტერიული ინფექციების კვლევას მიუძღვნა, შემთხვევით აღმოაჩინა ნივთიერება პენიცილიუმი. მან შეამჩნია, რომ ობის ყველა ლაქის ირგვლივ არის სივრცე, სადაც აღარ არიან ბაქტერიები. აქედან მეცნიერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვეულებრივი ობი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც ბაქტერიებს ხოცავს.  შემდეგ კი მან გამოყო მოლეკულა, რომელსაც დღემდე “პენიცილინის” სახელით ვიცნობთ.

1938 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჰოვარდ ფლორიმ და ერნეტ ჩეინმა პენიცილინის სუფთა ფორმა მიიღეს. პენიცილინის გაჩენამ ათასობით ადამიანი გადაარჩინა, მეორე მსოფლიო ომის დროს ეს პირველი ანტიბიოტიკი ოქროზე ძვირფასი იყო.