დაავადებები, ინფექციური დაავადებები

ქუნთრუშა

https://lh5.googleusercontent.com/-H9NiUaV_-q4/T0uyljQvk0I/AAAAAAAACGU/doAv1_20beA/s200/images%2520%25281%2529.jpgქუნთრუშა არის მწვავე ინფექციური დაავადება, მისი ძირითადი გამომწვევია A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელიც გამოყოფს პათოგენურ ფაქტორებს: ეგზოტოქსინს, სტრეპტოლიზინს, ჰიალურონიდაზას, სტრეპტოკინაზას და სხვა.

ისევე, როგორც სხვა სტრეპტოკოკური წარმოშობის დაავადებები, ქუნთრუშაც ცვლის ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას და ქმნის საფუძველს იმუნოკომპლექსური პათოლოგიის ჩამოყალიბებისთვის.

ქუნთრუშა ხშირად უკავშირდება სტრეპტოკოკურ ფარინგიტს. ინფექციის გადაცემის გზა ჰაერ-წვეთოვანია, მისი გამომწვევი სტრეპტოკოკი გარემოში მდგრადია, ამიტომ სავსებით შესაძლებელია დაავადების გადაცემა მესამე პირის ანუ ბაცილამტარებლის მეშვეობით და ავადმყოფის ნივთებით. თუმცა ინფექციის გავრცელების მთავარი წყარო არის დაავადებული ადამიანი დაავადების პირველ მე7-8 დღეზე.  ქუნთრუშას ინკუბაციური პერიოდია 1-7 დღე.

ქუნთრუშა მოზრდილებში იშვიათად გვხვდება. ძირითადად ავად ხდებიან 3-15 წლამდე ბავშვები. სიცოცხლის პირველ თვეებში და ძუძუთი კვების პერიოდში დაავადება თითქმის არ გვხვდება, დედისაგან მიღებული ანტიტოქსინური იმუნიტეტის გამო. მისი ხელშემწყობი ფაქტორია დაბალი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და ბავშვთა მოვლის დაბალი დონე.

ინფექციის შეჭრის ჭიშკარს წარმოადგენს ნუშურა ჯირკვლები, ზედა სასუნთქი გზები და იშვიათად დაზიანებული კანი (ჭრილობის ან დამწვრობის დროს).

ქუნთრუშას პათოგენეზში აღინიშნება 3 ძირითადი მიმართულება:

  • ტოქსინური;
  • ალერგიული;
  • სეპტიური.

შეჭრის ადგილას სტრეპტოკოკი ფიქსირდება და იწყებს გამრავლებას.

ადგილობრივად ვითარდება ანთებადი პროცესი, რომელი გადადის რეგიონალურ ლიმფურ ჯირკვლებში, სისხლში, შესაბამისად ვითარდება ქუნთრუშასთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები:

  • ყელის ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • შემცივნება და მიალგია (კუნთების ტკივილი);
  • გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, რომელიც შესაძლოა წინ უსწრებდეს გამონაყარს;
  • ტემპერატურა იმატებს 40 გრადუსამდე;
  • აღინიშნება ფარინგიტი (ხახის ლორწოვანი გარსის ანთება), რომელიც ხასიათდება ლორწოვანის ჰიპერემიით (ადგილობრივი სისხლსავსეობა) და ტონზილების ჰიპერპლაზიით (უჯრედოვანი ელემენტების ჭარბი წარმოქმნა);
  • მაგარ და რბილ სასაზე და ნაქზე აღინიშნება პეტექიები ანუ წინწკლოვანი სისხლჩაქცევები;
  •  ფარინგიტის ნიშნების გამოვლენიდან 1-2 დღის შემდეგ ჩნდება მაკულოპაპულური ანუ ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი ერითემატოზულ (სისხლძარღვთა გაფართოების შედეგად განვითარებული კანის სიწითლე) კანზე ჯერ იღლიების და კისრის მიდამოში, 24 საათის შემდეგ კი – მთელს სხეულზე.
  • გამონაყარი თითის დაჭერისას უფერულდება;
  • გამონაყარიდან 7-10 დღის შემდეგ ვითარდება აქერცვლა, რომელიც შესაძლოა 6 კვირამდე გაგრძელდეს;
  • ზოგჯერ აღინიშნება ჰიპერპიგმენტური ლაქები იღლიების, მუხლქვეშა ფოსოს, იდაყვის ქვეშა ფოსოს და საზარდულის მიდამოში, რომელიც ხელის დაჭერისას არ უფერულდება;
  • შუბლი და ლოყები ჰიპერემიულია;
  • ცხვირ-ტუჩის მიდამო ფერმკრთალია;
  • ენა მშრალია, შელესილი და ჟოლოს შესახედაობა აქვს;
  • 1-2 დღის მანძილზე ენას ფარავს მოთეთრო ნადები;
  • შესაძლოა ქუნთრუშა მიმდინარეობდეს გაძლიერებული თმის ცვენით.

https://lh4.googleusercontent.com/-K2IeGlPhsh8/T0uzJTx7LlI/AAAAAAAACGc/ArVVL8WHelA/s200/skarlatina.jpg ქუნთრუშა კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით იყოფა სამ ფორმად:

  1. მსუბუქი – ანგინა კატარალური ხასიათისაა, ტემპერატურა 39 გრადუსს არ აღემატება, გამონაყარი მცირე და ერთეულია. კლინიკური გამოვლინებები 4-5 დღეს გრძელდება.
  2. საშუალო სიმძიმის – ანგინა ლაკუნარულ ფოლიკულურია, ტემპერატურა 39 გრადუსზე ზევით იწევს. კლინიკური გამოვლინებები 7-8 დღეს გრძელდება.
  3. მძიმე ფორმა – აღინიშნება მაღალი ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე, ღებინება, ფაღარათი, გონების დაბინდვა, კრუნჩხვები, ბოდვა, მენინგეალური მოვლენები. კანი მოლურჯო ელფერისაა. ხახაში, ნუშურებში და რეგიონალურ ლიმფურ ჯირკვლებში აღინიშნება ჩირქოვანი ანთება.

ქუნთრუშას დიაგნოზი ისმება კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე, რომელიც ემყარება დაავადებისთვის დამახასიათებელი ტრიადის არსებობას: ინტოქსიკაცია, გამონაყარი – შემდგომი აქერცვლით და ანგინა. ასევე ტარდება სწრაფი სტრეპტოკოკური ტესტი, იკვლევენ სისხლს სტრეპტოკოკის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოსაჩენად, ხშირად მიმართავენ ყელის კულტურის გამოკვლევას.

მკურნალობის ტაქტიკას საზღვრავს ექიმი ავადმყოფის საერთო მდგომარეობის და გართულებების გათვალისწინებით. მკურნალობა ძირითადად ტარდება ბინაზე, ხოლო, ჰოსპიტალიზაცია ხდება გართულებულ შემთხვევებში.