დაავადებები, დერმატო–ვენეროლოგია

აივ ინფექცია ანუ შიდსი

აივ ინფექცია ანუ შიდსიაივ –  ადამიანის  იმუნოდეფიციტის  ვირუსია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს იმუნურ (დამცველ) სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი, რის შედეგად ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით.

შიდსი –  შეძენელი  იმუნოდეფიციტის  სინდრომი – აივ-ით გამოწვეული, ნელა პროგრესირებადი დაავადებაა. ეს არის დაავადებების კომპლექსი, რომელიც უვითარდება აივ ინფიცირებულ ადამიანს დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე.

აივ ინფექცია ეწოდება პერიოდს (დაავადებას) ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით  შიდსი, აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება გარკვეული კლინიკური ნიშნები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.

აივ ინფიცირების მომენტიდან შესაძლებელია 8 – 11 წელი გავიდეს, სანამ შიდსის სტადიისათვის დამახასიათებელი ნიშნები განვითარდება.

ამ დროის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებებზე, აგრეთვე, ადამიანის ცხოვრების წესზე. უარყოფითად მოქმედებს ნარკოტიკები, თამბაქო, არასრულფასოვანი კვება და სტრესი.

აივ-ის წარმოშობის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ შიდსის გამომწვევი ვირუსი არ არის ახალი – იგი ხანგრძლივად არსებობდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ გლობალურად გავრცელდა მხოლოდ უკანასკნელ წლებში.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მაიმუნების ზოგიერთ სახეობაში (მწვანე მაიმუნები, მაკაკები) ხანგრძლივი დროის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული  შიდსის ვირუსის წინამორბედი, რომელიც არ იყო პათოგენური ადამიანებისათვის.

შემდგომში მუტაციის ან/და სხვა ფაქტორების შედეგად, მაიმუნებში ვირუსმა გადალახა სახეობრივი ბარიერი და გავცელდა ადამიანებში. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნულ მაიმუნებში აღმოჩენილია ე.წ. მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსი (მივ), რომელიც მათში იწვევს შიდსის მსგავს დაავადებას. გარდა ამისა, ადამიანისა და მაიმუნისგან გამოყოფილი ვირუსები საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს გენეტიკური თვისებებით

აივ ინფექციის გადაცემის გზებია:

  • აივ ინფიცირებულთან სქესობრივი კონტაქტით, როგორვ ჰეტეროსექსუალური, ისე ჰომოსექსუალური კონტაქტით (ვაგინალური, ანალური, ორალური);
  • ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით, ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს;
  • არასტერილური (აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული) შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • აივ ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობის და ძუძუთი კვების დროს.
  • აივ ინფექცია გადამდებია ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე.

აივ არ გადაეცემა:

  • დაუზიანებელი კანით, რომელიც ეფექტურ ბარიერს წარმოადგენს;
  • ჰაერ-წვეთოვანი გზით და ნერწყვით. შესაბამისად არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან საუბარი; ვირუსი არ გადაეცემა დახველებით, ცხვირის ცემინებით ან კოცნით;
  • საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტით და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მგზავრობა ტრანსპორტით;
  • მწერებისა და ცხოველების საშუალებით.

აივ ინფექცია ანუ შიდსიაივ ინფიცირებული ადამიანი სოციალური და საყოფაცხოვრებო კონტაქტების ფარგლებში საზოგადოების ჯანმრთელობას არ უქმნის საფრთხეს.

სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეასე ადამიანი მსოფლიოში  ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მატარებელია, ამ პირების  უმრავლესობამ არ იცის რომ აივ-ის მატარებელია.
ამჟამად მსოფლიოში 40,3 მილიონ ადამიანზე მეტი აივ ინიფიცრებული ადამიანი ცხოვრობს.

საერთაშორისო გამოცდილებით, მხოლოდ აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი მის წინააღმდეგ წარმატებით ბრძოლა, ხოლო სრულმასშტაბიანი ეპიდემიის შემთხვევაში მისი ლოკალიზება ძალიან რთულია.

მართალია, შიდსისგან განკურნება შეუძლებელია, მაგრამ დღეისათვის არსებობს სამედიცინო პრეპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს აივ ინფექციის შიდსის სტადიაში გადასვლის პროცესს და უხანგრძლივებს ავადმყოფს სიცოცხლეს.

კომბინირებული ანტივირუსული თერაპია  ამცირებს შიდსთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების სიხშირეს,  აუმჯობესებს შრომისუნარიანობას და მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამიტომ მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც მიმართეთ ექიმს, რათა დროულად დადგინდეს დაავადება.