სასარგებლო რჩევები

ქრონიკული, არაკალკულოზური (უკენჭო) ქოლეცისტიტი

ქოლეცისტიტიქრონიკული, არაკალკულოზური ანუ უკენჭო ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებაა, რომელსაც გამწვავებებისა (დაავადება მკვეთრადაა გამოვლენილი) და რემისიის (დაავადება არ ვლინდება) პერიოდების მონაცვლეობა ახასიათებს. ეს დაავადება საქართველოში მეტად გავრცელებულია და ალბათ, კვების თავისებურებებს უკავშირდება.

მართლაც, ქრონიკული ქოლეცისტიტის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრების წესს ენიჭება:

კვების რაციონში ცხოველური ცხიმის, ნახშირწყლების სიჭარბე; დადგენილია ფიზიკური და ფსიქოემოციური გადაძაბვის როლი დაავადების გამწვავებაში; ნაღვლის ბუშტიდან და სანაღვლე გზებიდან ნაღვლის ევაკუაციაზე უარყოფითად მოქმედებს ჰიპოკინეზია (ქვემოთ განვმარტავთ); ქრონიკული ქოლეცისტიტის მიმდინარეობაზე ასევე უარყოფით გავლენას თამბაქო, სპირტიანი სასმელები და ლუდი ახდენს. ნიკოტინი და ალკოჰოლი ნაღვლის ბუშტის მოტორულ ფუნქციას არღვევს, რასაც ნაღვლის შეგუბება მოჰყვება; დაავადებას ხელს უწყობს გარკვეული გენეტიკური ფონიც. კერძოდ, მემკვიდრეობაში არსებული ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების სხვადასხვა პათოლოგია; დადგენილია კავშირი ორგანიზმის სხვა სისტემებში არსებულ, ქრონიკული ანთების კერებთან.

ქალები უფრო ხშირად ავადდებიან:

ის ფაქტი, რომ ქალებში ქოლეცისტიტი 6-8 ჯერ უფრო ხშირია, ნაწილობრივ შეიძლება იმ მიზეზით აიხსნას, რომ მამაკაცებს “მუცლის ტიპის” სუნთქვა ახასიათებთ, რაც დიაფრაგმისა და მუცლის კუნთების შეკუმშვით არის განპირობებული. იქმნება ნაღვლის გადადენის ხელის შემწყობი, ბუნებრივი მასაჟის პირობები. ქალებს ძირითადად “მკერდის ტიპის” სუნთქვა ახასიათებთ, რის გამოც მათთვის დღეში რამდენჯერმე სუნთქვითი ვარჯიშია მიზანშეწონილი: ღრმად ჩასუნთქვისას მუცლის ძლიერი გამოდრეკა გარეთ, ხოლო ამოსუნთქვისას – მუცლის ძლიერი შეზნექა შიგნით.

რა აწუხებს დაავადებულს:

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ხშირად, ქოლეცისტიტის დროს, თანდართული დაავადების სახით დისკინეზია ანუ ნაღვლის ბუშტის მოტორიკის (შეკუმშვის უნარის გაძლიერება ან შესუსტება) მოშლა გვხვდება. მეორე მხრივ კი, დიდი ხნის განმავლობაში ძირითადი დაავადების სახით არსებულ დისკინეზიას, ადრე თუ გვიან, ანთებითი პროცესი ერთვის და შერეული ხასიათის კლინიკური სურათი ყალიბდება.

ქრონიკულ ქოლეცისტიტზე ჰიპოტონიური ტიპის დისკინეზიების (ნაღვლის ბუშტის მოტორიკის შესუსტება) თანდართვისას “შეგუბებითი ნაღვლის ბუშტის”  სიმპტომები აღინიშნება:

პირში მწარე გემო, ბოყინი, გულისრევა (შესაძლოა პირღებინება ნაღვლის მინარევით), ყრუ ხასიათის მუდმივი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც პირღებინების ან საკვების მიღების შემდეგ (ნაღვლის ბუშტის დაცლის გამო) რამდენადმე მცირდება. ჰიპერტონიული ფუნქციური დარღვევის (ნაღვლის ბუშტის მოტორიკის გაძლიერება) შემთხვევაში კლინიკური სურათი განსხვავებულია. მარჯვენა ფერდის ქვეშ ტკივილის ხანმოკლე შეტევა ვითარდება, რომელიც წამლების გარეშეც სწრაფად ქრება. ავადმყოფი ხშირად ამ შეტევას დიეტის დარღვევას ან ემოციურ გადატვირთვას უკავშირებს. ამ დროს ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეზე ხელით ზეწოლისას მკვეთრი ტკივილი აღინიშნება.

როგორ ხდება დიაგნოზის დაზუსტება:

ქრონიკულ ქოლეცისტიტზე ეჭვის მიტანა ავადმყოფის ჩივილებით ხდება. ექიმი სპეციფიკური სიმპტომების გამოვლინებას გასინჯვით ახდენს. დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლინება ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური, რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევით ხდება.

თავიდან ავიცილოთ გამწვავებები ანუ დიეტა რემისიის პერიოდში:

მიზანშეწონილია საკვების ხშირი მიღება. დღეში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებით, მკაცრად ფიქსირებულ საათებში.

მშრალი საკვები და სწრაფად მირთმეული კერძი საჭმლის მონელების პროცესს არღვევს. კერძოდ, თორმეტგოჯა ნაწლავში კუჭიდან ჩამოსული საჭმლის ულუფები არასაკმარისადაა კუჭის წვენით გაჟღენთილი, რომელიც ნაღვლის წვენის გამოყოფის ერთ-ერთი ძირითადი სტიმულატორია. ამიტომ, ნაღველი არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა, რასაც საკვების არასრული შეთვისება მოსდევს.

ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკვებში ცხოველური და მცენარეული ცილების ზომიერი რაოდენობა აუცილებელია. რაციონში უნდა ჩაირთოს კარტოფილი, სტაფილო, კიტრი, ჭარხალი, ყაბაყი, კომბოსტო, ბადრიჯანი, პომიდორი, ტკბილი ხილი, კენკროვანი. ჩამოთვლილ მცენარეთა უჯრედისი ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას ხელს უწყობს. ბოსტნეულის ნაღვლმდენ ეფექტს მცენარეული ზეთი აძლიერებს, რომელიც უმჯობესია, მზა საჭმელს დაემატოს და არ შეცხელდეს, რომ ცხიმმა სამკურნალო თვისებები არ დაკარგოს. მიზანშეწონილია, ყოველდღიურ რაციონში 30-50 გრამი მცენარეული ცხიმი შედიოდეს. მისი რაოდენობა კალკულოზური (კენჭოვანი) ქოლეცისტიტის შემთხვევაში 20-30 გრამამდე იკლებს.

ცხარე და მწარე საკვები იკრძალება. ცხოველური ცხიმებიდან შეიძლება მხოლოდ კარაქი, დღეში 15-20 გრამის ოდენობით. რეკომენდებულია დღიურად 50-70 გრამი შაქარი; 10 გრამი მარილი. კვერცხი სასურველია კვირაში 3-4-ჯერ, ომლეტის სახით ან მაგრად მოხარშული მიირთვათ, ხოლო გამწვავების პერიოდში ან ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს მხოლოდ ორთქლზე მომზადებული, ცილის ომლეტია დასაშვები.

უმჯობესია მიირთვათ გამომშრალი, თეთრი პური. რემისიის პერიოდში შეიძლება გამომშრალი, შავი პურის მიღებაც. ასევე შეიძლება წინასწარ მოხარშული და შემდგომ ოდნავ შემწვარი ხორცი.

დიეტა გამწვავების პერიოდში:

დაავადების გამწვავების პერიოდში დიეტა ცხიმებისა და ცილის შეზღუდვას ითვალისწინებს.A ამ დროს რეკომენდებულია ჩაი, წყალზე დამზადებული ბრინჯისა და მანანის ბურღულის ფაფები, თეთრი, გამომშრალი ორცხობილა. 3-4 დღის შემდეგ დიეტა ფართოვდება. რაციონს შეიძლება მოხარშული ხილი (კომპოტი, ვაშლის პიურე), გახეხილი ბოსტნეული, მაწონი, ბოსტნეულის წვნიანი, მცირე რაოდენობის რძიანი ჩაი დაემატოს. ამ დროს მიზანშეწონილია ცივი საჭმელი, ნაყინი, ცივი სასმელები.

კატეგორიულად აკრძალულია:

შებოლილი საკვები, ცხიმიანი საქონლის ხორცი, ტვინი, თირკმლები, ღვიძლი, ღორისა და ცხვრის ხორცი, იხვი, ბატი, ცხოველური ცხიმები (გამონაკლისია კარაქი), კონსერვები, ლობიო და პარკოსნები, სანელებლები, მჟაუნა, მჟავეული, მხალეული, ხახვი, ნიორი, ნაზუქი, ტორტი, კრემიანი ღვეზელი, “ბლინი”, შოკოლადი, კაკაო.

ნაღვლმდენი მცენარეული საშუალებები:

ქრონიკული არაკალკულოზური (უკენჭო) ქოლეცისტიტის გამწვავების პერიოდში ნაღვლმდენი თვისებების გამო, დღეში 2-3 ჯერ, 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთის დალევა სასარგებლოა. ასევე კარგია უკვდავას, ცირცველის, ასკილის, სიმინდის ულვაშის ნაყენის მიღება. ნაყენის დასამზადებლად მცენარის ნაყოფს 2 ჩაის ჭიქა ქაფქაფა, მდუღარე წყალი ემატება, ადუღებთ 5-7 წუთი, შემდეგ თავდახურულ ჭურჭელში 10-12 საათის განმავლობაში ტოვებთ. ნაყენი უნდა გაიწუროს და დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით მიიღოთ.

ყრუ გამორეცხვა:

ნაღვლის ბუშტის დაცლა უზონდო გამორეცხვითაც (გამორეცხვები კატეგორიულად იკრძალება ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს) შეიძლება, რასაც ხალხი ნაღვლის ბუშტის ყრუ გამორეცხვას უწოდებს. ამისათვის მინერალური წყალი გამოიყენება, რომლის ზემოქმედებითაც ნაღველი თხელდება, ნაკლებად წებოვანი ხდება, რაც ბუშტის მოტორული ფუნქციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

ნაღვლის ბუშტის ყრუ გამორეცხვის პროცედურა შემდეგნაირად უნდა ჩატარდეს:

გაზგასული, წინასწარ, 45-55 გრადუსამდე შემთბარი, 0,5 ლიტრის ოდენობის მინერალური წყალი 10-15 წუთის განმავლობაში ყლუპებად უნდა დალიოთ. შემდეგ ავადმყოფი 30-40 წუთის განმავლობაში მარჯვენა გვერდზე წვება, ხოლო ბუშტის საპროექციო ადგილზე სათბურას ათავსებს. პროცედურა 7-10 დღეში ერთხელ ინიშნება. ნაღვლისდენის გაძლიერების მიზნით, ერთ ჩ/ჭ მინერალურ წყალს შეიძლება დაემატოს 0,5 ჩ/კ გოგირდმჟავა მაგნეზია ან რომელიმე მარილი, ექიმის რეკომენდაციით.

მედიკამენტები: მედიკამენტური მკურნალობა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა წარმოებდეს.