პროსტატიტი
პროსტატიტი არის წინამდებარე ჯირკვლის ანთება, რომელიც მკურნალობის გარეშე იმპოტენციის ან უნაყოფობის მიზეზად იქცევა ხოლმე.
დაავადება იწყება 16-17 წლის ასაკიდან, ანუ სპერმატოგენეზის ჩამოყალიბების შემდეგ 50 წლამდე ასაკის მამაკაცებში.
არსებობს პროსტატიტის გამომწვევი უამრავი რისკ-ფაქტორები:
- ალკოჰოლის ან ნიკოტინის ჭარბი მოხმარება;
- მიკროცირკულაციის მოშლა – რაც უმეტესად მენჯის ვენებში სისხლის სტაზის (შეგუბების) შედეგია;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევები;
- ალერგიული ფონი;
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი და სხვა – მათი არასწორი მკურნალობისას ვითარდება პროსტატიტი;
- ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება;
- ქვედა კიდურების გაციება წყალში დგომის ან გადაძაბვის შედეგად.
პროსტატიტის დროს ხშირად ვითარდება ახლომდებარე ორგანოების ანთებაც, რის გამოც ადგილი აქვს კომბინირებულ ანთებით პროცესებს:
- პროსტატოვეზიკულიტი ანუ პრისტატიტი და სათესლე ბუშტუკების ანთება;
- პროსტატოურეთრიტი ანუ პროსტატიტი და შარდსადენი მილის ანთება;
- პროსტატოეპიდიდიმიტი ანუ პროსტატიტი და სათესლე ჯირკვლის დანამატების ანთება;
- პროსტატოცისტიტი.
აქედან გამომდინარე, პროსტატიტის კლინიკური ნიშნები ძალიან ფართო დიაპაზონს მოიცავს. არსებობს სიმპტომები, რომლის გამოც პაციენტები ყველაზე ხშირად აკითხავენ ექიმს, ისინი იყოფა რამოდენიმე ჯგუფად:
ტკივილი წინამდებარე ჯირკვლის ან მენჯის არეში;
მოშარდვის აქტთან დაკავშირებული სიმპტომები:
- გახშირებული შარდვა;
- გაძნელებული შარდვა;
- მტკივნეული შარდვა;
- წვა მოშარდვისას;
- ქავილის შეგრძნება შარდსადენ მილში;
- მოშარდვის ცრუ სურვილი;
- დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ;
- ტკივილი ურეთრაში;
- გამონადენი ურეთრიდან – კუჭში გასვლის ან გაჭინთვისას ურეთრიდან ლორწოს სახით გამოდის პროსტატის წვენი.
სქესობრივ დისკომფორტთან დაკავშირებული სიმპტომები:
- იმპოტენცია ანუ ნებისმიერი სახის სქესობრივი უძლურება;
- ლიბიდოს ანუ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;
- უნაყოფობა;
- ნაადრევი ან გახანგრძლივებული ეაკულაციის ნიშნები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაავადება ხშირად იმდენად ფარულად და თანდათანობით მიმდინარეობს, რომ ავადმყოფი ვერაფერს ამჩნევს და ჩვეულ მდგომარეობად მიაჩნია.
პროსტატიტი იყოფა ფორმებად:
- მწვავე;
- ქვემწვავე;
- ქრონიკული – ის შემთხვევათა 90%-ში გვხვდება.
პროსტატიტის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:
- ანამნეზი;
- ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
პროსტატიტი ხშირად რთულდება იმპოტენციით ან უნაყოფობით, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
პროსტატიტზე ეჭვის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.